ახალი ამბები

ჰეროკრატია, როგორც “მეხსიერების აღდგენა” და ზეგავლენის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე

9 სექტემბერი, 2016 • 9479
ჰეროკრატია, როგორც “მეხსიერების აღდგენა” და  ზეგავლენის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე

სექტემბრიდან ტელეკომპანია „იმედი“ სერიალ “ჰეროკრატიას” აჩვენებს. „ჰეროკრატია”, იგივე 9+1, გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული სერიალია, რომელიც ავტორის განცხადებით, წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდს ეხება. არის თუ არა სერიალის წინასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაშვების მიზანი მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენა და რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს ამ მიმართულებით?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განმარტებით, თუ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ ეს ფილმი რეკლამის ნორმებში ჩამჯდარი კონტენტია და ვინმეს სასარგებლო ან საწინააღმდეგოა, მაშინ აუდიტის სამსახური საქმეს შეისწავლის:

„თუ რეკლამა არის, მაშინ რომელიმე პარტიის შეწირულობად შეიძლება ჩაითვალოს,“ – ამბობს აზნაურაშვილი, თუმცა მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ მხატვრული ფილმის შესწავლას არ აპირებენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, ერთადერთი ვარიანტი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 25-ე მუხლია, რომლის თანახმად, ეს ფილმი პოლიტიკური პარტიისადმი შემოწირულობად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ნატროშვილის აზრით, თუ კანონის ამ ნაწილს ასეთი განმარტება მიეცემა, მაშინ ის არა მარტო ფილმებზე, არამედ სატელევიზიო პროდუქტებზეც გავრცელდება:

„რეალურად, ეს ფილმი სააგიტაციო მასალა არის ერთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს მხატვრული ფილმია და ფილმის ფორმატი ძალიან ართულებს იმას, რომ მას გარკვეული რეგულაციები მიუსადაგო.  თუ ნებისმიერ ქმედებას ჩავთვლით შემოწირულობად, გამოდის, რომ ბევრ ტელეგადაცემაზეც შეიძლება გავრცელდეს ეს რეგულაციები, რაც მისაღები არ არის, რადგან შეიძლება ამით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე გაუმართლებელი შეზღუდვები დაწესდეს და ზიანი მიადგეს ამ სიკეთეს.”

საკანონმდებლო სირთულეებზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძეც. მისი თქმით, სამართლებრივი აკრძალვა არ არსებობს, რამდენადაც ეს არ არის საინფორმაციო სახის კონტენტი და არც პირდაპირ მიიიჩნევა პოლიტიკურ რეკლამად.  ბენიძის განცხადებით, აუცილებელია ფარული პოლიტიკური რეკლამის ცნება განისაზღვროს:

„არაერთი წელია, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებებში ცხადად ვხედავთ ფარული პოლიტიკური მიზნების აგიტაციას. ეს შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ. ამ კუთხით რეგულაციები ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს. ეს სფერო საერთოდ დაურეგულირებელია. ხშირად გასართობ შოუებში, სხვადასხვა სახის საღამოს გადაცემებში, თოქშოუებში, რომელიც თავისი არსით პოლიტიკური არ არის, კონკრეტულ ტელევიზიებში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა, ან ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა ხდება. ესეც ფარული პოლიტიკური რეკლამაა, თუ იგივე საშუალება არ აქვს სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. ასეთი კონტენტი შეიძლება ჰქონდეს ისეთ ტელევიზიასაც, როგორიცაა “ობიექტივი”, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი პარტიის აგიტაციას ეწეოდეს. ან „იმედის“ და „რუსთავი 2“- ის შოუები შეიძლება რიგ შემთხვევებში მიჩნეული იყოს ფარულ პოლიტიკურ რეკლამად. ”

საქართველოს ექსპრემიერის, სერიალის იდეის ავტორის და დამფინანსებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფილმის არჩევნების წინ ჩვენება დამთხვევაა :

„იმას, რომ ფილმი ახლა გამოვიდა, ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი არის ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას, ოცდაოთხსერიიანი ფილმია, მასშტაბური ფილმია და ასე დაემთხვა, თორემ შეიძლებოდა, უფრო ადრეც ჩვენება. ის, რომ დღესაა, მე ვფიქრობ, რომ კარგია. უფრო ადრე რომ დასრულებულიყო, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. არჩევნების ჩატარებაში მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 5 სექტემბერს, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.

„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ეს ფილმი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას წინა ხელისუფლების გარკვეულ ქმედებებს. საკმარისი საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ ამ ფილმების ჩვენება სპეციალურად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს,“ – ამბობს მიხეილ ბენიძე.

ლევან ნატროშვილის აზრით, ფილმებს შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს ამომრჩეველზე:

“საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობს ეს ფილმი წინასაარჩევნო პროცესში, არანაირად არ უწყობს ხელს იმას, რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურ, მშვიდ გარემოში წარიმართოს. ახლა საარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს და სერიოზული, ტენდეციის სახით გამოკვეთილი პრობლემები არ გვაქვს. ამ ოცდაოთხსერიიანი ფილმის გაშვება შეიძლება საპირისპირო ტენდეციის გამომწვევი გახდეს და გარკვეული დაძაბულობა მოახდინოს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მათ მხარდამჭერებს შორის, აწიოს ტემპერატურა, შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც იყოს. ეს ფილმი არ ემსახურება საარჩევნო პროცესების გაჯანსაღებას, ეს არ არის კარგი მოვლენა.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფილმმა სრულიად სხვა პროცესები გამოიწვიოს. კერძოდ, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ხალხს ხელისუფლებისადმი არსებული კითხვები გაუძლიერდეს:

„ფილმი აჩენს ეჭვს, რომ მისი მიზანი ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი ზეგავლენის მოხდენაა. შესაძლებელია ფილმმა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში წარსულის სურათი გააცოცხლოს და ბევრი რამ გაგვახსენოს, რაც გარკვეულწილად დავიწყებას მიეცა, მაგრამ, მეორე მხრივ. ფილმმა შეიძლება ხელი შეუწყოს ხელისუფლებისადმი იმ კითხვების გაძლიერებას, რომელიც ამ საქმეების გამოძიებას ეხება, “ – ამბობს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის დაკვირვებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებით ორი ტენდეციაა გამოკვეთილი. ერთია ამ წარსულის დემონიზება და მეორე, ირონიზება:

„ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იმაზე აპელირებენ, რომ სისხლიანი ცხრა წელი და ა.შ. მაგრამ ამას არ მოჰყვება არანაირი გულწრფელი და ადამიანის ღირსების აღდგენაზე ორიენტირებული მცდელობა. ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ თითქმის უარყოფას, რომ ასეთი რამ არ ხდება და ირონიულ, დამცინავ ჭრილში ცდილობენ საკმაოდ მძიმე ისტორიების გალაითებას. ეს არის დისკურსი, რომელსაც ორი პოლიტიკური ძალა საზოგადოებას გვთავაზობს,“ – ამბობს ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ ამ დისკუსიაში მსხვერპლები იკარგებიან და არავინ ფიქრობს მათ სამართლებივ და ფსიქოსოციალურ რებილიტაციაზე.

ნაცვლიშვილს ფილმი არ მოსწონს, თუმცა, მისი თქმით, ასევე არ მოსწონს გარკვეული მცდელობები, რომ საერთოდ ტაბუ დაედოს ამ თემას:

„პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდამავალ დემოკრატიებში პოლიტიკური ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ კონკრეტული ინსტიტუტები და სისტემები არ იცვლება, რადგან წარსულის ფუნდამენტური გააზრება არ ხდება და ადეკვატური რეაგირება წარსულზე. ამ თემაზე ტაბუს დადება დაუსჯელობის სინდრომის პირდაპირი თუ ირიბი წახალისებაა. ტაბუ არ არის სწორი გამოსავალი. გამოსავალი არის ამ თემაზე მეტი საუბარი. არ ვფიქრობ, რომ დღეს შექმნილია ისეთი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მექანიზმები და ინსტიტუტები, რომელიც წარსულის გამეორებისგან დაგვიცავს. ამიტომ ამ თემაზე დისკუსიები უნდა იყოს, მაგრამ გასაგებია, რომ წინასაარჩევნო კონტექტში ამ ფილმს აქვს ცალსახა მიზანი და ეს მიზანი არ მგონია იმის შესაბამისი იყოს, რასაც მე ვამბობ,“ – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

28 აგვისტოს ტელეკომპანია ჯი-დი-ესში განაცხადეს, რომ “იმედმა” სერიალ “ჰეროკრატიის” ჩვენების უფლება მათგან ოფიციალურად იყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი