კობახიძე: შეიძლება ვიფიქროთ საარჩევნო ბონუსის კორექტირებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო სისტემის საკითხზე და შეიძლება უკეთესი ვარიანტი წარმოადგინონ.

“ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას. შეიძლება, უკეთესი ვარიანტი შევთავაზოთ საზოგადოებას. ღიად განვაცხადეთ, რომ შეიძლება ვიფიქროთ ბონუსის კორექტირებაზე იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ გაუნაწილებელი მანდატების უსამართლო განაწილება. მცირე კორექტივი პროპორციაში არაა უსამართლობა, საუბარია მცირე გადახრაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი ელოდება ვენეციის კომისიის შეფასებას, რადგან იურისტებისგან დაკომპლექტებული ორგანოა, რომელიც ობიექტური არგუმენტებით იხელმძღვანელებს,

“ჩვენს ოპონენტებს აქვთ პოლიტიკური ინტერესი. ისინი იბრძვიან იმისათვის,  რომ მიიღონ მეტი მანდატი პარლამენტში არჩევნების საფუძველზე. ეს სუბიექტური ინტერესია. ჩვენ სუბიექტურიც გვაქვს და ობიექტურიც, ამოვდივართ ობიექტური ინტერესებიდან. ოპოზიციური პარტიების ინტერესი არის გასაგები. ოპონენტები გვეუბნებიან, რომ ბონუსი არის უსამართლო. ვენეციის კომისიას იმიტომ ველოდებით, რომ ის არის იურისტებისგან შემდგარი კომისია. თუ ვენეციის კომისია დაადასტურებს იმას, რასაც გვეუბნებიან შინაური ოპონენტები, რომ ბონუსი არის უსამართლო, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად, თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ სამართლიანია ბონუსი, მაშინ გვაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი ოპონენტების პოზიცია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბონუსი არის უსამართლო”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის ტოლობის ნიშანი არ არსებობს.

“ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი. პროპორციულობასა და სამართლიანობას შორის ტოლობის ნიშანი არ არსებობს ეს არის ამოსავალი ნაწილი. 5%-აინი ბარიერი დაწესებულია ბელგიაში, ლატვიაში, ლიტვიაში. ბონუსი არ არის მიბმული ბარიერზე, ამიტომ არასწორადაა დასმული კითხვა. იტალიაში ბარიერი კია 3%, მაგრამ ბარიერზე მიბმულია ბონუსი, საბერძნეთში მოჭრილი 17% ეძლევა. იტალიაშიც ზუსტად იგივეა, 2 ქვეყანაში მოქმედებს ბონუსი და ორივე ქვეყანაში აქვს მოჭრილი მანდატები გამარჯვებულ პარტიას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com