ახალი ამბებისაზოგადოება

რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები

18 მარტი, 2018 • 10653
რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები

კონკრეტულად რაში ადანაშაულებს რამდენიმე  ქალი და “ქალთა მოძრაობა” ზვიად დევდარიანს, საზოგადოებრივი მაუწყევლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილ კანდიდატს და არასამთავრობო სექტორის ცნობილ წევრს  და როგორ პასუხობს ბრალდებების ადრესატი, რომელმაც თავისი კანდიდატურა უკვე მოხსნა?

ნეტგაზეთმა 17 მარტს ამის გარკვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქალთა მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა და ომბუდსმენს მიმართა, გამოითხოვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეესწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

[red_box]რის საფუძველზე ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს?[/red_box]

“ქალთა მოძრაობა” აზრით, “საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ უნდა აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი, რომელიც მიუხედავად მისი საჯაროდ გაცხადებული პოზიციისა, მხილებულია სექსუალური შევიწროების ჩვენთვის ცნობილ ათამდე შემთხვევაში”.

“ქალთა მოძრაობის” განცხადებაში არ არის საუბარი კონკრეტულ ფაქტებზე.

“ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება”, – წერია მოძრაობის მიერ 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა ქალებს, რომელთა ბრალდებებზე დაყრდნობითაც, განცხადების ავტორების თქმით, ომბუდსმენს და პარლამენტს მიმართეს, თუმცა მათმა უმარავლესობამ ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვითაც არ ისაუბრა და მხოლოდ ორ ქალთან მოგვეცა მოკლე გასაუბრების შესაძლებლობა. რამდენიმე ისტორია “ქალთა მოძრაობამ” მოგვაწოდა, რამდენიმე ისტორია კი “ტაბულამ” გამოაქვეყნა.

“ქალთა მოძრაობის” მიწერ მოწოდებული ქალების ისტორიები:

ისტორია 1

“თავიდან ძალიან კორექტული იყო, ჩვეულებრივი კომუნიკაცია მქონდა,  არანაირი შევიწროება. მერე ისეთ კითხვებს მისვამდა, უხერხულად ვგრძნობდი თავს. მაგალითად,  რა მეცვა, როგორი ხმა მქონდა. ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ გოგონებიც მომწონს, ეს უფრო აღმაგზნებსო. მეუბნებოდა, რომ ცოლს გაშორდა. სხვადასხვა წინადადებით მოდიოდა ყოველ საღამოს და სულ კამათით ვასრულებდით.  არ მომწონდა როგორც მელაპარაკებოდა და ამას გამუდმებით ვწერდი. შემდეგ ნომერი მთხოვა, მირეკავდა და სექსუალური შინაარსის ტექსტებით მესაუბრებოდა. ბევრჯერ გავუმეორე, რომ მასთან კომუნიკაცია არ მინდოდა. სამსახურთან მომაკითხა და ჩავჯექი მანქანაში. მოფარებულში გავიდა, მე ვუხსნიდი და ველაპარაკებოდი და უცებ ფეხებში შემიცურა ხელი, საცვალს წვდა და უნდა გავხიო,  აღმაგზნებსო. ვაგინა მეტკინა. გავბრაზდი. არც კი გისმენს, მისთვის სულ ერთია. მერე სასტუმროში მეპატიჟებოდა. პენისის ფოტოც გამოუგზავნია. მაგრამ როცა მანქანიდან გადმოვხტი და წამოვედი, აღარ დამკავშირებია კარგა ხანს”.

ისტორია 2

“დევდარიანი ჩემი უფროსი იყო.  მაშინ 23 წლის ვიყავი. საქმე გავაკეთე ცუდად და მომწერა შემდეგ ჯერზე მე თვითონ გამოგყვებიო. მანქანაში ჩაჯექი და რა გეშინია კი არ ვიკბინებიო – ბრძანებითი ტონი ჰქონდა. ვიფიქრე, რომ სამსახურიდან შეეძლო გავეთავისუფლებინე. ჩემი სამსახური ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო იყო, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ამ მომენტიდან დაიწყო ჩვენი მიმოწერა “ფეისბუქზე”.  2-3 დღე გაუჩერებლად მწერდა. ერთადერთი რისიც მრცხვენია, ისაა, რომ თითქოს ავყევი, მართლა იმის მეშინოდა, რომ არ გამაგდოს სამსახურიდან თქო. ისტერიულად ვგზავნიდი აქეთ-იქით cv-ებს, რომ მოვშორებოდი”.

ისტორია 3

“წესიერად არ ვიცნობდი. ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ არ ვიცნობდი. სამსახურის გამო ერთ-ერთ საკითხზე უნდა გვესაუბრა.  ტელეფონით დავუკავშირდი, გავეცანი და მითხრა, ტელეფონზე საუბარს, ჯობია შევხვდეთო. რა თქმა უნდა, მივედი. მალევე აღმოვაჩინე, რომ საქმიანი საუბარი არ გვქონდა. ცოტა ხანში ხელი ფეხზე ჩამიცურა და მითხრა რომ ზევით ნომერი აგვეღო. ეს ყველაფერი ხდება საჯარო სივრცეში – ამ დროს გვერდით კონფერენციაა და ბევრი ნაცნობი წამებში შეიძლება გამოვიდეს. მოკლედ. გაოგნებულმა მეჩქარება მეთქი, ვუთხარი და გამოვედი. გასასვლელთან თავი გაიგიჟა, რატომ გაბრაზდი, თუ არ გინდა, კი არავინ გაძალებსო და მანქანით წაყვანა შემომთავაზა. შემდეგ მანქანაში  სცადა ეკოცნა. კიდევ ერთ საქმიან შეხვედრაზე ჰქონდა ჩემი კოცნის მცდელობა. ამის მერე, რა თქმა უნდა, აღარ მინახავს, მაგრამ მიმოწერის დროს ჰქონდა მცდელობები. ასეთ დროს უბრალოდ ჩუმად ხარ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად გაქცევენ მსხვერპლიდან დამნაშავედ”.

ისტორია, რომელიც “ნეტგაზეთმა” ჩაწერა. რესპონდეტი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს:

“2016 წელს სამსახურის ძიებაში ვიყავი. რატომღაც ამოჩემებული მქონდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა მინდოდა. რისერჩს ვაკეთებდი, გუგლიდან რამდენიმე არასამთავრობოს შესახებ ინფორმაცია ამოვკრიბე და ვაპირებდი სივის ყველგან გაგზავნას. იმ დროს “გამომწერა” და მომწერა ბატონმა ზვიადმა ინსტაგრამზე.

საკმაოდ გავლენიანი საერთო მეგობრები მყავდა სხვადასხვა არასამთავრობოდან. ფოტოებს რომ გადავხედე, მივხვდი, ვინც იყო. რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს, ჩავთვალე შანსი მომეცა, უნდა გამოვიყენო მეთქი და ვუპასუხე. საქმიან შეხვედრაზე დამპატიჟა იმ საღამოსვე, ყავაზე. მომწერა, რომ კონფერენციაზე იმყოფებოდა “რუმსში” და სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ, შეეძლო გამოევლო და კაფეში ერთად წავსულიყავით. გამომიარა კიდეც. საქმიანი შეხვედრისთვის საკმაოდ ადეკვატურად ჩაცმული შევხვდი. წავედით სოლოლაკში – მაღლა რომ ანტრეა, იქ. უცებ აღმოჩნდა, რომ დათქმულ ადგილს გაცდა და იქვე ტყესთან გააჩერა მანქანა. “ყავა არსად გაგვექცევა, მინდა ჩემი საყვარელი ხედი განახო” – ეს სიტყვები მახსოვს და კიდევ ის, თუ როგორ დამცხა, თუმცა არ შემშინებია. უფრო დავიძაბე და გამოსავალზე ფიქრი დავიწყე. სცადა კოცნაც, ხელის შეხებაც და ჩახუტებაც. მთელი სხეულით მეკრობოდა და დაჟინებით მეკითხებოდა: “ვერ მგრძნობ? რატო ვერ მგრძნობ?!”

ამ სცენის გახსენებაზე ახლაც გული მერევა! პირდაპირ ვუთხარი, რომ არ ვიყავი მისით დაინტერესებული და შეყვარებული მყავდა. ამაზე კი მიპასუხა, რომ ჩემი სიჯიუტე უფრო აღაგზნებდა. აქ გადავწყვიტე, რომ უნდა ავყოლოდი თამაშში. არც ისეთი მამაცი ვიყავი, შუაგულ ტყეში მთლად ჯიბრი დამეწყო. ვუთხარი, რომ ტყისთვის სათანადოდ ჩაცმული არ ვიყავი, მციოდა და კაფეში წავსულიყავით. ამაზე დამთანხმდა და წამოვედით ანტრეში, იქვე (მანქანით, არც ძალიან შორს არ იყო).

გზაში ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ოფისში წავყოლოდი – რუსთავში, რადგან თავის წიგნის ჩუქება უნდოდა ავტოგრაფით. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. მახსოვს, გზაში რამდენჯერმე გამიმეორა, როგორ გიჟდებოდა ქალის ტერფებზე და რა დამთხვევა იყო, ღია ფეხსაცმელი რომ მეცვა. მთხოვდა, შემდეგი შეხვედრისას ზუსტად ის ფეხსაცმელი ჩამეცვა. რა თქმა უნდა, შემდეგი შეხვედრა აღარ ყოფილა!

კაფეში რომ მივედით, თვითონ ყავა შეუკვეთა, მე ფორთოხლის ფრეში. ყავას იშვიათად ვსვამ, თან იმ პერიოდში სულ ფორთოხლის ფრეშს ვსვამდი და მაგიტომ მახსოვს კარგად ეს დეტალიც. იქაც ერთი და იგივე ტექსტებს მელაპარაკებოდა, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ურთიერთობა ჰქონოდა ჩემთან. ჯიუტად მეკითხებოდა, რატომ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. იმეორებდა, როგორ სწყინდა და ბრაზდებოდა ჩემს იგნორზე. მეუბნებოდა, რომ ძალიან სექსუალური ვარ და თვალის მოშორება არ შეეძლო – დაჟინებით მაკვირდებოდა და მათვალიერებდა. ვთხოვე, სახლში წავეყვანე, ხოლო სხვა დროს მე თვითონ მივწერდი და შევხვდებოდი. დამთანხმდა და წამომიყვანა. მანქანიდან რომ გადმოვედი, გავაფრთხილე აღარასდროს არ გამოჩენილიყო ჩემ ცხოვრებაში.

პირველი, რაც სახლში მისვლისას გავაკეთე, დავბლოკე. ეს არის სულ, რაც მახსოვს”. 

ორი ქალის მოკლე ისტორია, რომლებთანაც  “ნეტგაზეთი” “ქალთა მოძრაობის” წევრებმა დააკავშირეს:

ანა (სახელი შეცვლილია) ჰყვება, რომ ზვიად დევდარიანთან არაერთი საერთო მეგობარი ჰყავს.  მისი თქმით, ურთიერთობა შევიწროებით არ დაწყებულა, თუმცა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ორივე იმყოფებოდა, დევდარიანს თავიდანვე ჰქონდა ამის მცდელობა:

“იქვე დაიწყო მოწერა, ერთ სივრცეში ვიყავით. შემდეგ  იყო ფიზიკური შეხების მცდელობები. ამას მოჰყვა ცოტა აგრესიული წერა, სექსუალური შინაარსის მომართვები,  რაც გულისხმობდა სექსუალური აქტის სხვადასხვა ფორმებს და არჩევანს. იმის გამო, რომ ეს ადამიანი არ იყო სრულიად უცნობი,  ვცდილობდი კულტურული ფორმა მიმეცა ამ ურთიერთობისთვის – ან არ ვპასუხობდი, ან მხოლოდ კი და არას ვპასუხობდი”.

საბოლოოდ,  ანა ამბობს, რომ ზვიად დევდარიანი ყველა სოციალური ქსელიდან დაბლოკა, დღეს არც ესალმება და  თუ ერთ სივრცეში მოხვდებიან, ტოვებს ამ სივრცეს:

“მერე ფსიქოლოგთან სიარულიც დამჭირდა რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად დამევიწყებინა”.

სოფო (სახელი ამ შემთხვევაშიც შეცვლილია)  ამბობს, რომ დევდარიანი საერთო მეგობრებიდან გაიცნო.  ამის შემდეგ კაფეში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და რამდენიმე წუთით ილაპარაკს. მოგვიანებით კი,  როგორც სოფო ჰყვება, მისგან ფამილარული შინაარსის მესიჯები მიიღო ‘ფეისბუქზე”:

“ ჩემდა გასაკვირად ძალიან ფამილარულად მომწერა,  როგორ კარგად გამოვიყურები. პირველ დიალოგში სადღაც მეპატიჟებოდა, ძალიან ნათლად თავაზიანი უარი ვუთხარი, რადგან საერთო მეგობრები გვყავს. ვიღაც უცხოს რომ მოეწერა,  ძალიან უხეშად მოვიშორებდი. თან ვთვლიდი, რომ თავაზიან უარს გაიგებდა და ეს მცდელობა არ განმეორდებოდა. უხამსი შეთავაზება და სექსუალური შინაარსის მიმოწერა არ ყოფილა,  უბრალოდ შემაწუხებელი იყო, რადგან გასაგებად ვუთხარი, რომ ასეთი კომუნიკაცია არ უნდა ჰქონოდა ჩემთან”,- ამბობს სოფო.

სოფო ამბობს, რომ მისთვის არასასურველი კომუნიკაცია დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო მას შემდეგ,  რაც ზვიად დევდარიანმა გამთენიისას, 7 საათზე მისწერა, თავი აღარ შეიკავა და უხეშად უპასუხა:

“ამის შემდეგ აღარ შევუწუხებივარ. საერთო წრეში შევხვედრივარ ერთი-ორჯერ და მასთან უბრალოდ გამარჯობის იქით კომუნიკაცია აღარ მქონია”.

ოთხი ისტორია გამოაქვეყნა 17 მარტს გამოცემა “ტაბულამ”.

[red_box]“არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი” – ზვიად დევდარიანის პასუხი[/red_box]

არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს ხელმძღვანელთან დაკავშირებას “ნეტგაზეთი” 17 მარტს მთელი დღის მანძილზე ამაოდ ცდილობდა. საბოლოოდ მან ქალთა მოძრაობის საპასუხო განცხადება ექსკლუზიურად “აიპრესთან” გაავრცელა.

ამ განცხადებაში ზვიად დევდარიანი წერს:

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები [ქალთა მოძრაობის ] განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია”.

ამავე განცხადებაში წერს, რომ თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მზადა სამართლებრივი გზებით გააგრძელოს დავა.

“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს”, – აცხადებს დევდარიანი განცხადებაში, თუმცა ამასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” ასევე არ მიეცა დეტალების დაზუსტების შესაძლებლობა, რადგანაც მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

“დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი.

…ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან” – აცხადებს დევდარიანი.

[red_box]ომბუდსმენის რეაქცია[/red_box]

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც “ქალთა მოძრაობამ” მეურვეობის კანდიდატის მოხსნის თხოვნით მიმართა და რომელთან დაკავშირებასაც “ნეტგაზეთი” ასევე ცდილობდა, განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დევდარიანის განცხადება გამოქვეყნდა კანდიდატურის მოხსის შესახებ.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი”- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“გაჟღერებული ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ამ საკითხზე მსჯელობა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით. განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაციის დადგენამდე დაცული იყოს მხარეთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება. სახალხო დამცველი მხარეებს სთავაზობს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები”, – აცხადებს ომბუდსმენი.

[red_box]“ქალთა მოძრაობა”  და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები[/red_box]

“ქალთა მოძრაობამ” მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთან დაკავშირებით ომბუდსმენს პირველად 14 მარტს მიმართა და მოუწოდა მხარი დაეჭირა  “ქალთა მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ბაია პატარაიასთვის, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 12 კანდიდატიდან,   რომელთა პარლამენტში წარდგენასაც 13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია.

ომბუდსმენმა საკუთარ კანიდატურად 16 მარტს პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა, რასაც “ქალთა მოძრაობის” განცხადება მოყვა.

დევდარიანი მასზე “ქალთა მოძრაობის” ბრალდებებს სწორედ ამ ჭრილში განიხილავს, რადაგანაც მისი თქმით, მისმა წარდგენამ  “გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი”.

“ქალთა მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბაია პატარაიამ 17 მარტს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ “საზმაუს კონკურსს ეთიშება”, რადგანაც ზვიად დევდარიანი მისი მეგობარია და ინტერესთა კონფლიქტი აქვს. 

“ქალთა მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა და განცხადების ერთ-ერთმა ავტორმა თუთა ჩხეიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მათი განცხადების მიზეზი მართლაც ომბუდსმენის მიერ მეურვეობის კანდიდატად დევდარიანის დასახელება გახდა, თუმცა არა იმ მიზეზით, რომ მეურვედ, როგორც დევდარიანი მიანიშნებს, “პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი”.

ის ამბობს, რომ როდესაც ომბუდსმენ  ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა “ფეისბუქის” შიდა, “ქალთა მოძრაობის”  ჯგუფში, ქალებმა დევდარიანთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება დაიწყეს:

“ამ წუთიერმა დაცულობის და ერთიანობის შეგრძნებამ,  რომ შენ არ ხარ ერთი ქალი, რომელსაც ავიწროებდა ზვიად დევდარიანი, ამან გამოიწვია ეს გახსნილობა, მე ასე დავინახე. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ  მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისთანაც მე ამ განცხადებას ვწერდი, რაიმე სხვა კონსპირაციული თეორიებით ყოფილიყვნენ დაკავებულები”,- ამბობს თუთა ჩხეიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჩხეიძის თქმით, “ქალთა მოძრაობის”, რომელიც 2000-მდე ქალის არაფორმალური, სამოქალაქო გაერთიანებაა,  ფეისბუკის ჯგუფის საშუალებით მობილიზდებიან, კიდევ ორი მცირე ჯგუფი შეიქმნა. ერთი 10 წევრიანი, რომელიც უშუალოდ განცხადების ტექსტზე მუშაობდა და რომლის წევრიც თავადვე იყო და მეორე ჯგუფი, სადაც ქალები ყვებოდნენ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებულ სექსუალური შევიწროების გამოცდილების შესახებ :

“მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი სიტყვები არ ყოფილიყო ემოციებზე აგგებული და იმ სიტყვებით აღგვეწერა ზვიად დევდარიანის ქმედებები, რისი შესაბამისი ისტორიებიც გვქონდა”,- ამბობს თუთა ჩხეიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ასევე მგონია, ვერასოდეს ვერ გაიგებ, როდის უჩნდებათ ადამიანებს კონკრეტული მომენტი, როცა უნდათ, რომ მოგიყვეთ ისეთი ისტორია, რომლისაც რცხვენიათ, მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქალები საკუთარ გამოცდილებებს მალავენ  არის ის, რომ რცხვენიათ. ჩვენ ასე გავიზარდეთ, რომ “კარგ გოგონებს ასე არ ექცევიან”, როგორ შეიძლება, რომ ჩემს ნაცნობს ვუთხრა, რომ დროა ამხილო ზვიად დევდარიანი, – ნახე 8 მარტს აქციაზე დგას. არ ვიცი რისი ეფექტი იყო”.

მისი თქმით, ომბუდსმენს რომ არ წარედგინა დევდარიანი კანდიდატად ეს ამბავი დღეს არ მოხდებოდა, თუმცა შესაძლოა სხვა დროს მომხდარიყო.

[red_box]საიას მხარდაჭერა[/red_box]

17 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა:

“გვსურს ყველა ქალს, რომელსაც სექსუალური შევიწროება განუცდია, გამოვუცხადოთ საჯარო მხარდაჭერა და გამოვთქვათ მზადყოფნა, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, მათი უფლებების დასაცავად,”- წერია საია განცხადებაში.

[red_box]პარლამენტი[/red_box]

პარლამენტის წევრები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან “ქალთა მოძრაობის” განცხადებას. იმავე განცხადებაში “ქალთა მოძრაობამ” მოუწოდა პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი