არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან, „ბათუმელებს“ დაადასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

ბუნდოვანი ბრძანება

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით (მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ბრძანების გამოცემაზე, თუმცა თავად ბრძანება აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდზე დღემდე არ არის ატვირთული. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია მისი ზუსტი შინაარსი – ავტ.), რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.
„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა პროექტი ხორცილიელდება ოზურგეთში (პროექტის სახელწოდება), რომელი კომპანია ახორციელებს ამ პროექტს, კერძო პირის საკუთრებაა თუ მუნიციპალური ან სახელმწიფო საკუთრება? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა. მთავრობიდან შემდეგი გვაცნობეს: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელსაც აფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი… პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დენდროლოგიური პარკის მოწყობა… მას ექნება საზოგადოებრივი დანიშნულება და გახდება ტურისტულად და ეკოლოგიურად მიმზიდველი ადგილი…“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის „მნიშვნელოვან კომპონენტად“ შეფასებული პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის შექმნის მიზნით საკრებულოს არავითარი გადაწყვეტილება თუ ბრძანება არ მიუღია. „ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. – „მე როგორც ვიცი ეგ [პარკი] კერძო საკუთრებაა. შემოღობილია. და შემდგომ როგორ იქნება არ ვიცი“.
აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არჩილ ხაბაძემ ბრძანება არა კერძო პირის, არამედ მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოსცა. ამონარიდი მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებიდან: „პროექტი მოიცავს „წვერმაღალას“ და შეკვეთილის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობას, რისთვისაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხდება ხემ-მცენარეების გადარგვა. მნიშვნელოვანია, რომ ხეების გადარგვის შემდგომ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა შიდა სასოფლო გზები და გარე განათება, რომელიც გადაეცემა შესაბამის მუნიციპალიტეტს და ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა“.
„ბათუმელებმა“ ბრძანების ამ მონაკვეთის დაზუსტების მიზნით აჭარის მთავრობას დამატებით კითხვებით მიმართა. მაგალითად, გვაინტერესებდა, დენდროლოგიური პარკის გადაცემა იგეგმება მუნიციპალიტეტისთვის თუ მხოლოდ შიდა სასოფლო გზებითა და გარე განათებით ისარგებლებს მოსახლეობა? ან რა დოკუმეტის/ინფორმაციის საფუძველზე მიაჩნიათ აჭარის მთავრობაში, რომ მოსახლეობას ამ სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, მაშინ, როცა ტერიტორია კერძო საკუთრებაა? – ამ კითხვების პასუხად მთავრობამ შემდეგი განმარტა: „მსგავსი განცხადება ჩვენ არსად გაგვიჟღერებია, საუბარი იყო ციხისძირისა და ბუკნარის ტერიტორიაზე ხეების გადარგვის შემდგომ ინფრასტრუქტურის, შიდა სასოფლო გზების მოწყობასა და მათ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემაზე“.

ხეების გადარგვის ფასი

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლების გათვლებით, რომლებიც ხეების გატანას აჭარის რეგიონიდან გურიაში აქტიურად აპროტესტებენ, სამუშაოები, რომელიც ხეების გადასატანად ტარდება, „ბიძინა ივანიშვილს მთლიანობაში, დაახლოებით 3 მილიონი ლარი უჯდება“. მათივე ინფორმაციით, მართალია ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ხის გადარგვის შესახებ გამოიცა ბრძანება, მაგრამ ტერიტორიიდან სინამდვილეში დაახლოებით 30 ხის გატანა იგეგმება. „თუ ადგილზე მიხვალთ, ნახავთ, რომ ყველა გასატანი ხე მონიშნულია და ეს სამ ერთეულზე გაცილებით მეტია“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით: საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღავმდე გზის გაყვანაზე კომპანია „ზიმო“ მუშაობს. შესაბამისად, პროექტის ფასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“„ზიმოს“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვერაფერს იტყვის პროექტის საერთო ღირებულებაზე და ამის გასარკვევად სხვას უნდა მივმართოთ.
ირაკლი შანავას თქმით, კარგი ამინდის შემთხვევაში, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდებათ გზის მოწყობითი სამუშაოების დასასრულებლად. მისივე მტკიცებით, სხვა ხეების მოჭრა მშენებლობის პროცესში გამორიცხულია. „ერთი პატარა ხე მოვჭარით და დაგვაჯარიმეს, თუ არ ვცდები 1700 ლარით“, – ამბობს ირაკლი შანავა. მისივე განმარტებით, გზის მშენებლობისთვის საჭირო ინერტულ მასალებს კომპანია მოიპოვებს კარიერზე, რომლის ლიცენზიასაც თავად ფლობს.

რისკი, რომელიც ასაკოვანი ხეების გადარგვას ახლავს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნარგული ასანიძე ამბობს, რომ ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ამ კონკრეტული ხეების გადატანა მათივე სიცოცხლისთვის სახიფათოა:
„მერწმუნეთ, ხეების გადატანა ამ სეზონზე, მით უმეტეს ამ ასაკის ხეების, დიდი საფრთხის შემცველია: 200-წლოვანი ხე ისედაც მიძინების პერიოდშია. ის ამდენი ხანი ამ გარემოში იყო ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ეკოლოგ-ექსპერტი მაგაზე დადებით რეკომენდაციას არ გასცემდა. გულწრფელად მიკვირს, რატომ არ აძლევენ მას [ბიძინა ივანიშვილს] ამ რჩევას, მით უფრო თუ მას უყვარს გიგანტური ხეები. თუ ძალიან დიდი ოდენობის ნიადაგი გადააყოლეს მცენარეებს (ამბობენ 140 ტონა ნიადაგი მიყვებაო), მაშინ ვვარაუდობ, რომ მცენარე შეიძლება გადარჩეს, რადგან მათი სიცოცხლის 60-70% ნიადაგზეა დამოკიდებული. მაგრამ ნიადაგის გარდა არსებობს სხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცენარის დაღუპვა. იმედია, ბოტანიკოსები მუშაობენ მათთვის ამ გარემოს შექმნაზე. შემოდგომაზე გამოჩნდება, გადარჩნენ თუ ვერა ეს მცენარეები“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან