შალვა ხუციშვილი: ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე იმაზე მეტია დასაკავებელი, ვიდრე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, 11 მარტს ბათუმში მომხდარი არეულობი დროს, პოლიცია სიტუაციას აკონტროლებდა. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს არ იყო მთელი ბათუმის გადაწვა. ეს იყო ერთი კონკრეტული ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე განვითარებული მოვლენები პოლიციის წინააღმდეგ და სხვა მოქალაქეებს არ ეხებოდათ. შეუმჩნელად პატრულირებდა პოლიცია და სრულად ვაკონტროლებდით  ვითარებას. ნებისმიერი განვითარებისთვის ვიყავით მზად,” – ამბობს შალვა ხუციშვილი და აღნიშნავს, რომ თუ დაპირისპირება სხვა ქუჩებში გადაინაცვლებდა, პოლიცია ამისთვისაც მზად იყო.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და სავარაუდოდ არაერთ პირს დააკავებენ:

“სავარაუდოდ, გაგრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირების დაკავება. ასეთი პირები იმაზე მეტი არიან, ვიდრე ამ ეტაპზე არიან დაკავებული. ჩემი მხრიდან, წინასწარი დასკვნის გაკეთება, თუ ვინ იდგა ამ მოვლენების უკან სწორი არ იქნება, ეს გამოძიებამ უნდა თქვას საბოლოო ჯამში.”

ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ბათუმის მოვლენები უპრეცენდენტო შემთხვევა იყო პოლიციის გამოცდილებაში:

“სტიქიურად განვითარდა მოვლენები და წინასწარ არ იყო ცნობილი ორგანიზატორი. აქამდე არსებული გამოცდილებით, პოლიცია წინასწარ ემზადება, უსაფრთხოების ნორმებს იღებს და იცის დაანონსებული აქციის ორგანიზატორების ვინაობა, რომელსაც დაველაპარაკებოდით. წინასწარი მზადყოფნა არ ქონდა პოლციიას და ამ პირობებში შეძლო სიტუაციის როგანიზებულად მართვა.”

ხუციშვილის განცხადებით, როცა პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო,  იქ მყოფი პირები ისევ აგრძელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს:

“თავისი ნებით არავინ დაშლილა. ისეთი ელფერი მისცეს, რომ თითქოს პოლიციამ ყველა რომ დაიშალა, შემდეგ მივიდა”.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბათუმის მოვლენები შსს-სა და სუს-ს შორის დაპირისპირების შედეგი არ არის:

“ჩვენსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება არ არსებობს. ურთიერთობა არის ძალიან ეფექტური, კოორდინირებული და ჰარმონიული. ეს შეეხება ხელმძღვანელ პირებს შორის ადამიანურ ურთიერთობს  და ჩვენი სისტემების ურთიერთმოქმედებებსაც.”

12 მარტს, გამთენიისას ბათუმში ქაოსი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. დემონსტრანტებმა დაარბიეს ქუჩები და დაწვეს ავტომობილები. ქალაქში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.  აქციის შემდეგ შსს დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით კი 75 ადამიანი დააკავეს.

______________________________________________________________

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში სწორედ ენმ-ს წევრები იყვნენ ჩართული.

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ენმ პროტესტის უფლებას მანამ აღიარებს, სანამ ძალადობრივ ფორმას მიიღებს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებული იყო, რაც მისი თქმით, მათ უუნარობაზე მეტყველებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველობის ხუთი წლის თავზე, ხელისუფლებამ პრობლემების “ნაციონალურ მოძრაობისთვის” დაბრალებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.