ახალი ამბები

სუბარი: 90-იანებში სოფლებში, სადაც მარიხუანა მოჰყავდათ, ყველა ახალგაზრდა მომხმარებელი გახდა

16 აგვისტო, 2016 • 1813
სუბარი: 90-იანებში სოფლებში, სადაც მარიხუანა მოჰყავდათ, ყველა ახალგაზრდა მომხმარებელი გახდა

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი დემურ სტურუას სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

12 აგვისტოს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო . გარდაცვლილის წერილში საუბარია პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე: “მემუქრებოდა გ.თ. მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არა მარიხუანა დათესილიო..”

პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით აწარმოებს. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის, ცნობილი, რომ პოლიციელმა, რომელიც წერილში ფიგურირებს, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

ამ ფაქტის შემდეგ “ნარკოტიკების ეროვნულმა პლატფორმამ” კიდევ ერთხელ მოითხოვა მთავრობისგან ნარკოკანონმდებლობის შეცვლა და პოლიციური სისტემის რეფორმირება.

სოზარ სუბარის თქმით, კანონმდებლობა უკვე ლიბერალური გახდა, დეკრიმინალიზაციას კი არ ეთანხმება.

“მიმდინარეობს გამოძიება და გამოძებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა, რა იყო თვითმკვლელობის მიზეზი და თუ ვინმე დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება აქ იყოს.

ლიბერალიზაცია სისხლის სამართლის პოლიტიკის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, ეს არის მომხდარი უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აღიარებენ. მე არაერთი ადამიანი მინახავს ციხეებში, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, დავდიოდი, რომლებსაც მცირე რაოდენობით ნარკოტიკის აღმოჩენის გამო პრაქტიკულად მომხმარებლებს ჰქონდათ მისჯილი 15, 19, 25 წელი. ეს პოლიტიკა არის აბსოლუტურად შეცვლილი, დღეს პოლიტიკა არის გაცილებით ლიბერალური კანონმდებლობის დონეზე, მაგრამ განსაკუთრებით- პრაქტიკის დონეზე.

უნდა მოხდეს თუ არა სრული დეკრიმინალიზაცია, ამას ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ მე პირადად ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად ხელისუფლება არ არსებობდა. სოფლებში, სადაც მოჰყავდათ იგივე მარიხუანა, არ დარჩა არც ერთი ადამიანი, არც ერთი ახალგაზრდა, რომელიც არ გახდა აქტიური მომხმარებელი. “მსუბუქი” ძალიან ბრჭყალებშია იმიტომ, რომ,  არა მგონია, ეს კარგი იყოს ამ ადამიანების ჯანმრთელობისათვის, ან მისი სოციალური ქცევისთის, ან იმისთვის, რომ შემდგომში ის არ გახდეს სხვა ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც მსგავს საკითხებს ვაყენებთ, ამას პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებთ. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც იყვნენ წინა ხელისუფლების წევრები, დღეს ითხოვენ ლეგალიზაციას და მაშინ ითხოვდნენ, რომ ყველა ამომპალიყო ციხეში,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

2016 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა  დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მცირე ოდენობით კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის “გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა,  ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” 500- ლარიანი ჯარიმით ისჯება, ან გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ითვალისწინებს  ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი