ახალი ამბები

ოპოზიცია და “რესპუბლიკელები” საკონსტიტუციო სასამართლოზე კანონპროექტს მხარს არ უჭერენ

13 მაისი, 2016 • 1261
ოპოზიცია და “რესპუბლიკელები” საკონსტიტუციო სასამართლოზე კანონპროექტს მხარს არ უჭერენ

პარლამენტი მეორე დღეა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს კანონპროექტს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებს “სამართალწარმოების შესახებ” კანონში.   “თავისუფალი დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა” და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” ცვლილებებს  მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადეს.

“თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს დაიმორჩილებს:

“ჩვენი ფრაქციის მიერ კანონპროექტი მხარდაჭერილი არ იქნება და პარლამენტის წევრებს მოგიწოდებთ, მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონპროექტს, რადგან არავითარ ლეგიტიმურ და პოზიტიურ მიზანს არ ემსახურება ეს კანონპროექტი. ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც დღემდე ვერ აკონტროლებდა, დაიქვემდებაროს.”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ ხელისუფელბა ამ კანონპროექტით სასამართლო დამოუკიდებლობას დაასამარებს:

“ეს კანონპროექტი უნდა გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას მანამ, სანამ მეორე მოსმენით ვუყრით კენჭს. “ქართული ოცნების” გარდა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს დაკნინებას, მისი მუშაობის ბლოკირებას და პარალიზებას ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტიაა და თქვენ ამის დასამარება გსურთ და მისი დაქვემდებარება ბიძინა ივანიშვილისთვის.”

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, თამარ კორძაიას თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტით  პოლიტიკური მანიპულაციების რისკი იზრდება, რის გამოც “რესპუბლიკელები” მას მხარს არ დაუჭერენ:

“ჩვენ არაერთი კონსტრუქციული წინადადება გვქონდა წარმოდგენილი ინიციატივის გაუმჯობესების მიზნით და მთელი რიგი დებულებები შეიცვალა ამ თანამშრომლობის პროცესში, თუმცა დარჩა ერთ-ერთი პრინციპული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს.  იმ ფონზე, როცა საგრძნობლად იზრდება სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველი საკითების სპექტრი,  კვორუმის 2/3-მდე აწევა, მაღალი ალბათობით გადაწყვეტილება უუნაროს გახდის სასამართლოს, ასევე გაზრდის პოლიტიკური მანიპულირების რისკებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ მომხრე ვიყავით, რომ კვორუმი ყოფილიყო სრული შემადგენლობის ნახევარი”.

კორძაიას განმარტებით, ორდღიანი განხილვის განმავლობაში “რესპუბლიკელებს” დარჩათ განცდა, რომ კოლეგების უმრავლესობისთვის “საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად არის განხილული და არა სახელმწიფო ინსტიტუტად.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი