ახალი ამბები

ზურაბიშვილი ნინოწმინდელ სომხებს: სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ – არა

3 ოქტომბერი, 2018 • 43496
ზურაბიშვილი ნინოწმინდელ სომხებს: სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ – არა

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შევედრისას ქსენოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა და უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრაზე მყოფ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

მისი ნინოწმინდაში გამოსვლის აუდიოჩანაწერი ადგილობრივმა რადიო NOR-მა გაავრცელა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კონტექსტში ისაუბრა საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესის შეცვლის შესახებაც.

“ვიცი, რომ მთელ ევროპაში არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა იყოს ოფიციალურად აღიარებული ან ნებადართული. ამიტომ, ახლა, ამ წელს, კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში არ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა. ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ამას არეგულირებს და უკვე შესულია ძალაში. ამიტომ უკვე შეგიძლიათ განცხადება შეიტანოთ არა გამონაკლისის წესით, არამედ ჩვეულებრივი წესით ორმაგი მოქალაქობის მიღებაზე”.

სალომე ზურაბიშვილის თურქოფობიური განცხადების პათოსს იზიარებს “ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი, რომელმაც თქვა:

“ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოს მოქალაქე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა საქართველოს მოქალაქე და ამაზე არავის არ უთქვამს  ახსნა, თუ რატომ მოხდა ასეთი მასიური დარიგება საქართველოს მოქალაქეობის. ალბათ, სწორედ ეს იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა და მეტი არაფერი”.

რაც შეეხება უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, დიმიტრი ცქიტიშვილს, მას არ ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს ეთნიკური შუღლის გაღვივების განწყობა აქვს.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენირაძე კი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის თურქოფობიური განცხადება სახიფათოა.

“ძალიან სახიფათოა ასეთი განცხადება, რადგან ეს აღვივებს თურქოფობიას. მისი განცხადება თურქებს წარმოაჩენს როგორც საფრთხეს და ეს არის ცალსახად ქსენიფობიური. გარდა ამისა, ორმაგად საზიანოა, როდესაც მსგავსი განცხადება კეთდება იმ ეთნიკურ ჯგუფთან სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც აქვს გარკვეული ტკივილიანი კავშირები თურქეთამდე არსებულ ოსმალეთის იმპერიასთან. მსგავსი გამოხატვა ჯდება კანონის ფარგლებში, თუმცა ძალიან დამაზიანებელია”, – უთხრა გიორგი მშვენიერაძემ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, სიძულვილის გაღვივებაა, როდესაც მინიშნებას აკეთებ, რომ ვიღაცისთვის მოქალაქეობის მინიჭება ცუდია და ვიღაცისთვის არა.

“როდესაც ვსაუბრობთ მოქალაქეობის მინიჭებაზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურობას. აქ გადამწყვეტი უნდა იყოს კანონიერი საფუძვლები – კავშირები საქართველოსთან, ქართული ენის ცოდნა და ა.შ.”, – დასძენს მშვენიერაძე, რომელიც სახიფათოს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას.

ოპონენტების ლანძღვას არ ვპასუხობ – ზურაბიშვილი თურქებთან დაკავშირებულ განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი