ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინაპატიმრობა შეუფარდეს

23 ივნისი, 2016 • 2493
ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინაპატიმრობა შეუფარდეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, რაშიდ კანჯი ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა მის დაკავებაზე არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ სპუტნიკ-აფხაზიას სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ განუცხადა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხის პრინციპულობაზე ჟენევის დისკუსიების ბოლო [14-15 ივნისი] რაუნდის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა. პრემიერის თქმით, “ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს მანამ, სანამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით უმოქმედობას იჩენენ”.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის განცხადებით, ისინი თბილისიდან მოელოდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი. მოგვიანებით, აღნიშნული მასალები, ოფიციალური ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აფხაზურს გალში, IPRM-ის ფარგლებში შეხვედრის დროს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი