ლიდერთა საბჭო: 2017 წლის არჩევნების შედეგი ხელისუფლებამ დაგეგმა

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭო აცხადებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ხელისუფლებამ დაგეგმა.

ლიდერთა საბჭო აცხადებს, რომ ხელისუფლების პირობებში საარჩევნო გარემო ყოველწლიურად უარესდება და ფაქტობრივად მივიდა იმ ნიშნულამდე, რომლის მიღმა ხელისუფლების გადაცემა შეუძლებელია არჩევნების გზით.

“უპრეცედენტო იყო კონტროლი ხმებზე, რომელიც განხორციელდა აღნიშნული არჩევნების დროს.”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

მან განაცხადა, რომ დეტალებთან დაკავშირებით ლიდერთა საბჭოს წევრები ცალ-ცალკე ჩაატარებენ ბრიფინგებს მოგვიანებით და მიაწოდებენ საზოგადოებას “უთვალავ მასალას დარღვევისა და მანიპულაციის თაობაზე.

“არჩევნები მთლიანად გაყალბდა, [ქართულმა ოცნებამ] არ იკმარა პარლამენტის, სასამართლოს, კონსტიტუციის, ეკონომიკის, ეროვნული სიმდიდრეების, ჩვენი განუყოფელი უფლებების უზურპაცია და დღეს მთლიანად გაუკეთა ანექსია ადგილობრივი თტითმმართველობის სისტემას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ლეიბორისტული პარტიის წევრმა.

ნათელაშვილის თქმით, ლიდერთა საბჭოს წევრები უახლოეს მომავალში შეთანხმდებიან და დაიწყებენ სახალხო საპროტეტო მოძრაობას. თუ როდის, ნათელაშვილს არ დაუკონკრეტებია.

ლიდერთა საბჭო აცხადებს, რომ არჩევნების მონიტორინგის მიხედვით, ამგვარი გარემო შექმნა წინასაარჩევნო პერიოდში უთანასწორობამ, არჩევნების დღეს კი სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ.

ლიდერთა საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების უთანაბრობაში ქართული ოცნების სასარგებლოდ.

მათი შეფასებით, აუდიტის სამსახურისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა რჩება ქართული ოცნების მიერ მობილიზებული “შავი ფულის”‘ არსებობა.

ლიდერთა საბჭო აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდა არასამართლიან და არადემოკრტიულ გარემოში, ტოტალური გაყალბებისა დ დარღვევების ფონზე, რის გამოც ისინი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.

ლიდერთა საბჭოს წევრები არიან ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლების საქართველოს ევროპელი დემოკრატები, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com