ახალი ამბებიეკონომიკა

პრემიერი უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე: მორატორიუმი ძალაშია

12 სექტემბერი, 2017 • 4170
პრემიერი უცხოელებზე მიწის გასხვისების  საკითხზე:  მორატორიუმი ძალაშია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის საკითხს ეხმაურება და განმარტავს, რომ კომერციულ ბანკებს მიეცემათ შესაძლებლობა, დარჩეთ მიწის საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, თუმცა იმ პირობით, რომ ამ მიწას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე გაყიდიან.

“მინდა გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში.

საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს კანონის ამოქმედებამდე დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე”. -ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ფინანსური სექტორისთვის ამ უპირატესობის მინიჭება ხდება იმიტომ, რომ ფერმერებმა საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება შეძლონ.

“საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და, ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას.

კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, -წერს გიორგი კვირიკაშვილი.

პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე. კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ.

2017 წლის 16 ივნისს 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა   უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი