ახალი ამბებისაზოგადოება

საზმაუმ, ჯამში, GDS-ის 11 ყოფილი თანამშრომელი დაიმატა

28 მარტი, 2017 • 20954
საზმაუმ, ჯამში, GDS-ის 11 ყოფილი თანამშრომელი დაიმატა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა GDS-ის გადაცემა 20/30-ის კიდევ 5 ჟურნალისტი დაიმატა, ხოლო მოლაპარაკებებს ამავე ტელევიზიის სხვა ყოფილ თანამშრომლებთანაც აწარმოებს. ამის შესახბ ინფორმაცია ნეტგაზეთს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა.

გვიმრაძის თქმით, ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი თანამშრომლებიდან 2 საზოგადოებრივ მაუწყებელის ვებ–გვერდზე მუშაობს, 4- პროდაქშენში და 5- საინფორმაციოში. მან ასევე დაგვიდასტურა, რომ მოლაპარაკებები GDS-ის სხვა თანამშრომლებთანაც მიმდინარეობს, მათ შორის, მაკა ცინცაძესთან.

კითხვაზე, მოიაზრება თუ არა მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში რომელიმე გადაცემის ან “მოამბის” წამყვანად, გვიმრაძე გვპასუხობს: “შევხედავთ… მოლაპარაკების შედეგად, რაზე შევთანხმდებით.”

GBP-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ია ანთაძე კი ამბობს, რომ ეს პროცესი არანაირ კავშირში არ არის GDS-თან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმი უბრალოდ ახალი კონცეფციის აწყობაზე გადადის.

“საქმე ის არის, რომ აქ ნიუსრუმი იყო აწყობილი ერთ ყაიდაზე და ახლა უნდა გადაეწყოს მეორე ყაიდაზე იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია არსებობს ნიუსრუმის ახალი კონცეფცია, რომელიც ჯერ-ჯერობით არსებობს მხოლოდ ქაღალდზე. იქ ყველა პოზიცია გაწერილია და ნიუსის წარმოების მთელი სისტემა არის შესაცვლელი. ამიტომ იმ გარკვეულ თანამდებობებზე და პოზიციებზე, სადაც აკლდა თანამშრომლები, ესენი ივსება ნელ–ნელა და თან ნიუსრუმი გადადის ამ ახალი კონცეფციის აწყობაზე. აქ არის მთავარი, რა სჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმს და არა ის, რა სჭირდება 20/30–ის ყოფილ ნიუსრუმს. თქვენ სხვანაირად აყენებთ საკითხს და სინამდვილეში სხვანაირად არის,” – განუცხადა ნეტგაზეთს ანთაძემ.

ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ წინასწარ ჭორის სახით გავრცელებული ინფორმაციები GDS-ის თანამშრომლების საზოგადოებრივ მაუწყებელში პორტირების შესახებ ახდა, რაც არის ძალიან უხერხული და სამწუხარო.

“ამას ყველა ვხედავთ და გახსოვთ თქენ, როგორ დაიწყო პროცესები მას შემდეგ, რაც ბარათაშვილი გადადგა: პირველი, რაც ითქვა და გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც მე ბოლომდე არ ვუჯერებდი, იყო ის, რომ გამოათავისუფლეს სპეციალურად ბატონი ვასილ მაღლაფერიძე იმისთვის, რომ გამხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი – ეს ახდა. მაშინვე ცხადი იყო, რომ GDS აღარ გააგრძელებდა ფუნქციონირებას, როგორც საერთო არხი, და აღარ ექნებოდა საინფორმაციო სამსახური, ხოლო იქ დასაქმებულ კადრებს დასჭირდებოდათ სამსახური. ამისთვის იყო გათვალისწინებული ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში – ეს ჭორიც ხდება, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არის უხერხული და სამწუხარო. ეს ინფორმაციები ვრცელდებოდა და მაშინ ვერც გადაამოწმებდი – რა მოხდება მომავალში, არ არის გადასამოწმებადი ინფორმაცია. იყო მხოლოდ ვარაუდები, რაც საბოლოოდ დადასტურდა,” – ამბობს კუპრაშვილი.

მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი აზარალებს საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ნდობას: “ბოლო პერიოდში ბევრი ახალი რამ ემატებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოება მას თანდათან აღიქვამდა, როგორც მართლა დამოუკიდებელ აქტორს, რომელიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებდა. ამ პროცესმა, პირველ რიგში, ამას დაარტყა. არ ვსაუბრობ იმის შესახებ, რომ GDS-ის რომელიმე კონკრეტული თანამშრომელი ცუდია ან კარგია. ზოგადად, მათი კომპეტენციების შეფასება არ მომხდარა და არანაირი საკონკურსო პირობები არ ახლდა ამას: მოეძიებინათ კადრები და ამ შერჩევის საფუძველზე დაგვენახა, რომ მათი კომპეტენცია აჭარბებდა სხვებისას.”

ნათია კუპრაშვილის თქმით, როდესც საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტი საუბრობს გადაჭარბებულ ხარჯებსა და კადრების ოპტიმიზაციაზე, ამ პირობებში, ახალი თანამშრომელების დამატება კიდევ ცალკე საკითხია.

“ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან უმნიშვნელოა იმ ზარალთან, რომელიც უკვე მიადგა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც არის უმეტესად ნდობის დეფიციტში გადაყვანა. ძალიან სამწუხაროა, უბრალოდ. 2×2=4–ია, რომ წლის ბოლოს ეს საკითხები აუცილებლად მოხვდება მედიამონიტორინგის ანგარიშებში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ის ანგარიშებიც იმიტომ იწერება, რომ ჩვენ თვითონ დავინახოთ, როგორ აკვირდებიან გარედან ამ პროცესებს და რა ტიპის დინამიკა გვაქვს უკუსვლის თუ წინსვლის. სამწუხაროა, რომ ეს უკუსვლის მაჩვენებლად აღიქმება. გავლენა და მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი აღიქმება გარეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ მთავარი პრობლემა არის თვითონ შიგნით, საზოგადოების მხრიდან პროცესების აღქმები. არ მგონია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი დადებითად აღიქვამდეს ამ პროცესს,” – ამბობს ჟურნალისტი.

კუპრაშვილის შეფასებით, ეს პროცესი საზიანოა GDS-ის ყოფილი თანამშრომლებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტაფისთვისაც, რადგან მათი მომავალი უკვე ვიღაცის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული:

“პირველ რიგში, ეს აზარალებთ GDS-ის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ფორმით მოდიან საზოგადოებრივ მაუწყებელში. თავისთავად, ისინი უკვე არიან მოწყვლადები იმიტომ, რომ არავის მიუღია ისინი კონკურსით ამ პოზიციებზე. ამიტომ, როგორი იქნება პოლიტიკური ნება, ისეთი იქნება ამ ჟურნალისტების და სტაფის მომავალიც ამ არხზე. ეს მათთვისაც ძალიან საზიანოა იმიტომ, რომ როცა არ ხარ ნდობით აღჭურვილი, აქ უკვე ხარ ძალიან სუსტი.”

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში კონკურსის გარეშე, მოლაპარაკებების გზით, 11 ახალი კადრი დაიმატა, რომლებიც მანამდე ტელეკომპანია GDS-ზე, გადაცემა 20/30-ში მუშაობდნენ. გიორგი გვიმრაძის თქმით, არ იყო იმის ვალდებულება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მათ აყვანამდე კონკურსი გამოეცხადებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი