ახალი ამბები

ელენე ხოშტარია: უნდა გადავიდეთ საათობრივ, დროზე მიბმულ პარკირების სისტემაზე

21 სექტემბერი, 2017 • 5583
ელენე ხოშტარია: უნდა გადავიდეთ საათობრივ, დროზე მიბმულ პარკირების სისტემაზე

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პარკირების სისტემა საათობრივ დროზე უნდა იყოს მიბმული და მხოლოდ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობა 400 000 ავტომობილის საკითხს ვერ გადაჭრის:

“შეიძლება, ეს არც არის პოპულარული და მეუბნებოდნენ კიდეც, ნუ იტყვი წინასაარჩევნო კამპანიაშიო. სულ რომ წავაგო, მაინც ვიტყვი იმას, რაც მიმაჩნია, რომ სწორია. ჩვენ უნდა გადავიდეთ საათობრივ დროზე მიბმულ პარკირების ევროპულ სისტემაზე. როცა ფასი შენ გაძლევს საშუალებას, დაარეგულირო პარკირება, გეცოდინება, რომ შარდენზე თუ სხვა ადგილას გინდა მისვლა მანქანით, იქ გადაიხდი მეტს. ფასით რეგულირების გარეშე წარმოუდგენელია, რომ ჩვენ შევძლოთ [პარკირების რეგულირება], რაც არ უნდა ავაშენოთ, და ძალიან დიდი პოპულიზმია დღეს იმაზე საუბარი, რომ “სითი პარკთან” გავაუქმებ ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, “სითი პარკი” იყო და არის კრახი. მაგრამ თავისთავად ხელშეკრულების გაუქმება არაფერს არ მოგვიტანს, ხედვა თუ არ გვაქვს. ფასით რეგულირების გარეშე პარკირების პრობლემას ნამდვილად ვერ მოვაგვარებთ”,- განაცხადა ხოშტარიამ WMI ACCESS-ის მიერ ორგანიზაებულ შეხვედრა-დისკუსიაზე, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებთან იმართება.

ელენე ხოშტარიამ იმის შესახებაც ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია”სითი პარკთან” ურთიერთობა მერობის შემთხვევაში. იგი ამბობს, რომ მოქმედი ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და პირობები უნდა შეიცვალოს, თუმცა “ეს პირობები “სითი პარკთან” შეიცვლება თუ სხვა კომპანიასთან, ესეც სანახავია, რაც უკეთესი იქნება ქალაქისთვის”.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პარკინგის ოპერირება კერძო კომპანიით უნდა ხდებოდეს, ნორმალური სახელშეკრულებო პირობებით:

“ძალიან ზედაპირული იქნება, ახლა მე რომ ზუსტად გითხრათ, როგორ წარვმართავ “სითი პარკთან” მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ გავწყვიტოთ კონტრაქტი, ვერ ასრულებს თავის ამოცანას. მაგრამ ამ კონტრაქტის შეწყვეტაზ, როცა ვსაუბრობთ, მცდელობა, რომ სახელმწიფომ არ შეასრულოს თავისი პირობები და გადატეხოს ეს ბიზნესზე, არასწორია. ამოცანა არის, რომ ეს კონტრაქტი შეწყდეს, შეიცვალოს და ჩაიდოს ახალი ნორმალური პირობები. ახლა მე რომ თქვენ გითხრათ, ამ პუნქტში მოვედავები და მერე 25 მილიონს აღარ მივცემ, არასწორი მგონია. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფოს შეცდომის ფასი არ უნდა გადაიხადოს კერძო ბიზნესმა”,- განაცხადა ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი