დეზინფორმაცია “აფხაზეთში სომხების გამოცხადებულ ავტონომიაზე”

საინფორმაციო სააგენტოებისა და ფეისბუკ-გვერდების მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული ცნობები, თითქოს “სომხებმა აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს”, არ დასტურდება.

ეს ინფორმაცია ქართულ ენაზე ბოლოს არაერთმა გამოცემამ 10 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა  მსგავსი ცნობები ქართულ ენაზე ჯერ კიდევ 2016 წლის მაისიდან გამოჩნდა.

ეს ცნობა პირველად ინტერნეტ-სივრცეში, სავარაუდოდ, გამოცემა კავკაზპლუსმა გაავრცელა, რომელმაც 2016 წლის 16 მაისს გამოაქვეყნა ახალი ამბავი, სათაურით: “კრუნკმა” აფხაზეთში “სომხეთის ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნა” გამოაცხადა”. თუმცა ტექსტის მიხედვით, ეს იყო ინიციატივა, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ორ წევრს გადასცეს შემდგომი განხილვებისთვის.

ტექსტის დასაწყისშივე ნათქვამი იყო,  რომ “ამის შესახებ საუბარია ქართულ მედიაში გავრცელებულ განცხადებებში”, თუმცა არ იყო მითითებული არც რომელიმე მედიაგამოცემა, ვინც ამ ტექსტს ავრცელებდა, ან ასეთი განცხადების ბმული.

რა წერია ტექსტში?

კავკაზპლუსის 2016 წელს გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ “ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს შიდა და საგარეო ვაჭრობის საკითხებზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, შიდა პოლიტიკური შეთანხმებების დამოუკიდებლად მიღება, თვითმყოფადობის შენარჩუნება, ენის, განათლებისა და ეროვნული კულტურის განვითარება”. ამასთან, მასალის მიხედვით, “კრუნკი” წერდა, რომ “სომხები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ “ქართული ფაშიზმის” წინააღმდეგ ბრძოლაში” აფხაზეთის ომში და ა.შ. ტექსტის თანახმადვე, “კრუნკი” სოხუმისგან ითხოვს ავტონომიას გულრიფშში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში.

ვინ ავრცელებს?

2016 წლიდან ეს ცნობები დროდადრო იჩენს ხოლმე თავს ფეისბუკის გვერდებზე, რომლებიც შემჩნეული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში. ასე მაგალითად, 2017 წლის აგვისტოში ეს ინფორმაცია ფეისბუკზე გაავრცელა გვერდმა “იბერიულმა ერთობამ”; სწორედ ამ გვერდს დაეყრდნენ 2019 წლის 10 მარტს გამოცემები, ინფო 9 და რეზონანსი. დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთში მუსლიმმა მიგრანტებმა ქრისტეს ქანდაკება შეურაცხყვეს, 2018 წელს სწორედ ამ გვერდმა გაავრცელა.

“იბერიული ერთობის” აღნიშნულ პოსტს 3 900-მდე გაზიარება აქვს. ის, თავის მხრივ, ეყრდნობოდა გვერდს, სახელად “ჩემი ბრძოლა” [ამავე სახელწოდების არის ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომი]. ამ დროისათვის “ჩემი ბრძოლის” გვერდზე ეს პოსტი არ იძებნება.

აღნიშნული ტექსტის კავკაზპლუსში გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე, 2016 წლის 17 მაისს, აზერბაიჯანულ “ინტერფაქსში” გამოჩნდა მასალა, რომლის თანახმადაც, “საქართველოში აზერბაიჯანელი საზოგადოება პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს სომხური სეპარატიზმის შესაჩერებლად”.

მიმართვას, საიტის თანახმად, ხელს აწერენ “არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს აზერბაიჯანელი საზოგადოების წარმომადგენლები”. საიტზე გამოქვეყნებულ სქრინშოტზე ხელმოწერებში ჩანს პარლამენტარის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აზერ სულეიმანოვის ხელმოწერა. წერილი 15 მაისით თარიღდება.

სქრინშოთი. წყარო: Interfax

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი “ეხო კავკაზა”, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს აშუქებს, 2016 წლის მაისის ბოლოს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ეჭვქვეშ აყენებს ასეთი წერილის არსებობას. მათი ინფორმაციით, ორგანიზაცია “კრუნკი” ნამდვილად არსებობდა აფხაზეთში ჯერ კიდევ პერესტროიკის დროიდან, თუმცა მას შემდეგ, რაც “აფხაზეთის სომეხთა სათვისტომო” ჩამოყალიბდა, “კრუნკი” მისი ნაწილი გახდა და დამოუკიდებლად აღარ არსებობს; “კრუნკის” აქტივობები მართლაც არ ფიქსირდება არც მანამდე, არც ამ ცნობების გავრცელების შემდეგ.

კავკაზპლუსისა და შემდეგ ქართულად გადათარგმნილ ტექსტებში ასევე ეწერა, რომ “სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნის შესახებ კანონპროექტი სომეხ დეპუტატებს, ლ.გალუსტიანსა და რ. იალიანს გადაეცემათ, რათა ის შემდგომში აფხაზეთის პარლამენტმა განიხილოს”.

თუმცა გალუსტიანმაც და იალინმაც, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მაშინდელმა წევრებმა, ამ ცნობებს პროვოკაცია უწოდეს. ეს საკითხი დე ფაქტო პარლამენტში არ განხილულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com