თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიების – “ქართული ოცნების” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები უბანში მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

კერძოდ, პარტიის წარმომადგენელი დგება რეგისტრატორთან და როდესაც მიდის ამომრჩეველი, ინიშნავს მის მონეცემებს, ანუ აღრიცხავს ყველა ამომრჩეველს.

მსგავსი ფაქტების გამო რამდენიმე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტი გამოხატეს. ასე მოხდა, მაგალითად, N3 ოლქის N64 საარჩევნო უბნებზე, რის გამოც უბნის კომისია დაუკავშირდა საოლქო კომისიას, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ პარტიების წარმომადგენლებს აქვთ ამის უფლება საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით.

საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით, დამკვირვებელს უფლება აქვს, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით, სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს. მისიევ თქმით, პარტიების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიიდან ამომრჩევლის მონაცემების ამოწერა არაერთ კანონს არღვევს:

“დავიწყოთ ძირითადი კანონით, კონსტიტუციით, სადაც წერია, რომ “უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება” (28-ე მუხლის პირველი პუნტქი). თავისუფალი გამოვლინება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ მე თავად გადავწყვეტ, რომელ სუბიექტს ვაძლევ ხმას, ასევე იმას, რომ მე თავად გადავწყვეტ, საერთოდ ვაძლევ ხმას თუ არ ვაძლევ და არ ვიყენებ ამ უფლებას. ასევე, თუ ჩავიხედავთ საარჩევნო კოდექსის მესამე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების ძირითად პრინციპებს, ვნახავთ, რომ მესამე მუხლის დ ქვეპუნქტში წერია, რომ “კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა” არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არჩევნების ჩატარების და დ.ბ ქვეპუნქტი კი გვეუბნება, რომ აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

უკვე ძალიან ცალსახაა, რომ როგორც კონსტიტუცია, ასევე საარჩევნო კოდექსი ადგენს კონკრეტულ გარანტიებს, ხოლო ის ფაქტები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, და ეს არ არის ერთი და ორი ფაქტი, მხოლოდ ამ შემთხვევბს ეწინააღდეგება და ამ პრინციპებს არღვევს.”

ნაცვლიშვილი ქართული კანონმდებლობის გარდა უთითებს ვენეციის კომისიის დოკუმენტს, რომელიც ევროპის მასშტაბით საუკეთესო პრაქტიკის შეჯამებას წარმოადგენს:

“აქაც გვაქვს ფარული კენჭისყრის პრინციპზე მითითება და მისი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა სია არ უნდა ქვეყნდებოდეს, ანუ, ვინ მოვიდა და ვინ არა, გასაგები არ უნდა იყოს იყოს არავისთვის,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ 41-ე მუხლის თანახმად პარტიების წარმომადგენლებს ამომჩევლის მონაცმების ამოწერას ვერ აუკრძალავენ, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს არარელევანტურია.

“დამკვირვებლის მუხლს ვერ გავავრცელებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის წარმომადგელები აკეთებენ, როგორც წესი, ამას. 41-ე მუხლის რომელ კონკრეტულ პუნქტში წერია, რომ მათ მსგავსი ტიპის ინფორმაციის ამოწერის შესაძლებლობა აქვთ?”

ნაცვლიშვილის თქმით, ამ პირებს უნდა მისცენ მითითება, რომ მსგავსი ტიპის მოქმედება შეწყვიტონ – “ეს წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს. სამაგიდო სია და სამაგიდო სიის მონაცემები არის პერსონალური მონაცემები, რომლებიც მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. მათ სად მიაქვთ ეს ინფორმაცია, არავინ არ იცის”.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე “ნეტგაზეთთან” აცხადებს:

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორთან, კონკრეტულად კი, სიაში რეგისტრაციის ნომრის ამოწერა და დაფიქსირება. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, დამკვირვებლებს და სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავი გადაადგილება, ასევე დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა დეტალს ნებისმიერი ადგილიდან. ამომრჩეველთა სიაში, ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება. უფრო მეტიც, ცესკო ვალდებულია არ შეზღუდოს დამკვირვებლების უფლებების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელება”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მათი წარმომადგენლები იმ საქმიანობას, რომელიც დილიდან განსჯის საგანია, გაყალბების და ე.წ. კარუსელების პრევენციის მიზნით ახორციელებენ, რასაც მისი ინფორმაციით “რიგი პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ”.

ძაგანია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარტია წინასაარჩევნო პროცესში აქტიური არ იყო და ახლა საარჩევნო უბნებზე მისი წარმომადგენლების ასეთი აქტივობა უცნაურია. მისი თქმით, პარტიამ მხოლო მერობის კამდიდატი არ დაასახელა, თორემ ამომრჩეველს ღირსეული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სიები შესთავაზა.

ძაგანიას ასევე ვკითხეთ, ითანამშრომლეს თუ არა ქართულ ოცნებასთან, რომელიც მათ მსგავსად აწარმოებს უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ოცნება მათი კონკურენტი პარტიაა.

საქმე ისაა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე “მემარცხენე ალიანსის” და ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მისული ამომრჩევლის კოდებს იწერენ, რაც დღის ბოლოს მათ საშუალებას მისცემს, რომ სურვილის შემთხვევაში გაიგონ, რომელი ამომრჩეველი მივიდა და რომელი არა.

პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე იწერს რეგისტრატორის სიიდან მონაცემებს, რომლის მიხედვით ინიშნავს, ვინ მივიდა ხმის საცემად. ფოტო: მარიამ ვარადაშვილი/ნეტგაზეთი. 21.10.2017

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *