საზოგადოება

ვინ უნდა მოაგვაროს ბულინგის პრობლემა სკოლებში

11 მაისი, 2015 • • 6558
ვინ უნდა მოაგვაროს ბულინგის პრობლემა სკოლებში

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ლ. ამბობს, რომ მის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, რომელიც ნელ-ნელა მთელ კლასს მოედო, მასწვალებლის ინიციატივით დაიბადა.

 

“შეიძლება ძალიან კარგად არ ვსწავლობ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ვარ?! თუ მაღალი ნიშნები არ გაქვს ჟურნალში, ისე გიყურებენ, როგორც სულელს. მახსოვს, ერთხელ გაკვეთილზე ცუდად გავხდი, გული წამივიდა. თურმე ბავშვები მეხვეოდნენ, მასწვალებლებიც მოვიდნენ. ჩემს კლასელს უთქვამს სასწრაფოში დავრეკოთო. ჩემი ერთი მასწავლებელი მოსულა იქვე, დაუხედავს ჩემთვის და ხმამაღლა უთქვამს- “უი, ეს დებილია ცუდადო?” (სტილი დაცულია) როცა თვითონ ასე მოგმართავენ, ბავშვები თუ ზემოდან დაგიწყებენ ყურებას, რა გასაკვირია. ამ ამბავს კლასელები სიცილით მიყვებოდნენ,”- ამბობს გიორგი.

 

სიტყვა “ბულინგი” გულისხმობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას, ადამიანის დაშინებასა და მისგან მორჩილების მოთხოვნას. ბოლო წლების განმავლობაში, ამ სიტყვამ ყოფითი ცნებისაგან განსხვავებული სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინის სახე მიიღო. დღეს მიღებული განმარტების მიხედვით, ბულინგი – ეს არის “ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში”.

ფლეშმობი ბულინგის წინააღმდეგ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, 4.05.2015
ფლეშმობი ბულინგის წინააღმდეგ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, 4.05.2015

4 მაისს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ერთკვირიანი კამპანია გაიხსნა. კლასიკურ გიმნაზიაში გამართული ღონისძიების ამსახველ ფოტომასალასთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე ბულინგი განმარტებულია, როგორც ბავშვებზე ძალადობა, რასაც ფსიქოლოგი მაია ცირამუა შეცდომას უწოდებს. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სკოლის სივრცეში ბულინგის გარშემო არსებული მითები და ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემასთან ბრძოლას ართულებს.

 

“მითია, რომ თითქოს დახმარება სჭირდება მხოლოდ ბულინგის მსხვერპლს და აგრესორი უნდა დაისაჯოს. ყოველთვის მსგავსი კონფლიქტები სრულდება რომელიმე მხარის დასჯით. ამ გზით ბულინგის პრობლემა არასოდეს მოგვარდება. ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც აკლიათ ემოციური სითბო. ბულერი (ბულინგის ინიციატორი), რომელიც თავისი ძალადობრივი ქცევით ჩაგრავს სუსტს, რეალურად თავად საჭიროებს დახმარებას. მათი ქცევა არასდროსაა უნიადაგო. მათ თავად ეშინიათ დამცირების,” – ამბობს მაია ცირამუა.

 

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბულინგის ინიციატორი ხშირ შემთხვევაში თავად არის ძალადობის მსხვერპლი. აგრესორები, რომლებიც ბულინგის გამტარებლები ხდებიან სასკოლო სივრცეში, ძირითად შემთხვევაში არიან იმპულსურები; აქვთ სხვისი დამორჩილებისა და დაქვემდებარების სურვილი; ხშირად არიან ფიზიკურად ძლიერები და საკმაოდ გამომწვევად იქცევიან. ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, სადაც დომინირებს აღზრდის ავტორიტარული სტილი, უჩნდებათ შიშის აგრესიით დათრგუნვის სურვილი.

 

“ბევრი ბარიერი არსებობს, რაც ხელს უშლის ბულინგის, როგორც პრობლემის იდენტიფიკაციას. ყველაზე მნიშვნელოვანია სტერეოტიპები, რომლებიც არსებობს ბულინგზე და რომლებსაც, შეიძლება ვთქვათ, სიხარულითაც კი იზიარებენ მასწავლებლები. მიიჩნევა, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა, რომ ეს ყოველთვის არსებობდა ყველგან. ან არსებობს შეხედულება, რომ ბულინგის შესახებ ვინმესთვის თქმა, ანუ “ჩაშვება” არის ბავშვური საქციელი და ასეთი ბავშვი შეიძლება კიდევ უფრო გაირიყოს. პედაგოგები თავად არიან შეიარაღებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით. მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ რელიგიური ან სხვა უმცირესობის წარმომადგენელი, არამედ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ რაიმე განსხვავებული აქვს. მასწავლებელი, რომელიც უნდა ასწავლიდეს ტოლერანტობას, ქმნიდეს ანტიდისკრიმინაციულ განწყობებს, ხშირ შემთხვევაში თავად იწყებს ბავშვების “ამოჩემებას” და იჭერს მოძალადის მხარეს,”- ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

 

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” პროექტის მენეჯერის, ანა არგანაშვილის თქმით, ბულინგის შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მოვლენას ჯერ კიდევ ვერ ცნობენ და მას სახელს ვერ არქმევენ.

“ხშირად მას ბავშვურ სიცელქედ მიიჩნევენ და მის მიმართ მაღალ ტოლერანტობას იჩენენ. თუმცა მე მესმის ამის მიზეზი: თუ პროფესიული განათლების დროს არ გასწავლეს, როგორ გაუმკლავდე ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, გამოსავალი მის იგნორირებაშია. თუმცა, პროფესიული სტანდარტის მიხედვით, ბულინგის შემთხვევების დროული გამოვლენა და მასთან გამკლავება სწორედ სკოლის მასწავლებლის როლია. შეუძლებელია ბულინგი ბავშვებს გადავაბრალოთ და მათ პასუხისმგებლობად ვაქციოთ, რადგან სწორედ პროფესიონალების მხრიდან ბულინგის შემთხვევების უმართაობაა მისი გამწვავების მიზეზი. გარიყული ან დამცირებული ბავშვი, რომელსაც ვერ შეამჩნევს მასწავლებელი, ან ვერ მოახერხებს მის კლასში ინტეგრირებას, არის ძალადობის უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე,”- ამბობს ანა არგანაშვილი

 

როგორც ფსიქოლოგები აცხადებენ, სხვადასხვა შემთხვევების შესწავლის შემდეგ გამოკვეთილი ტენდენციის მიხედვით, ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბულინგი რაღაც დოზით საჭიროც კია, რომ ბავშვი გაძლიერდეს და საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

 

“დისკრიმინაციული სტერეოტიპები და მითები კვებავენ ბულინგს, რაც ამ მძიმე პრობლემასთან გამკლავებას კიდევ უფრო ართულებს. პედაგოგებს უჩნდებათ უსუსურობის განცდა. ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან როგორ მართონ პროცესები, არც კი აღიარებენ, რომ პრობლემა არსებობს,”- აცხადებს მაია ცირამუა.

 

ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ იმ მცირე შემთხვევებშიც, როდესაც ბულინგის აღმოჩენა ხდება, სახელმწიფო ვერ სთავაზობს ბავშვს ადეკვატურ რეაბილიტაციას. არ არსებობს კვლევა, რომელიც ბულინგის თემაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა – როგორია თემის ცოდნის დონე როგორც მოსწავლეებში, ისე პედაგოგებში და რა გზებს იყენებენ ისინი მოვლენების მოსაგვარებლად და პრევენციისათვის.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში კი ამბობენ, რომ ეროვნული ცენტრი ახორციელებს ტრენინგებს მასწავლებლებისათვის ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად. ტრენინგის გავლა ნებაყოფლობითია.

 

“არსებობს  კურსი – „ზოგად პროფესიულ უნარებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საფუძვლები“. აღნიშნული კურსში შედის „კლასის მართვისა და კონფლიქტის მოგვარების ეფექტური სტრატეგიების“ მოდული, რომლის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან სხვადასხვა ქეისებს ბულინგის შესახებ და ემზადებიან მსგავსი შემთხვევებისთვის,” – ამბობს თაია მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პიარ-კონსულტანტი.

 

განათლებისა და მეცნერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულინგის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მასწავლებლებს არ ევალებათ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევენ მოსწავლეებს და სკოლებში მსგავსი კონფლიქტების მოგვარება მათი კომპეტენციაა. მანდატურს სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარება ეკრძალება.

 

“ბევრი კრიტერიუმია, რაც ბულინგს განსაზღვრავს. მაგალითად, ასეთი ძალადობა უნდა იყოს განმეორებადი ხასიათის. შემთხვევის რეფერირებას ჩვენთან ახდენს მანდატური, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ მანამდე ინფორმირებულია როგორც პედაგოგი, ისე ადმინისტრაცია და მშობელი. თვითდინება – ანუ თავად მშობლების გაკეთებული განცხადებები ნაკლებია. მშობლები ძირითადად არ არქმევენ ბულინგს ძალადობის სახელს; ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ბავშვს სკოლაში აქვს პრობლემა. არასოდეს არ გვქონია შემთხვევა, რომ ვიღაც მოსულიყო და განეცხადებინა, რომ მისი შვილი გახდა ძალადობის მსხვერპლი. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა კი ბავშვებისათვის მხოლოდ კვალიფიციურ პროფესიონალს შეუძლია,”- აცხადებს ლევან ზარდალიშვილი, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე.

 

მისი თქმით, მანდატურის სამსახური აწარმოებს სკოლებში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკას, რომელშიც შედის ბულინგის ფაქტებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი