42016

დაპირისპირება: ენმ სააკაშვილით თუ მის გარეშე

ენმ, რომელმაც ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე 27.14% მიიღო, პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომა დღეს, 19.30 საათზე, დაიწყო და მას წინ უძღოდა პარტიის თბილისის ორგანიზაციის და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გავრცელებული განცხადება.

პარტიის პრესსამსახური ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ერთი კვირის წინ დაინიშნა და მას კავშირი არა აქვს უგულავას წერილთან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სხდომაზე შესაძლოა პოლიტსაბჭოს განახლებაზეც იმსჯელონ.

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნებულმა წერილმა და მასზე ენმ-ის ლიდერების საჯარო რეაქციებმა ცხადი გახადა შიდაპარტიული დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში.

უგულავას წერილის შემდეგ პარტიის ლიდერები საჯაროდ, სოციალურ ქსელებში და მედიასთან განიხილავენ, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ენმ-ს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად და მის გარეშე.

“თბილსერვისჯგუფის” საქმეზე მსჯავრდებული გიგი უგულავა წერილში წერს, რომ პარტიაში განახლებისა და განვითარების დროა, ამიტომ აუცილებელია, პარტიამ “თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში” ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტიკური საბჭო აირჩიოს.

უგულავა პირდაპირ ასახელებს მიხეილ სააკაშვილს და შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ღიად არ დაასახელა. მისი თქმით, გაურკვევლობამ, რომელიც პარტიამ შექმნა, წარმოქმნა აზრი, რომ საზოგადოებას ისინი სთავაზობდნენ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას.

უგულავას განცხადებას განცხადებით უპასუხეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც. მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილი  განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა გიგი უგულავას წერილზე გამოხმაურება. თაქთაქიშვილის თქმით, უგულავას წერილი პარტიის ხელმძღვანელობამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გაავრცელა და დაასპონსორა.

“ეს მიუთითებებს, რომ პარტიის ლიდერშიფის ინტერესია მიშას ყოფნა-არყოფნაზე მსჯელობის საჯაროდ გამოტანა. მგონია, რომ ივანიშვილის დასანახად და გულის გასახარად ენმ-ის შიგნით არსებული ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებების გამომზეურებას სენსიტიურ თემებზე და აქ საუბარს, ჯობია შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ფართო წრეში, ყველა ჩვენი მხარდამჭერის, აქტიური თანამებრძოლების ჩართულობით და იქ განვიხილოთ განსხვავებული და უერთიერთსაპირისპირო არგუმენტები, ყოველგვარი რიდის და თავშეკავების გარეშე”,- აცხადებს თაქთაქიშვილი, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მისთვის და პარტიის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის პარტიის უპირობო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.

“მე არ ვაპირებ, რომ თვალი დავიბრმავო, ხელი შევუწყო და მხარი დავუჭირო არც ერთ იმ გადაწყვეტილებას, რომელთაც პუტინის პროპაგანდისტური მედია აუცილებლად ხელზე დაიხვევს და თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს, აი, სააკაშვილი საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენესო. ვერც იმას შევუწყობ ხელს, რომ ივანიშვილმა თავისი ოცნება აისრულოს, რასაც ამდენი ხანია, დაჟინებით და კატეგორიულად ითხოვდა ჩვენგან: მიშას გაემიჯნეთ და მერე გაღიარებთ ჩემს ოპოზიციადო! არ ვაპირებ, არაფრის ფასად, რომ ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულ რეალობას შევეგუო, რომელიც მიშას და ენმ-ის სხვა ლიდერებს უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში ჩვენი პარტიის ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ”,- წერს თაქთაქიშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალური მოძრაობა” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მანამდე საზოგადოებას არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებოდა, განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, რადგან ამის აზრს ვერ ხედავს, მან ასევე განაცხადა, რომ ის მანდატები, რომლებიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების გზით მოიპოვა, არ უნდა გამოიყენონ და პარლამენტში არ უნდა შევიდნენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან რამდენიმე საათში “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფარგლეში იმსჯელებდნენ, საბოლოოდ კი პარტიის პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამჟამინდელი ვითარებით “ნაციონალური მოძრაობა” ორ ჯგუფადაა დაყოფილი, რომლის ერთ მხარეს მიხეილ სააკაშვილია. მისი აქტიური მხარდამჭერი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, დღეს, 4 ნოემბერს გიგი უგულავას წერილს facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაუყრა. მისი თქმით,  ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია ბიძინა ივანიშვილს საფრთხე შეუქმნას, მიხეილ სააკაშვილია. საყვარელიძე ასევე მინიშნებას აკეთებს გიგა ბოკერიაზე, რომელსაც პარტიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირად მოიაზრებს და მასვე აკისრებს “პარტიის იზოლაციის პასუხისმგებლობას”.  

გიგი უგალავას განცხადებას დღეს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. იგი პარტიას სთავაზობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით მოიწვიოს. იგი ასევე გამოვიდა პარტიის ახალი თავმჯდომარის და, რაც მთავარია, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის ინიციატივით და განაცხადა, რომ  “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება გადაჯგუფება” და “ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში”. იგი ასევე გამოვიდა  პარტიის ახალი თავმჯდომარის და, რაც მთავარია, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის ინიციატივით.

“ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ენმ-ის ყრილობა უკვე დააანონსა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ენმ-ის პოლიტსაბჭო 4 ნოემბრის სხდომაზე, სავარაუდოდ, ამაღამვე გახდება ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com