ახალი ამბები

სერგეენკო: არის მცდელობები კლინიკებიდან, რომ გეგმიური შემთხვევები გადაუდებლად გაასაღონ

10 მარტი, 2016 • 1740
სერგეენკო: არის მცდელობები კლინიკებიდან, რომ გეგმიური შემთხვევები გადაუდებლად გაასაღონ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევევბი, როდესაც ექიმები ცდილობენ, პაციენტთა სამკურნალო დოკუმენტაციის შედგენისას გეგმიური შემთხვევები გადაუდებლად გაასაღონ.

მისი განმარტებით, ეს ხდება იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა გეგმიურ შემთხვევებს 70%-ით ან 80%-ით აფინანსებს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებს, 100%-ით.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხდება თუ არა ექიმების მხრიდან პაციენტის მკურნალობის ხარჯების ხელოვნურად გაზრდა, მან შემდეგი პასუხი გასცა:

 

“რადგანაც ანაზღაურების სისტემა სხვადასხვა არის გადაუდებელ და გეგმიურ შემთხვევებში, კერძოდ, გადაუდებელი 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმიური- 70-80%-ით, არის ხოლმე ასეთი მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმიური შემთხვევები გაიყვანონ გადაუდებლად. ეს ზოგადად ცნობილი ფენომენია, თავისი სლენგი აქვს – “გაურგენტულება”. მისათვის ჩადებული არის დაცვის სამმაგი ფენომენი. იდეალური სისტემა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ მე ციფრებში შემიძლია გითხრათ, რომ ის ანგარიშები, რომელსაც წარმოადგენენ კლინიკები, მაგალითად, შარშან 10%-ის შემთხვევაში უკან ვუბრუნებდით იმიტომ, რომ ეს იყო არამიზნობრივი და შეუსაბამო დოკუმენტაცია. წელს, საბედნიერიოდ, მათ დახვეწეს უკვე მოწოდება ინფორმაციის და უკვე 5%-ის დაბრუნება გვიწევს ხოლმე უკან.

სამწუხაროდ, ეს რამდენიმე შემთხვევა არ არის, ხშირი შემთხვევაა, შეიძლება ასეულობით შემთხვევა არის, როდესაც პაციენტის მკურნალობის დოკუმენტაციას არასწორად გვაწვდიან. ჩვენ ასეთ დოკუმენტაციაზე თანხას არ ვრიცხავთ. დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, რა მასშტაბის აქტივობა არის, ერთ-ერთი ინდიკატორი არის ზოგადი- საშუალოდ, 1 სულ მოსახლეზე წელიწადში ექიმთან მიმართვიანობა. ერთი ადამიანი შეიძლება 20-ჯერ მივიდეს წლის განმავლობაში, ხოლო სხვამ 10 წლის განმავლობაში არ მიაკითხოს. ამიტომ ეს არის გასაშუალოებული მაჩვენებელი. საქართველოს შემთხვევაში ეს არის საშუალოდ 2.5. ანუ, წარმოიდგინეთ, რამხელა ციფრზე ვსაუბრობთ: ექიმთან 10 მილიონი ვიზიტი წლის განმავლობაში. აქედან 5% წელს უკან მიბრუნებული, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებზე არის საუბარი. მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი აკონტროლოს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დავხვეწოთ,”- განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს განცხადებით, კონტროლი და მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს 2013 წლიდან აქვს დაწყებული, რადგან “აქსიომაა, რომ ის, ვინც რაიმე სერვისებში იხდის თანხას, მანვე კარგად უნდა გააკონტროლოს ამ ხარჯვის მიზნობრიობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი