ახალი ამბები

საგანგაშო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა საქართველოს სკოლებში — ანგარიში

7 სექტემბერი, 2018 • 5439
საგანგაშო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა საქართველოს სკოლებში — ანგარიში

გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO/ჯანმო) ერთობლივად მომზადებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში გამოკვლეული სკოლების მხოლოდ 12% აკმაყოფილებს ჰიგიენის საბაზისო ნორმებს, სკოლების მეოთხედზე მეტს (26%) სანიტარული ნორმები საერთოდ არ აქვს დაცული, 10%-ს კი სასმელ წყალზე საერთოდ არ მიუწვდება ხელი.

UNICEF და ჯანმო ამ ანგარიშში მიმოიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში უსაფრთხო წყლისა და სანიტარიულ–ჰიგიენური პირობების სათანადო ხელმისაწვდომობას. კვლევაში წყალსა და სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე სათანადო ხელმისაწვდომობა სამ-სამ კატეგორიად არის დახარისხებული: დამაკმაყოფილებლად, შეზღუდულად, და არარსებულად. 

ანგარიშის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ მოცემული რიცხვები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ამ ქვეყნების ოფიციალურ სტატისტიკას. რიცხვები, რაც მათ აქვთ გამოყენებული, ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც განათლების მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების — ოფიციალურ სახელმწიფო უწყებების — კვლევებიდან აქვთ აღებული, ან მეორადი, არაოფიციალური წყაროებიდან. 

გთავაზობთ ანგარიშის საქართველოს სექციის შეჯამებას, — WHO/UNICEF-ის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოს სკოლებში მოსწავლეებისთვის სასმელი წყალი და როგორაა სანიტარული წესები და ჰიგიენური მოთხოვნები დაცული.

ჰიგიენა

ანგარიშის თანახმად, აღწერილი სკოლების მხოლოდ 12%-შია ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელი, ანუ ხელსაბანი ობიექტები წყლითა და საპნით მხოლოდ ამ სკოლებში აქვთ მოსწავლეებს.

შეზღუდული ჰიგიენური მდგომარეობა სკოლათა 61%-შია — ამ სკოლებში კი არსებობს ხელსაბანი ობიექტები, თუმცა გამოკვლევის დროს არ იყო საპონი.

გამოკვლეულ სკოლათა 27%-ში საერთოდ არ არსებობს ხელსაბანი ან სხვა სახის ობიექტები, ან წყალი საერთოდ არ არის.

სანიტარია

სანიტარული წესები დამაკმაყოფილებლად დაცული აქვს გამოკვლეულ სკოლათა 60%-ს  — ასეთ სკოლებში გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე საპირფარეშოებია განკუთვნილი.

გამოკვლეული სკოლების 26%-ს საერთოდ არა აქვს საპირფარეშოები, 14%-ს კი, შესაძლოა, აქვს სველი წერტილები, თუმცა ისინი ან საერთო მოხმარებისაა გოგოებისა და ბიჭებისათვის, ან  ვერ გამოიყენებ.

სასმელი წყალი

ანგარიშის თანახმად, სკოლების 10%-ს საერთოდ არა აქვს სათანადო სასმელი წყალი;

16%-ს სათანადო სასმელი წყლის წყარო აქვს, თუმცა წყალი მაინც არ არის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა პრობლემის გამო.

გამოკითხული სკოლების 74%-ს დამაკმაყოფილებლად მიეწოდება წყალი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, რათა რამდენიმე კითხვა დაესვა მათთვის, მაგალითად, როგორ ხედავენ სკოლებში ზემოთ აღწერილი პრობლემების გამოსწორების გზებს, თუმცა სამინისტროში გვითხრეს, რომ პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნამდე, 17 სექტემბრამდე, ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებენ.


ანგარიშის მიხედვით, გლობალურად, 2016 წელს გამოკითხული სკოლების 69%-ს დამაკმაყოფილებლად მიეწოდებოდა სათანადო სასმელი წყალი, თუმცა ბევრ ქვეყანაში მოსწავლეებს თვითონ დაჰქონდათ წყალი სკოლაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეფასებული სკოლების 66%-ს სანიტარული ნორმები სათანადოდ აქვს დაცული, ჰიგიენის ნორმები კი — 53%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი