ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკ-პოსტის გამო ჩაშლილი შეხვედრა NGO-ებსა და ენმ-ს შორის

12 აპრილი, 2016 • 6055
თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკ-პოსტის გამო ჩაშლილი შეხვედრა NGO-ებსა და ენმ-ს შორის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი და  “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ნინო ლომჯარია “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებენ, რომ პარტიასა და NGO-ებს შორის ორმხრივ ფორმატში შეხვედრა  “ტაბულას” დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო არ შედგება.

ჩერგოლეიშვილმა, როგორც თვითონ ფეისბუკზე წერს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დაულს ღია წერილით მიმართეს, “სასარგებლო იდიოტები” უწოდა.

ჩერგოლეიშვილი წერს, რომ მის მიერ ამ პოსტის გამოქვეყნების გამო აღარ შედგება  ენმ-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა და ეს გადაწყვეტილება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა,  საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და ნინო ლომჯარიამ  შეატყობინეს.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ამ საკითხს ფეისბუკზე დღეს საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  დირექტორი ეკა გიგაური გააკრიტიკა.

“ქალს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი; ქალს აქვს უფლება, ეს აზრი გამოთქვას საჯარო სივრცეში; ქალის სიტყვებზე პასუხისმგებლობა ქმარს არ ეკისრება; ქალი ქმრის საკუთრება არ არის . თითქოს იმას ვამბობ, რომ ბალახი მწვანეა – მაგრამ არც ასე მარტივად ყოფილა თურმე საქმე”, – წერს “ტაბულას” დირექტორი.

“ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როდესაც გაცნობებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება არ შეგხვდეს იმ მიზეზის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის [გიგა ბოკერია] მეუღლემ პირადი აზრი გამოთქვა. ეს სრულიად გაუგებარია ჩემთვის”, – ამბობს სერგო რატიანი ნეტგაზეთთან საუბარში.

რატომ იქონია პოლიტიკოსის მეუღლის ფეისბუკ-სტატუსმა არასამთავრობოებისა და ამ პოლიტიკოსის პარტიის საქმიანი შეხვედრის ორგანიზებაზე გავლენა? “ნეტგაზეთი” ნინო ლომჯარიას ესაუბრა, რომლის არგუმენტებიც ასეთია:

  • ეს იყო შიდა, დახურული კომუნიკაცია რამდენიმე ადამიანს შორის. ეს თემა საჯაროდ ჩვენ არ გამოგვიტანია. საუბარი იყო მოსამზადებელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა პარტიის ორ წარმომადგენელთან, რაც ძალიან მალე გახდა ცნობილი თამარ ჩერგოლეიშვილისათვის, ვინც ეს ფაქტი გაასაჯაროვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პირდაპირ კავშირებს პარტიასთან და, მე მგონი, თვითონ ეს ფაქტიც ნათელს ჰფენს იმ პრეტენზიას, რაც ჩვენ გვქონდა…
  •  ენმ-ს უარი ვუთხარით ინდივიდუალურ ფორმატში შეხვედრაზე. ეს ფაქტი გაასაჯაროვა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ამ პარტიასთან კავშირი არ აქვს და მისი განცხადებები არ უნდა გავაიგივოთ კონკრეტულ პირებთან;
  • მიზეზი იყო ჩვენ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან , რომლებთანაც პარტიას აქვს კონსტრუქციული ურთიერთობა და საქმიანი თანამშრომლობა;
  • ის [თამარ ჩერგოლეიშვილი] არის ამ პარტიასთან ძალიან აფილირებული პირი. მე ვფიქრობ, რომ თავის საჯარო განცხადებებში ის ადასტურებს, რომ უშუალოდ იცნობს, მათ შორის მისი მეუღლის საქმიანი კომუნიკაციას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუმცა რატომღაც გვარწმუნებს, რომ ოჯახური ურთიერთობა ამ ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს;
  • მე ვფიქრობ, რომ ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოხატვის შემდეგ გარკვეულ პირებს მაინც უნდა გაკეთებინათ განმარტებები: სურთ თუ არა ჩვენთან კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემაზე დამოკიდებული ურთიერთობის გაგრძელება. რაც არ მომხდარა.

სერგო რატიანი აცხადებს, რომ მას ენმ-ს არც ერთი წევრისაგან არ ახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეურაცხყოფის ფაქტი, სამაგიეროდ ახსოვს, როგორ აკეთებდნენ ამას უმრავლესობის წევრები, მათ შორის “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც. თუმცა, რატიანის თქმით, ამ განცხადებებზე მას პირადად არასამთავრობოებისაგან ასეთი მძაფრი რეაქცია არ ახსოვს.

“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ნინო ლომჯარიასაც ახსოვს, თუმცა ის ამბობს, რომ ამ ყველაფერზე პასუხს ხელისუფლებისგანაც ითხოვდნენ:

“იყო შემთხვევები, მათ შორის მახსენდება გოგა ხაინდრავა… თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ ყოველთვის ვთხოვდით პასუხს ხელისუფლებას და ამასთან დაკავშირებით მახსოვს მმართველი კოალიციის წევრების განცხადებები, რომ ისინი არ იზიარებენ ამ სულისკვეთებას და მათ სხვა დამოკიდებულება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. [ბიძინა ივანიშვილი?] ამაზეც ვთხოვდით ხელისუფლებას პასუხს და გარკვეული განმარტებები მათი მხრიდან გაკეთდა”, – ამბობს ლომჯარია.

ნეტგაზეთის შეკითხვის საპასუხოდ: კონკრეტულად ვისი განმარტებები ახსენდება მმართველი გუნდიდან, იგი პარლამენტის თავმჯდომარეს ასახელებს:

“მახსოვს, მათ შორის დავით უსუფაშვილის განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოალიციის და მისი პირადი [დამოკიდებულებებთან] დაკავშირებით”.

იყო თუ არა საკმარისი უსუფაშვილის კომენტარი ივანიშვილის განცხადებაზე იმისათვის, რომ მათ საკითხი ამოწურულად ჩაეთვალათ?

“ჩვენ ამ განცხადების გამო პარტიასთან [ენმ] ურთიერთობას არ ვწყვეტთ. ცალსახად ვამბობთ, რომ მათ ვიწვევთ იმ შეხვედრაზე, სადაც ასევე მოწვეულები იქნებიან სხვა პარტიები. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ტიპის თანამშრომლობას ვწყვეტთ მათთან. ამით ჩვენი მათთან საქმიანი ურთიერთობა არ მთავრდება. საუბარი იყო კონკრეტულ შეხვედრაზე, რაც ჩვენი მხრიდან ჯერ დადასტურებული არ იყო”, – აცხადებს ლომჯარია.

რაც შეეხება შეხვედრის თემატიკას,  ლომჯარიას განმარტებით, ის ორმხრივ ფორმატში საარჩევნო საკითხებს, კერძოდ, საარჩევნო სისტემის თემას უნდა შეხებოდა.

თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ 12 აპრილს  გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისაგან თავს იკავებს ეკა გიგაური, თუმცა იგი “ნეტგაზეთთან”  ენმ-სთან ურთიერთობაზე საუბრობს:

“ჩვენ საერთო ფორმატში ვხვდებით პარტიებს შაბათს და იქ მოვიწვევთ, რაზეც მივწერეთ კიდეც. ცალკე მათთან შეხვედრა ჯერ არც შეთანხმებული ყოფილა და არც დაგეგმილი. ცხადია, მათი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია და განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მათ მიმართ პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. მით უმეტეს, რომ სხვა პარტიებს ინდივიდუალურად არ ვხვდებით. არ ვიცი, საიდან ასეთი მოლოდინი”, – აცხადებს გიგაური.

რაც შეეხება წერილს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლის გამოც ჩერგოლეიშვილმა არასამთავრობოებს “სასარგებლო იდიოტები” უწოდა,  შეგიძლიაც გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი