ახალი ამბები

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაზე აგვისტოს ომის მემორიალური კედელი გაიხსნა

11 აგვისტო, 2018 • 6811
ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაზე აგვისტოს ომის მემორიალური კედელი გაიხსნა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  ვახტანგ VI-ის სახელობის VI კორპუსის შენობაზე, აგვისტოს ომის მემორიალური კედელი გაიხსნა. კედელი რუსეთ – საქართველოს ომის თემატიკით არის მოხატული. ნახატზე მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშა) იმუშავა. მისი თქმით, კედლის მოსახატად სამი დღეს დასჭირდა.

“ამ ნამუშევრის ბაზისი პაბლო პიკასოს ცნობილი ნამუშევრიდან “გერნიკადან” არის აღებული. პიკასოს ეს ნახატიც ომის თემატიკაზეა. იმ შემთხვევაში იყო ესპანეთის ქალაქ გერნიკას დამბომბა, ამ შემთხვევაში გვაქვს აგვოსტოს ომი,”-ამბობს ავტორი.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, კედელი მკითხველებს და ქუჩაში გამვლელ ადამიანებს შეახსენებთ რას ნიშნავს ოკუპაცია.

“ეს კედელი არის შეხსენების კედელი თითოეული მკითხველისთვის და ადამიანისთვის, ვინც ამ ქუჩაზე გაივლის. რას ნიშნავს ოკუპაცია და რას ნიშნავს ჩვენი ყოველდღიურობა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას გულისხმობს. ეს ადგილი იმ მიზნით შეირჩა, რომ ამ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მასალა ინახება ჩვენს დამოუკიდებლობაზე. ვფიქრობთ, განათლება თავის მხრივ გულისხმობს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. შესაბამისად, ეს ყველაფერი სიმბოლურად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ადამიანი რომელიც განათლებულია, ის ვერ შეეგუება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვას,”-აცხადებს გიორგი კეკელიძე.

აგვისტოს ომის სახელობის მემორიალური კედლის გახსნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მათი მიზანი იყო განსხვავებული ფორმით გამოეხატათ საკუთარი პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

“არ უნდა დავივიწყოთ რომ რუსეთი ოკუპანტია. არ უნდა დავივიწოთ რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ვფიქრობთ, ეს კედელი ერთგვარი სიმბოლო  იქნება იმის რომ გვახსოვდეს რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს მიმართ,”-ამბობს გიგაური.


წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი