ახალი ამბები

კალაძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ბიუროკრატიის შემცირებით ხსნის

12 აპრილი, 2017 • 2506
კალაძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ბიუროკრატიის შემცირებით ხსნის

ვიცეპრემიერი კახა კალაძე მიესალმება, თუ პარლამენტი 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას დაუჭერს მხარს და ისინი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდებიან. ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამით შემცირდება ბიუროკრატია, სისტემა უფრო მოქნილი გახდება და გამარტივდება გადაწყვეტილებების მიღება.

“თავიდან ჩვენ ვიყავით ინიციატორები ამ რეფორმის – კოალიცია “ქართული ოცნება”, თუმცა პრაქტიკაში გამოიკვეთა ძალიან ბევრი ხარვეზი და ძალიან ბევრი პრობლემები მუშაობის დროს. გაჩნდა უფრო მეტი ბიუროკრატია. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღების დროს, აღსრულების ნაწილში იყო მხოლოდ პრობლემები. ვფიქრობ, გაერთიანების შემთხვევაში, სისტემა უფრო მოქნილი იქნება – უფრო იოლიად იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა კალაძემ.

როგორც ვიცეპრემიერი ამბობს, პარლამენტი თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო თუ მათი მხრიდან გახმიანდება ისეთი მოსაზრებები, რისი გათვალისწინებაც საჭიროა, საკანონმდებლო ორგანოში მას აუცილებლად გაიზიარებენ.

ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ თვითმმართველობის კოდექსში შესაძლოა ცვლილება შევიდეს, რის შედეგადაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ისევ ხუთამდე შემცირდება; თვითმმართველი ერთეულის სტატუსს დაკარგავენ ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

125–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების არგუმენტებს 5 კონტრარგუმენტით პასუხობს. მათი განცხადებით, სამინისტროს არგუმენტები უზუსტობებს შეიცავს. ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით შემცირდება რეგიონებში დემოკრატიის ხარისხი. ვრცლად NGO-ების შეფასება და შენიშვნები იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი