ახალი ამბები

არასრულყოფილი რეფორმა და კლანური მმართველობა – სასამართლო სისტემა TI-ის ანგარიშში

20 სექტემბერი, 2016 • 2982
არასრულყოფილი რეფორმა და კლანური მმართველობა – სასამართლო სისტემა TI-ის ანგარიშში

რა პროგრესი განიცადა და რა  პრობლემები გამოვლინდა სასამართლო სისტემაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ოთხწლიან პერიოდში – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TIGeorgia)” ანგარიშში არის საუბარი.

ანგარიშში, რომელიც 2012 ოქტომბრიდან 2016 წლის აგვიტომდე პერიოდს მოიცავს, ამ ოთხ წელიწადში განხორციელებული რიგი ცვლილებები პოზიტიურად არის შეფასებული, თუმცა უფრო მეტი ადგილი ეთმობა გამოწვევებზე საუბარს.

“2012 წლის შემდეგ, ზოგადად, სასამართლო სისტემაში მდგომარება გაუმჯობესდა… ის, რომ რიგით მოქალაქეებს აქვთ საშუალება, სასამართლოში სამართალი იპოვონ – ეს ასეა,”- განაცხადა TI-ის დირექტორმა ეკა გიგაურმა ანგარიშის წარდგენისას. თუმცა ანგარიშის ავტორები იქვე საუბრობდნენ იმის შესახებაც, რომ რეფორმა ხელისუფლებას ბოლომდე არ მიუყვანია და სასამართლო სისტემაში კვლავ არის პრობლემები.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული სასამართლოს რეფორმის პირველი და მეორე ტალღები, რომელთა განხორციელებითაც გაუმჯობესდა კანონმდებლობა: დაიხვეწა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი; გაიზარდა მოსამართლეთა თვითმმართველობისა და ინდივიდუალური მოსამართლის როლი, დასაშვები გახდა სასამართლო სხდომების აუდიო/ვიდეოჩაწერა.

 

TI-ის მონიტორინგის შედეგები

TI-ის მონიტორინგის შედეგები

ანგარიშში ასევე პოზიტიურ ცვლილებებად არის მოხსენიებული შემდეგი საკითხები:

[checklist]

  • შემცირდა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებათა მაჩვენებელი. ადმინისტრაციულ საქმეებზე TI-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2012 წელს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდა დავათა 79%, ხოლო 2014 წელს ეს მაჩვენებელი 53%-მდე შემცირდა.
  • სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების ტენდენციის შემცირება და სახელმწიფო მხარის/პროკურატურის შუამდგომლობების დაუსაბუთებლად დაკმაყოფილების მაჩვენებელის კლება.
  • გაიზარდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა. მაგალითად, სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობისა და სხდომების გაშუქების მიმართულებებით.

[/checklist]

 

მიუხედავად ამ პოზიტიური ცვლილებებისა, ანგარიში საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებული “კლანური მმართველობის” შესახებ ეჭვებსა და მოსმაართლეების გარიგებით დანიშვნების შესახებ.

“სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბდა მოსამართლეთა ჯგუფი, რომელსაც აქვს ეფექტური ბერკეტები, ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და არ არის შემწყნარებელი გამოთქმული კრიტიკის მიმართ. მსგავსი ვითარება სერიოზულ ეჭვებს აჩენს მოსამართლეთა კორპუსში კლანური მმართველობის შესახებ, რაც ძირს უთხრის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ანგარიშის თანაავტორმა, TI-ის პროგრამების მენეჯერმა გია გვილავამ განაცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა მოსამართლეთა დაუსაბუთებელი დანიშვნის, დაწინაურებისა და გადაყვანის საკითხი.

“ვერავინ ვერ გაიგებს, რატომ დაინიშნა ერთი მოსამართლე და არ დაინიშნა მეორე, ეს აუცილებლად მოსაგვარებელია,”- განაცხადა მან ნეტგაზეთთან საუბრისას.

მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშში ვხვდებით ჩანაწერს, რომ 2013-14 წლებში გამოვლენილი დადებითი ტენდენციები 2015 წლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა:

“არამოსამართლე წევრების ინიციატივით დაიწყო საბჭოში დისკუსია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და მათი აქტიურობის შედეგად საბჭოში რეალურად გაჩნდა განსხვავებული მოსაზრებები. 2015 წლიდან საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობით მიღწეული პლურალიზმის და წარმომადგენლობითობის მდგომარეობა თანდათან შეიცვალა და საბჭოს ცალკეული არამოსამართლე წევრების პოზიციები სულ უფრო ხშირად ეთანხმებოდა მოსამართლე წევრების პოზიციებს. ამ პერიოდიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის პოზიციების თანხვედრა, ასევე, გადაწყვეტილების მიღების წინ საბჭოს წევრების კონსულტაციები დახურულ ფორმატში, წარმოშობდა ეჭვს, რომ საბჭოს წევრები გადაწყვეტილებებს იღებდნენ არა ინდივიდუალურად, რაც წარმოადგენს კოლეგიური ორგანოს წევრთა მიერ გადაწყვეტილებების მიღების პრინციპს, არამედ წინასწარი შეთანხმებით,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და აღნიშნულია, რომ ეს შეიცავს რისკებს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის "სასამართლო სისტემის მდგომარეობა (2012-2016)" პრეზენტაცია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის “სასამართლო სისტემის მდგომარეობა (2012-2016)” პრეზენტაცია.

საუბარია ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის, “კაბელების საქმისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეებზეც, რომელთა მიმდინარეობისასაც, ანგარიშის თანახმად, გაჩნდა ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

ანგარიშში “წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებად” შეფასდა ის ფაქტი, რომ თბილისის ყოფილი მერი,  გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტი ისე იმყოფებოდა, მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ ყოფილა დამდგარი.

“გიგი უგულავას მიმართ განხორციელებული ქმედებათა ქრონოლოგია და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საკანონმდებლო ხარვეზის ბოროტად გამოყენება პროცესის პოლიტიკური მოტივებით წარმართვაზე მიანიშნებდა,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე, უარყოფითად არის შეფასებული ისიც, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, სრულად არ ამოქმედებულა მოწმეთა მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ანგარიშის თანახმად, სასამართლო პოლიტიკური პროცესებისგან არ ყოფილა დისტანცირებული:

“2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველ თვეებში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პოზიტიური განცხადებებით გამოირჩეოდნენ, თუმცა ამგვარი რიტორიკა მალევე შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ. ამას მოჰყვა ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელ კანონმდებლობაშიც, რომლითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის ინტერესები,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი

გია გვილავა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების მენეჯერი

გია გვილავას  თქმით, სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებამ არ გაატარა რიგი რეფორმები. მისივე თქმით, არის ეჭვბი, რომ საკუთარი უმოქმედობით, გარკვეულწილად, ხელისუფლებამ უკვე შეუწყო ხელი სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფს და “მომავალშიც შეუწყობს, თუ დასჭირდება მათი გამოყენება”.

მისივე შეფასებით, დღეს საჭიროა ძლიერი ინდივიდუალური მოსამართლეები.

“ხელისუფლება არ მიუდგა თანმიმდევრულად სასამართლო რეფორმას. ნაწილი რეფორმებისა არის ძალიან კარგი, რაც განხორიელდა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი დარჩა განუხორციელებელი შეგნებულად, მათ შორის, და ზოგიერთი შეიძლება შეუგნებლადაც. ამან გამოიწვია ის, რომ რაღაც მხარეები გაუმჯობესდა, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ მივღეთ სისიტემაში გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც მოსამართლეებს ნიშნავენ საკუთარი გემოვნების და იმის მიხედვით, ვინ არის მათთვის ლოიალური და ვინ – არა.

სისტემაში ცოტა ხანში შეივსება ადგილები და მივიღებთ სისტემას, სადაც ერთი ჯგუფის ინტერესები იქნება დომინანტი და ის ჯგუფი შემდეგ რა გარიგებებში შევა ხელისუფლებებთან თუ კერძო სექტორთან, ეს არავინ იცის. ეს არის რისკები, რომლებიც რეალურად დგას. ჩვენ გვინდა სასამართლო სისტემა, სადაც ერთ ჯგუფზე კი არ იქნება გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული, ჩვენ გვინდა ინდივიდუალური ძლიერი მოსამართლეები, ვისაც არ ანაღვლებს, ვინ არის სასამართლოს თავმჯდომარე, ვინ არის უზენაესის თავმჯდომარე და ვინ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ჩვენ გვინდა ინდივიდულური მოსამართლე, რომელიც ძლიერია. პრობლება არის ის, რომ რეფორმა იყო არასრულყოფილი. ამიტომ ვერ მივიღეთ ინდვიდუალურად ბოლომდე ძლიერი მოსამართლეები და დღეს მოსამართლეები, სამწუხაროდ, ისევ ამ გაბატონებულ, ძლიერ ჯგუფზე არიან დამოკიდებული და მათ წინააღმდეგ ვერავინ ვერ მიდის,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას გია გვილავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი