ახალი ამბები

ბორჯომის გამგეობა ხანძრის გამო გაცემულ პრემიებზე: დამსახურების მიხედვით გაიცა

13 სექტემბერი, 2017 • 2821
ბორჯომის გამგეობა ხანძრის გამო გაცემულ პრემიებზე:   დამსახურების მიხედვით გაიცა

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ფულადი პრემიები მიიღეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გამგებლის პირველმა მოადგილემ, ანზორ სვანიძემ განუცხადა.

ბრძანების მიხედვით, რომელიც 7 სექტემბრით თარიღდება, გამგეობის თანამშრომლებზე სულ 10 150 ლარის პრემია გაიცა. დოკუმენტი თავდაპირველად ფეისბუკით ანონიმურმა პირმა გაავრცელა, თუმცა გამგეობაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს მისი ნამდვილობა. 

ყველაზე მაღალი პრემია, 1250 ლარი გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ და შესყიდვებისა და მატერიალურ ტექნიკური სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ თიხარიშვილმა მიიღეს. ყველაზე მცირე პრემია, 425 ლარი მუნიციპალიტეტის გამგებლის მძღოლს ერგო.

“ეს ბრძანება ნამდვილია და პრემიები უკვე გაიცა იქ ხსენებულ ადამიანებზე. ეს ადამიანები უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ რვა დღის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს შტაბისგან სხვადასხვა დავალება ჰქონდა. რვა დღის განმავლობაში ეს ადამიანები სახლში არ ყოფილან და არ სძინებიათ. რა თქმა უნდა, არ ვადარებთ ჩვენს დამსახურებას  მეხანძრეებს და ჯარსკაცების, რომლებიც  იქ მუშაობდნენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამსახური და დამსახურების მიხედვით გაიცა პრემიები”, -აცხადებს ანზორ სვანიძე.

გამგებლის მოადგილისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაცემულ პრემიებს ასეთი გამოხმაურება. 

“მეხანძრეებზე კეთდება აქცენტი, მაგრამ მეხანძრეებს აქვთ თავიანთი სამსახური, თავიანთი სტრუქტურული ერთეული. შესაბამისად,  გამგეობა მეხანძრეებს თანხას ვერ ჩაურიცხავდა,”-ამბობს გამგებლის მოადგილე.
ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს  2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან გაჩნდა. დაზუსტებული მონაცემები,  რამდენი ჰექტარი დაიწვა ბორჯომში ხანძრის  შედეგად, ამ დრომდე უცნობია.


 

ამავე თემაზე:  ifact: მეხანძრის საშუალო ხელფასი 500-800 ლარია

მასალების გადაბეჭდვის წესი