ჯოზეფ დაულის განმარტებები მის განცხადებაზე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით

თბილისში მყოფი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი ჯოზეფ დაული მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, თამასა, რომელიც მთავრობამ საკითხის გადასაჭრელად დააწესა – ივნისის თვე, ძალიან მაღალია.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ყოველთვის მივიჩნევდი საქართველოს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება შეუერთდეს ევროკავშირს. აქ ასევე ვიმყოფები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად. ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისათვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი, მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტილება და ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა – ივნისის თვე, ძალიან მაღალია. პირველი ვიქნები, ვინც სავიზო რეჟმის ლიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქევყნებთან მიმართებაშიც. მანამდე კი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდბელობის უზრუნველყოფა და  კორუფციასთან ბრძოლა”, – თქვა დაულიმ. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მისი განცხადების თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

თბილისში ასევე იმყოფება ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სხვა წევრი, ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სვობოდა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რადგან ოფიციალურად EPP-ის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

“დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ [ევროკავშირის] საბჭოს გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიას პოზიცია არ დაუფიქსირებია. ასე რომ, ჯოზეფ დაულიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა”, – თქვა სვობოდამ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- მა 26 მარტს მაყურებელს შესთავაზა ინტერვიუ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან. ამ ინტერვიუს მიხედვით, საქართველო ვიზის ლიბერალიზაციას არა ზაფხულისთვის უნდა ელოდოს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგანაც “რუსთავი 2”-ის კითხვაზე, “დაუჭერს თუ არა ევროპის სახალხო პარტია მხარს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას”, პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ასე პასუხობს:

“ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო ის, რომელმაც დაიწყო და წინ წაწია სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com