ახალი ამბები

ავსტრალიელმა სენატორმა პარლამენტს ბურკის ტარების აკრძალვა შესთავაზა

17 აგვისტო, 2017 • 3329
ავსტრალიელმა სენატორმა  პარლამენტს ბურკის ტარების აკრძალვა შესთავაზა

დღეს ავტსტრალიის პარლამენტში სენატორი პოლინ ჰენსონი ბურკით მივიდა, რათა პარლამენტისთვის სამოსის საზოგადოებრივ ადგილებში ტარების აკრძალვა შეეთავაზებინა. აღსანიშნავია, რომ პოლინ ჰენსონი  ულტრამემარჯვენე პარტიის,  “One Nation”-ის ლიდერია, რომელიც გამოირჩევა თავისი ანტიიმიგრანტული პოზიციით.

სენატორის ბურკაში გამოჩენას, რომელიც მას თავიდან ტერფამდე ფარავდა, გაკვირვებული რეაქციები მოჰყვა. ვიდეოში ისმის, თუ როგორ უწოდებს ჰენსონს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი რასისტს. ჰენსონს ბურკა 10 წუთის განმავლობაში ეცვა, შემდეგ კი  ბურკა დემონსტრაციულად გაიხადა და განაცხადა:

ავსტრალიის სენატორი პარტია "One Nation-ს" ლიდერი პოლინ ჰენსონი 17.08.2017 © EPA/LUKAS COCH

ავსტრალიის სენატორი პარტია “One Nation-ს” ლიდერი პოლინ ჰენსონი 17.08.2017 © EPA/LUKAS COCH

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვიშორო ეს (ბურკა) იმიტომ, რომ მას ადგილი პარლამენტში არ უნდა ჰქონდეს.”

სახელმწიფო მინისტრმა ჯორჯ ბრენდისმა, რომელიც კონსერვატული “ლიბერალური პარტიის” წევრია, დაგმო ჰენსონის ქმედება და განაცხადა, რომ ავსტრალიაში ბურკა არ აიკრძალება. გარდა ამისა, ბრენდისმა სენატორს სიფრთხილისკენ მოუწოდა:

“მე პატივისცემით გირჩევთ და გაფრთხილებთ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდოთ იმ შესაძლო შეურაცხყოფას,  რაც ავსტრალიელების რელიგიურ გრძნობებს შეიძლება მიადგეს.”

მან ასევე აღნიშნა, რომ ავსტრალიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მუსლიმია, რომელთა უმეტესობა კანონმორჩილი მოქალაქეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი