ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული – აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” გრძელდება

12 მაისი, 2018 • 2492
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმია მობილიზებული – აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” გრძელდება

რუსთაველის გამზირზე, სადაც მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

სპეცრაზმის  წევრები ქაშვეთის ეკლესიის წინ იმყოფებიან და აკვირდებიან აქციის მიმდინარეობას. მობილიზებულია პოლიციაც.

რატომ გახდა სპეცდანიშნულების რაზმის მიყვანა საჭირო რუსთაველის გამზირზე – ამ კითვაზე შსს-ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

“ვიცეკვოთ ერთად ჩვენი თავისუფლებისთვის” – აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე 15.00 საათიდან მიმდინარეობს, რომელიც პასუხია 12 მაისს, ღამით, თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებისა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომელიც პოლიციამ წუხელ ღამე ადმინისტრაციული წესით დააკავა, დილით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

აქციაზე ათასობით მოქალაქე იმყოფება. მათ შორისაა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

მრავალათასიანი აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის”. თბილისი, 12 მაისი, 2018 ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ ნეტგაზეთი


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი