“მწვანე ანთოლოგია” – ახალი წიგნი (არა მხოლოდ) “მწვანე აქტივისტებისთვის”

ეკოლოგია, გლობალური დათბობა, სოციალური უთანასწორობა, ეკოკაპიტალიზმი, — ძირითადად ამ საკითხებს მიმოიხილავს სხვადასხვა ავტორი ახალ წიგნში “მწვანე ანთოლოგია – პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანე თვალთახედვით”, რომელიც “კავკასიურმა სახლმა” გამოსცა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით. 

როგორც “კავკასიური სახლის” წარმომადგენელი ტატო ხუნდაძე ამბობს, წიგნში ოთხი, მისი შეფასებით, უმნიშნველოვანესი გამოწვევაა ასახული, რომლის წინაშეც მსოფლიოს ქვეყნები არიან: ვალები და ფინანსური ეკონომიკა, “შავი ინდუსტრია”, მომხმარებლური საზოგადოება და გლობალური თანასწორობა/გლობალური უთანასწორობა.

“საჭიროდ ჩავთვალეთ, გვეთარგმნა ავტორები, რომლებიც ამ გამოწვევებზე მუშაობენ და აქტიურად განიხილავენ ამ საკითხებს ევროპაში,  რადგანაც საქართველოში ცოდნის წარმოება არ მიმდინარეობს — სამეცნიერო კვლევითი სივრცეები მოშლილია. გვინდოდა ეს ინტელექტუალური რესურსი ქართულ ენაზე გვეთარგმნა და ქართველი ავტორებისთვის გაგვეცნო”, – ამბობს ტატო ხუნდაძე.

ერთი შეხედვით, თითქოს შორს ვართ წიგნში წამოჭრილი პრობლემებისგან და გვიჭირს ევროპულ სააზროვნო სივრცეში შესვლა, ამბობს წიგნში შესული ტექსტების ერთ-ერთი მთარგმნელი ლევან ლორთქიფანიძე.  ამიტომ, მისი აზრით, ეს ტექსტები კარგად უპასუხებს ქართული საზოგადოების მოთხოვნილებას,  “გავიგოთ მეტი, თუ რა აწუხებთ იმ საზოგადოებებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით და გვინდა, რომ იყოს ჩვენი განვითარების შემდგომი გაჩერება”.

ტატო ხუნდაძე გვიხსნის, რატომ არის წიგნში წამოჭრილი საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი:

“საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, განიხილებოდა როგორც წარმატებული რეფორმების ქვეყანა, თუმცა რეალობა სხვაგვარია – საქართველო არის ვალების ეკონომიკა, რომელიც, ფაქტობრივად, არაფერს აწარმოებს, — საქართველო “აწარმოებს” მხოლოდ ადამიანს და მხოლოდ მუშახელის ექსპორტირებას ეწევა ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა, ქვეყანა უმუშევრობითაც გამორჩეულია, სიღარიბე და უთანასწორობაც ძალიან მწვავე პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის. ამას დაემატა ისიც, რომ თბილისი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი, რაც არის მნიშნველოვანი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, – თბილისი იქცა პატარა გაზის კამერად, სადაც ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია”, – თქვა ხუნდაძემ 8 დეკემბერს წიგნის პრეზენტაციაზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისში.

ლევან ლორთქიფანიძე, გერჰარდ შიკი, ნინო ლეჟავა (ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი) და ტატო ხუნდაძე “მწვანე ანთოლოგიის” პრეზენტაციაზე. 08.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ლევან ლორთქიფანიძე, გერჰარდ შიკი, ნინო ლეჟავა (ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი) და ტატო ხუნდაძე “მწვანე ანთოლოგიის” პრეზენტაციაზე. 08.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

წიგნში შესული ტექსტების ერთ-ერთი მთარგმნელი, ლევან ლორთქიფანიძე წიგნის ღირსებებზე საუბრობს:

“პირველი მისი ღირსება ისაა, რომ მოიცავს “მწვანე ავტორებისა” და თეორიტიკოსების ფართო სპექტს – ამ წიგნში შეხვდებით რალფ ფუკს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სათავო ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელს, – ის შედარებით მემარჯვენე მიმართულების მწვანე თეორიტიკოსია და ჩვენ ვთარგმნეთ ის თავი, სადაც იგი საუბრობს ეკოკაპიტალიზმზე – როგორ შეიძლება კაპიტალიზმისთვის ეკოლოგიური ანაბეჭდის დასმა და მისი ეკოლოგიურად ორიენტირება. ამავე წიგნში შეხვდებით ვოლფგანგ შტრეეკს – ცნობილ გერმანელ პროფესორს, რომელიც ნეოლიბერალიზმის უარყოფით მახასიათებლებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ მოხდა, რომ გადასახადების სახელმწიფოდან მივიღეთ ვალების სახელმწიფო… კანადელი მწერალი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ნაომი კლაიმი საუბრობს, რა კავშირია გლობალურ კაპიტალიზმსა და გლობალურ დათბობას, ეკოლოგიურ პრობლემებს შორის. როგორ შეიძლება დედამიწის გადახურება დროის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემად ჩამოყალიბდეს და ა.შ”, – ამბობს ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც, თავის მხრივ, მემარცხენე-ეკოლოგიური მოძრაობა “მწვანე მუშტის” ერთ-ერთი დამაარსებელია.

მას მიაჩნია, რომ აქტივისტებმა სოციალური და ეკოლოგიური საკითხები უნდა გააერთიანონ, ერთმანეთს დაუკავშირონ და მათ შორის იერარქია არ უნდა ეძებონ:

“ამ პრობლემებს ჰყავს ერთი წყარო და ეს წყარო არის ის წესრიგი, რომელიც შექმნილია ევროპაშიც და მსოფლიოშიც, რომლებიც მიმართულია რესურსების მაქსიმალური ათვისებისკენ და ამ ათვისების ხარჯზე მხოლოდ მცირე ჯგუფებისთვის მხოლოდ გარკვეული ტიპის სიკეთეების მოტანისკენ. ეს წიგნი იმ სოციალურ და ეკოლოგიურ მოძრაობებს, რომლებიც საქართველოში არსებობს, დამატებით არგუმენტებს შესძენს თავიანთ ბრძოლაში”, – ფიქრობს “მწვანე მუშტის” აქტივისტი.

“მწვანე ანთოლოგიაში” შესულია ორი თავი გერმანული “მწვანეთა პარტიისა” და ბუნდესტაგის წევრის, ეკონომისტი გერჰარდ შიკის 2014 წლის წიგნიდან – “ძალაუფლების ეკონომიკა – არა, გმადლობთ”! ამ ნაწილში ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს პრობლემაზე, რომ აუცილებელია “მეტი ბაზრისა” და “მეტი კონკურენციის” პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერების შეზღუდვა. გერჰარდ შიკი თბილისში “მწვანე ანთოლოგიის” პრეზენტაციაზეც იმყოფებოდა. მანაც ისაუბრა მსოფლიოში რესურსების არათანაბარ გადანაწილებაზე:

“ყველაზე მდიდრების 10% სულ უფრო მდიდრდება, ყველაზე ღარიბი 10% კი სულ უფრო ღარიბდება. ქონების ყველაზე დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უმდიდრესი ადამიანების 10%-ის ხელში, რომელიც მსოფლიოში მთელ რესურსებს აკონტროლებს. აშშ-ის შემთხვევაში, მთელი ეკონომიკური მოგების ნახევარზე მეტი მხოლოდ უმდიდრესი 1%-ის ხელშია თავმოყრილი. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური წინსვლა თანასწორად არ არის გადანაწილებული მოსახლეობის ხელში. ეს მოგება, შემოსავლები საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისგან მიღებული შემოსავლები მხოლოდ ყველაზე მდიდარი 10%-ის ხელში კონცენტრირდება”, – ამბობს გერმანიის მწვანეთა პარტიის ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი.

შიკი საუბრობს სამართლიანობის გენდერული განზომილებაზეც: “გერმანიაში იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ქალები თითქმის 20%-ით ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობენ კაცებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება იმავე სამუშაოს ასრულებდნენ და იგივე კვალიფიკაცია ჰქონდეთ, როგორც კაცებს. ბუნებრივია, ამის ასე გაგრძელება არ შეიძლება”, – ამბობს იგი და სამართლიანობის კიდევ ერთ, ტერიტორიულ განზომილებაზე ამახვილებს ყურადღებას:

“სულ უფრო დიდი შემოსავლების კონცენტრირება ხდება ფინანსურ ცენტრებში და არა იქ, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები მუშაობენ. სწორედ ეს ქმნის ერთგვარ უსამართლობას, უთანასწორობას ქალაქსა და სოფელს შორის. სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ასეთი მოულოდნელი შედეგები დადგა აშშ-ის არჩევნებისა და რეფერენდუმის შემთხვევაში”, – ამბობს ავტორი.

“მწვანე ანთოლოგია - პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანე თვალთახედვით” - წიგნის პრეზენტაცია. 08.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“მწვანე ანთოლოგია – პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანე თვალთახედვით” – წიგნის პრეზენტაცია. 08.12.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გამომცემლების აზრით, “მწვანე ანთოლოგიაში” თავიანთთვის სასარგებლო პუბლიკაციებს აღმოაჩენენ ლიბერალი გარემოსდამცველებიც, ეკოსოციალისტებიც და მემარცხენეებიც. მომავალში ისინი აპირებენ, “მწვანე ანთოლოგიის” შემდეგი ტომი გამოსცენ, სადაც ამ და მომიჯნავე საკითხებზე სხვადასხვა ავტორების ტექსტები შევა. მანამდე კი “მწვანე ანთოლოგიის” ეგზემპლარის მიღება “კავკასიურ სახლში” უფასოდ შეეძლებათ მსურველებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.