ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე აირჩიეს

16 ივნისი, 2013 • • 2673
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე აირჩიეს

იგი ამ თანადმებობაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს. მურუსიძე ერთადაერთი მოსამართლე იყო, რომელიც ამ თანადმებობაზე იყრიდა კენჭს და მას მხარი კონფერენციის მონაწილე მოსამართლეების 2/3–ზე მეტმა დაუჭირა: 205–მა წევრმა.

 

მოსამართლეები კენჭს მხოლოდ ერთ კანდიდატს ლევან მურუსიძეს უყრიდნენ, რომელიც გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომელიც ამ საბჭოს წევრი უნდა იყოს, არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეისათვის იუსტიციის საბჭოში შემავალი მოსამართლეებისაგან ზემოხსენებულ კრიტერიუმებს მხოლოდ რამდენიმე წევრი აკმაყოფილებდა: თამარ ალანია, გიორგი შავლიაშვილი, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე. აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძის გარდა აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურა ყველა ზემოხსენებულმა მოსამართლემ მოხსნა და მოსამართლეებმა მხოლოდ ამ უკანასკნელის კანდიდატურას უყარეს კენჭი.

 

ილონა თოდუამ თავი შეიკავა ესაუბრა იმაზე, თუ რატომ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მოსამართლე პაატა სილაგაძემ კი “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ იგი ლევან მურუსიძეს ენდობა:

 

“ღირსეული ადამიანი და ნამდვილად ვენდობი მას. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი კანდიდატურა არ დამეყენებინა”. ლევან მურუსიძის განცხადებით, მან არ იცის, თუ რატომ მოხსნეს სხვა შესაძლო კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურები: “ჩვენ, ყველა კოლეგას გვაქვს საერთო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, ალბათ, ჩათვალეს, რომ ყველაზე კარგად მე შევძლებდი… ეს ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ვერ გეტყვით, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ვეცდები, რომ მათი ნდობა გავამართლო”, – ამბობს იგი.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ერთ–ერთი უმთავრესი ფუნქცია საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობაა. მურუსიძე აცხადებს, რომ იგი გახსნილი იქნება როგორც მედიასთან ურთიერთობისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორთან და დაინტერესებულ მოსამართლე კორპუსთან სათანამშრომლოდ.

 

იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფის მიერ კონფერენციამდე დაფუძნებულ ალტერნატიულ ასოციაციასთან, რომლის წევრებსაც საკუთარ მეგრობრებად მიიჩნევს.

 

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 9 მოსამართლე წევრი. ხუთს ჰქონდა კანონის თანახმად შესაძლებლობა, რომ კენჭი ეყარა. დასახელებულ იქნა ჩემი კანდიდატურა და დანარჩენმა წევრებმა მოხსნეს თავისი კანდიდატურები. ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება გეგმებს, სასამართლო რეფორმის გატარების პროცესში მედიის მხარდაჭერა აუცილებელი იქნება ჩვენთვის. საბჭო აუცილებლად გახსნილი იქნება მედიისთვის. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ფართოდ გაშუქდეს ის მოვლენები, რაც განვითარდება სასამართლო სისტემაში: პრიორიტეტი არის ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენ მზად ვართ ჯანსაღი კრიტიკის მოსასმენადაც”, – ამბობს ლევან მურუსიძე.

 

იგი ასევე გამოეხმაურა მართლმასჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს. მურუსიძის თქმით, ეს პოლიტიკური საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრეროგატივაა. მურუსძე აცხადებს, რომ თუ ეს კანონპროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამაც განიხილა, ძალაში შევა, კანონს ყველა მოსამართლე დაემორჩილება, თუმცა მისი პრინციპული პოზიციაა, რომ აღნიშნული კომისიის დასკვნის საფუძველზე არათუ რომელიმე მოსამართლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხიც კი არ უნდა დადგეს.

 

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მოსამართლეთა რიგით მეათე კონფერენცია მიმდინარეობს. 9 ივნისს კონფერენციამ უკვე აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, დღეს კი კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს, ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს და ამავე კომიტეტის 2 წევრს ირჩევს. ლევან მურუსიძე 2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. 2004 წლიდან 2005 წლის სექტემბრამდე მუშაობდა გორის რაიონული პროკურატურაში პროკურორად. 2003 წლის 22 თებერვალს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის #784 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2006 წლის თებერვლიდან ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 14 აპრილის #2901 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად. 

 

მოსამართლეთა კონფერენციას 224 მოსამართლე ესწრება. მურუსიძე ზემოხსენებულ თანამდებობაზე მოსამართლე ვალერი ცერცვაძეს შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი