ახალი ამბებისაზოგადოება

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები კალაძისგან საარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვენ

4 დეკემბერი, 2017 • 4562
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები კალაძისგან საარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვენ

დღეს თბილისის მერიასთან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებმა და ორგანიზაციამ “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” საპროტესო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრასა და აუტისტური სპექტრის აშლილობის ქვეპროგრამის გაფართოებას ითხოვდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მერი მათ არ შეხვდა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერია განცხადებით შემოიფარგლა, რომლის მიხედვითაც, მშობლებთან შეხვედრა 8 დეკემბერს  მერიის წარმომადგენელ გელა ჩივიაშვილთან ჩაინიშნა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძე მოსახლეობას აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციას დაფინანსების გაზრდას დაჰპირდა. გარდა ამისა, კალაძის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, უნდა შექმნილიყო პროგრამის ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც აუტისტური სპექტრის აშლილობის ქვეპროგრამა განახლდებოდა და გაუმჯობესდებოდა

კალაძის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაზე საუბრობს აქციის ორგანიზატორი, “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგის” წარმომადგენელი, მარი კორკოტაძე.

„დღეს ვითხოვთ კახა კალაძისგან იმ წინასაარჩევნო პირობის შესრულებას, რაც აუტიზმის მქონე ბავშვთა მუნიციპალური პროგრამის შესახებ განაცხადა მან. მან გვითხრა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, აუცილებლად მოახდენდა ამ პროგრამის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მივწერეთ მას ოფიციალურად. მას გამოთხოვილი აქვს საკრებულოდან ბიუჯეტი და გვაინტერესებდა, იგეგმებოდა თუ არა პროგრამის გაზრდა, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი, შემდეგ ვთხოვეთ შეხვედრა, რაზეც მივიღეთ უარი და ახლა უკვე მოვედით აქ. აქციას ვმართავთ და ვითხოვთ იმ აუტიზმის მქონე ბავშვების დაფინანსებას, რომლებიც მომლოდინეთა სიაში არიან. ეს არის 105 ბავშვი, ივნისში გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემებით. თუმცა, ამის გარდა, აუცილებლად იქნებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში მიმართავენ მერიას და მათი დაფინანსებაც უნდა იყოს გათვალისწინებული,“ – აღნიშნა მარი კორკოტაძემ.

მისივე თქმით, პროგრამა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი აუტისტური დარღვევების მქონე ბავშვებს სთავაზობს, არ ფარავს მათი განკურნებისთვის საჭირო მოთხოვნილებებს, ხოლო მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ასაკობრივი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, პირველ რიგში აფინანსებენ ასაკით პატარა აპლიკანტებს. ასევე გაურკვეველია იმ ბენეფიციარების ბედიც, რომლებიც 15 წლის მიღწევასთან ერთად ავტომატურად ეთიშებიან პროგრამას.


„რაც შეეხება პროგრამის მიერ ბავშვების მოთხოვნების დაფარვას, არანაირად არ ფარავს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ იმისათვის, რომ აუტიზმის მქონე ბავშვის განვითარება წავიდეს კარგად, აი, ის თერაპია, რასაც მერია აფინანსებს, უნდა მიეწოდებოდეს მას კვირაში მინიმუმ 40 საათი, თბილისის მერია კი აფინანსებს მხოლოდ 20 საათს. გარდა ამისა, ამ ბავშვებს ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და კიდევ ცურვა, ჰიპოთერაპია, რაც დამატებით, ძალიან დიდ თანხებზე გვაქვს საუბარი და არც კი მოიაზრება, რომ ეს ვინმემ დააფინანსოს. ამ ყველაფერს ვაფინანსებთ ჩვენ, მშობლები, და ის მინიმალური, რაც არის 20 საათი, ამაზეც გვიწევს ხვეწნა.

რაც შეეხება გამოწვევებს, არის ის, რომ ასაკით პატარას ენიჭება უპირატესობა და პირველ რიგში იმას აფინანსებენ. ანუ თუ მე, ვთქვათ, მყავს 7 წლის ბავშვი, ვარ რიგში პირველი და უნდა მომიწიოს დაფინანსება, შეიძლება მოვიდეს ბავშვი, სამი ან ხუთი წლით პატარა, ჩემმა შვილმა ისევ გადაინაცვლოს უკან. შეიძლება ისე გავიდეს მთელი ცხოვრება, რომ ჩემს შვილს არ მოუწიოს პროგრამაში ჩართვა. და არის მეორე საკითხი, 15 წლის ჩათვლით არის ეს პროგრამა, და რას ვუშვრებით იმ ბავშვებს, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი?!“ – განმარტა მარი კორკოტაძემ.

ასაკობრივი ზღვრის გამო პროგრამის გარეშე დარჩენაზე საუბრობს დიანა ჯავახიშვილიც, რომლის თქმითაც, მისი შვილი კომისიამ იმიტომ დაიწუნა, რომ ის უკვე 12 წლისაა.

“ჩემი შვილი 12 წლისაა, სამწუხაროდ, პროგრამაში არ არის. სამი წელიწადია ველოდებით და მპასუხობენ, რომ ასაკით დიდია. მესამე წელია ვცდილობთ მოხვედრას, 9 წლიდან. როცა დაიწყო ეს პროგრამა, მივმართეთ მაშინვე, მივიტანეთ ყველა საჭირო ცნობა, მაგრამ ახლა გვითხრეს, რომ უკვე ძალიან დიდია,“ – განაცხადა დიანა ჯავახიშვილმა.


იმავე პრობლემის გამო პროგრამაში ვერ ჩაერთო თამთას შვილიც. ნეტგაზეთთან საუბრისას თამთამ უარი განაცხადა გვარის დასახელებაზე, თუმცა აგვიხსნა, რომ მისი შვილი, მიუხედავად 1-წლიანი მცდელობისა, მაინც პროგრამის გარეთაა.

“მერია გეუბნება, რომ 700 ბავშვი ამოწურული მყავს და ადგილი  აღარ არის. თუ გამოთავისუფლდება პროგრამა, მაშინ ჩაგსვამენ. მაგრამ რა ხდება, ჩვენ ასაკობრივი კატეგორია გვზღუდავს, მიუხედავად იმისა, რომ მე ერთი წლის წინ მაქვს განცხადება  მერიაში შემოტანილი. თუ ჩემს შვილზე ასაკით პატარა აღმოჩნდა, დღესაც რომ დაწეროს განცხადება, ჩემს შვილზე წინ ჯდება. არ გვიცავს ჩვენ არავინ. ეს არის ძალიან დიდი დისკრიმინაცია. ანუ ასაკობრივი ზღვარი. გარანტია არ გაქვს შენი პერიოდის, თუნდაც ერთი წლის წინ დაწერე განცხადება. მაგრამ ეს ისეთი პროგრამაა, რომ აქედან ბავშვების ამოვარდნა არის ზღაპარი, ეს ხომ არ არის რაღაც ფილტვების ანთება, ერთი თვე გჭირდეს და მეორე თვე აღარ. ეს პროგრამა გრძელდება 16 წლამდე. სულ ახალი დაწყებულია ეს პროგრამა, ანუ 16 წლის არც არავინ გახდება ჯერ,“ – განმარტა  მან.

პროგრამის გარეშე დარჩა ნატო ნადირაძის შვილიც. ნადირაძის თქმით, მერიის წარმომადგენელთან, კერძოდ კი, გელა ჩივიაშვილთან პროგრამის გაფართოებაზე შეხვედრები ადრეც იყო, თუმცა მაშინდელი დაპირება შეუსრულებელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ გელა ჩივიაშვილმა მერიასთან შეკრებილ მშობლებს დღესაც შესთავაზა შეხვედრა, რაზეც აქციის მონაწილეებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

“ ჩემი შვილი არის პროგრამის მიღმა დარჩენილი. ვითხოვ, რომ დააფინანსონ ჩემი შვილი. მე შემპირდა ბატონი გელა ჩივიაშვილი, რომ ჩემს შვილს აუცილებლად დააფინანსებდა იმიტომ, რომ აქ დაიბადა, აქ გაიზარადა, მაგრამ დროებით იყო გადაწერილი დუშეთის რაიონში და ამის გამო ვერ ვიღებთ დახმარებას. ვითხოვთ კალაძესთან შეხვედრას იმიტომ, რომ ბატონი გელა გვპირდება რაღაცებს, მაგრამ , სამწუხაროდ, არ ასრულებს. არ გვჭირდება მასთან შეხვედრა, მე პირადად არ მჭირდება, კატეგორიულ უარს ვაცხადებ. რასაც დაგვპირდა, იმის შესრულებას ვითხოვთ. ნუ მიანიჭებენ ასაკობრივ ნიშნულს მნიშვნელობას, ყველას სჭირდება ეს პროგრამა, ჩვენს შვილებს სჭირდებათ ეს პროგრამა, როგორც ჰაერი,“ – განაცხადა ნატო ნადირაძემ.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა მერიის წარმომადგენელთან 8 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მშობლებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამ მიმართულებით დიდი ინტერესი არსებობს. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს მინდა მივმართო, რომ 8 დეკემბერს შეუძლიათ, მერიაში, გელა ჩივიაშვილთან შეხვედრაზე მობრძანდნენ. შეხვედრაზე პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ, რომლებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“- განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას თავად  მერი არ დაესწრება, ხოლო მშობლები უარს აცხადებენ სხვა ნებისმიერ ოფიციალურ პირთან საუბარზე.

თბილისის მერია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს დახმარებას 2015 წლის 1 ივლისიდან უწევს. პროგრამა გულისხმობს სპეციალური კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს, ხოლო მისი  ბენეფიციარები არიან ის ბავშვები, რომელთა ასაკიც 2-15 წლამდეა და რომლებიც 2015 წლის 1 ივლისამდე თბილისში არიან რეგისტრირებული. დღესდღეობით, მერია 700 ბავშვს აფინანსებს, თუმცა, როგორც დღეს აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მშობლებმა გამართულ აქციაზე განაცხადეს, მსგავსი დახმარება არ არის საკმარისი მათი შვილების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის.

მერიის ინფორმაციით, 2015 წელს, პროგრამის დაწყებისთანავე, მასში 325 ბავშვი ჩაერთო. 2016 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3–ჯერ გაიზარდა და 566 ბავშვის დაფინანსება გახდა შესაძლებელი. მომსახურებაზე მოთხოვნის მატებამ სერვისის მომწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდაც გამოწვია და დღეისათვის პროგრამას  6 დაწესებულება ემსახურება.  პროგრამა 700 ბავშვს და ბიუჯეტს მოიცავს, რომელიც 2 800 000 ლარს შეადგენს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროგრამის გარეთ, მომლოდინეთა სიაში, ბოლო მონაცემებით, 120 ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი