ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზურაბიშვილი ალიევს: ერთად განვიცდით ოკუპაციას

27 თებერვალი, 2019 • 2330
ზურაბიშვილი ალიევს: ერთად განვიცდით ოკუპაციას

ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის დროს,  სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და აზერბაიჯანის ისტორიულ წარსულზე ისაუბრა:

,,ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად.
100 წლის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება.

ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა  და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი. ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ, ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით, გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფოები დ ვავითარებთ ეკონომიკას, რათა ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტის დროს გაავრცელა.


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი