ფაშინიანი: ალიევთან შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა

“შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა”, – ეს იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ერთადერთი კომენტარი ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც მან ჟურნალისტებს მანქანაში ჩაჯდომამდე განუცხადა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სამსაათიანი პირისპირი შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქში დღეს, 29 მარტს გაიმართა. საუბრის დეტალები მედიისთვის უცნობია.

პირისპირ შეხვედრის გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად შეხვდნენ.

შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის უკვე მეოთხედ გაიმართა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი