აგფან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის უფროსები მუხთარლის საქმის გამო დაითხოვეს

ნებისმეირ შემთხვევაში საზღვრის კვეთა მოხდა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, – ასე ახსნა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლება.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თვენახევრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია და რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, აფგან მუხტარლის მეუღლის – ლეილა მუსტაფაევას ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 30 მაისს, დაიწყო გამოძიება აფგან მუხტარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით. მღებრიშვილის თქმით, განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

კერძოდ, როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან, რომლებიც კოლმეურნეობის მოედანზე მდებარეობს:

“ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა 19 კამერის ვიდეოჩანაწერი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, N2-ში მდებარე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება, თეთრი ფერის მაისურით, სავარაუდოდ, აფგან მუხტარლი N4 მიკროავტობუსში ჯდება.”

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიების მიერ გამოიკითხა N4 მიკროავტობუსის ყველა მძღოლი (22 მოწმე), რომლებმაც განმარტეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: “მეტროსადგურ “300 არაგველებიდან”, კოლმეურნეობის მოედნის და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.”

მინისტრის თქმით, გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის, ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები. მღებრიშვილის განცხადებით, მოწმეებმა განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე, არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.

როგორც მღებრიშვილი აცხადებს, 4 ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხტარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამოღებული და დათვალიერებულია 27 კამერის ვიდეოჩანაწერი. თუმცა, მინისტრის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერებში, მოცემულ პერიოდში აფგან მუხტარლი არ ფიქსირდება.

“ნიაღვრისა და ჭონქაძის ქუჩებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე, არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება,” – ამბობს გიორგი მღებრიშვილი.

მისი განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში, რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე სულ გამოკითხულია 343 მოწმე. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სასამართლო განჩინებით შპს “მაგთიკომიდან” გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით აფგან მუხტარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე, ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. იმეი კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე.

“გამოძიების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით, გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხტარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე, ასევე, ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ,” – ამბობს შს მინისტრი.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აფგან მუხტარლის ცოლს და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება – პირადი დაცვა, რაზედაც ლეილა მუსტაფაევამ უარი განაცხადა.

“აფგან მუხტარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დამცველი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის წერილობით მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება,” – ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მღებრიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმე განეკუთვნება საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს და სწორედ ასეთი საქმეების მიმართ მთავრობის დამოკიდებულება განსაზღვრავს როგორც სუს–ის, ასევე შსს–ს რეპუტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან, საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვა არ დარჩეს:

“ამიტომ, ზემოაღნიშნულ უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე – შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.”

დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კუპრაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი დავით ნიკოლეიშვილი.

შს მინისტრის განცხადებით, გამოძიებას არ აქვს უფლება გამორიცხოს რომელიმე ვერსია და, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება:

“მიმაჩნია, რომ შესაბამისი ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად.”

დავით ნიკოლეიშვილი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელად გიორგი მღებრიშვილმა 2016 წლის 5 დეკემბერს დანიშნა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა ამის შემდეგ აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.