ხელოვნება

პირველი მონოგრაფია კოტე მიქაბერიძის შესახებ [ფოტო]

7 ოქტომბერი, 2017 • 6683
პირველი მონოგრაფია კოტე მიქაბერიძის შესახებ [ფოტო]

აქამდე უცნობი დოკუმენტებით, ფოტოსურათებით, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრებით გაერთიანებული წიგნის საშუალებით შეგიძლიათ უკეთ გაიცნოთ რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და მხატვარი, რომელსაც აქამდე ფილმით “ჩემი ბებია” იცნობდით.

მონოგრაფია, სადაც ასახულია კოტე მიქაბერიძის შემოქმედებითი ბიოგრაფიაა ფართოდ განხილული, ავტორებმა ნინო ძანძავამ და სოსო დუმბაძემ 14 სხვადასხვა არქივში მოიძიეს. წიგნის პრეზენტაცია 6 ოქტომბერს ეროვნულ არქივში გაიმართა.

ნინო ძანძავა ამბობს, რომ კოტე მიქაბერიძის შესახებ სტუდენტობისას დაინტერესდა, როდესაც მისი ფილმი “ჩემი ბებია” ნახა. როგორც იგი აღნიშნავს, კოტე მიქაბერიძის შემოქმედების გაცნობა ძირითადად ამ ფილმითაა შესაძლებელი, რომელიც 1929 წელს გადაიღო.

კოტე მიქაბერიძის შესახებ ცნობები აქამდე არ ყოფილა თავმოყრილი ერთ წიგნად და გამოკვლეული, წიგნი ავტორებმა ასევე შეისწავლეს პირადი არქივები. განსაკუთრებით, საინტერესო აღმოჩნდა კოტე მიქაბერიძის ძმისშვილების, მაია და გელა მიქაბერიძეების პირადი არქივი.

“უცხოეთიდან ხშირად ვღებულობდი წერილებს, რომ “ჩემი ბებიას” შემდეგ რა ბედი ეწია ამ ადამიანს, რამე გადაიღო კიდევ? როგორი ცხოვრება ჰქონდა? ამ კითხვებზე პასუხი არ მქონდა. ესეც იყო სტიმული, რომ ღრმად შეგვესწავლა მისი შემოქმედება”, – ამბობს ნინო ძანძავა.

მონოგრაფია კოტე მიქაბერიძის შესახებ

ავტორი ამბობს, რომ შეეცადნენ წიგნში ბევრი დოკუმენტი მოხვედრილიყო და მკითხველისთვის მეტი რეფლექსიის შესაძლებლობა მიეცათ.

წიგნში ასევე შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მხოლოდ ნაწილის გამოქვეყნება გახდა შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საქმეები დახურულია და რთულად ხელმისაწვდომი პირადი ინფორმაციის არსებობის გამო. ავტორებს მიქაბერიძის დაპატიმრების საქმიდან მხოლოდ დოკუმენტების ნაწილის გამოქვეყნების საშუალება მიეცათ.

კოტე მიქაბერიძე მღვდლის როლში

ნინო ძანძავას თქმით, კოტე მიქაბერიძემ კინოში მუშაობა საბჭოთა ქართული კინემატოგრაფის შექმნის დღიდან დაიწყო. მან ითამაშა მუშა რევოლუციონერის როლის 1921 წელს გადაღებულ ფილმში “არსენა ჯორჯიაშვილი.

მანამდე მუშაობდა თეატრში, ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობაც იქ დაიწყო.

“როგორც ჩანს, სპორტული ადამიანი იყო და “არსენა ჯორჯიაშვილშიც” შეხვდა ისეთი როლი, სადაც მას მოუწია მტკვრის რამდენჯერმე გადაცურვა ზამთრის პერიოდში. ფილმში არის სცენა, როდესაც ერთ-ერთი მუშა-რევოლუციონერი გარბის და გადახტება მტკვარში. ეს მუშა-რევოლუციონერი კოტე მიქაბერიძეა”, – ამბობს ნინო ძანძავა.

დაგვიანებული სასიძოს გადაღებაზე, ოპერატორ ფელიქს ვისოცკისთან ერთად

ნინო ძანძავას თქმით, “არსენა ჯორჯიაშვილის” რეჟისორ პერესტიანთან მიქაბერიძემ კიდევ ითანამშრომლა, ასევე მუშაობდა ალექსანდრე წუწუნავასთან. ეპიზოდური კინოროლების შემდეგ მთავარი კინოროლებიც მისცეს და საკმაოდ პოპულარული მსახიობი იყო უხმო კინოს არსებობის პერიოდში. მაგალითად, იგი პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძესაც.

1920-იანი წლებიდან დაიწყო მუშაობა რეჟისორად. ფილმი “ჩემი ბებია” მისი პირველი განხორციელებული ფილმია. მანამდე მას ჰქონდა ფილმის სცენარი “რთველი”, თუმცა ვერ განახორციელა უცნობი მიზეზის გამო. “ჩემი ბებიის” შემდეგ მან დოკუმენტურ კინოში სცადა ბედი.

ჩემი ბებიას გადაღება

თუმცა, გამოსვლის შემდეგ “ჩემი ბებია” აიკრძალა, რადგან მიქაბერიძეს ბრალი დასდეს ფორმალიზმში, რომელიც მაშინ სერიოზული ბრალდება იყო ხელოვანებისთვის. რეჟისორს ასევე ანტისაბჭოთა განწყობაში დასდეს ბრალი.

ნინო ძანძავას შეფასებით, “ჩემი ბებია” უფრო მეტად ანტიბიუროკრატიული ფილმია, ვიდრე ანტისაბჭოთა.

“ამის ჩვენება გვინდოდა წიგნში, რომ ანტისაბჭოთა განწყობა ყოველთვის არ ჰქონდა კოტე მიქაბერიძეს. პირიქით, მისი ნათესავები ყვებიან, რომ ის საკმაოდ გულმხურვალე კომუნისტი იყო. ესეც მნიშვნელოვანა ითქვას იმიტომ, რომ ყოველთვის სისტემასთან მებრძოლ ადამიანად წარმოაჩენენ მას, სისტემამ მართლაც შეუქმნა მას მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგრამ “ჩემი ბებია”, ჩემი გადასახედიდან, მან ჩაიფიქრა არა როგორც ანტისაბჭოთა ფილმი, არამედ ანტიბიუროკრატიულ ფილმად. აღწერა ის სიტუაცია, რომელიც ჩათვალა, რომ იყო პრობლემური. უბრალოდ პრობლემა ის იყო, რომ პრობლემებზე საუბარი საბჭოთა კავშირში და ხელისუფლების ღიად კრიტიკა აკრძალული იყო და არ შეიძლებოდა”, – ამბობს ნინო ძანძავა.

დოკუმენტური ფილმის შემდეგ მიქაბერიძემ საბჭოთა სოფლის მეურნეობაზე გადაიღო ფილმი “ჰასანი”, შემდეგ კი- “ქაჯეთი”, რომელიც მისთვის რთული აღმოჩნდა. შეუმცირეს ბიუჯეტი, ჰქონდა გადახარჯვა, რადგან ფილმს იღებდნენ სტუდიაში უამრავი დეკორაციისა და ტრიუკების თანხლებით.

კოტე მიქაბერიძის საბეჭდი მანქანა

კოტე მიქაბერიძე კომუნისტური პარტიის წევრიც იყო, იგი 1939 წელს გახდა პარტიის წევრი. ნინო ძანძავას თქმით, 1956 წლის აქციებმა და მაშინდელმა მოვლენებმა დიდად იმოქმედა რეჟისორის დამოკიდებულებებზე და პოლიტიკურ შეხედულებებზე. ამას დაემთხვა რთული პერიოდი მის ცხოვრებაში, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ცუდად მიდიოდა ფილმ “ცისკარაზე” მუშაობა და ამ დროს დაწერა რამდენიმე ანონიმური წერილი, სადაც გააკრიტიკა ხელისუფლება. ეს წერილები აღმოუჩინეს და დაიჭირეს.

მონოგრაფიის თავში „რეპრესია 1957-1959“ წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი და მიქაბერიძის დაპატიმრებისა და გასამართლების დღემდე უცნობი დოკუმენტები.

აფიშა ფილმის "ჩემი ბებია"

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად ასევე მოეწყო გამოფენა, მათ შორის იყო გამოფენილი იმ ფილმების აფიშები, რომლებიც კოტე მიქაბერიძის რეჟისურითაა გადაღებული, ან როგორც მსახიობი, ისე მონაწილეობს.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ მონიტორებზე შესაძლებელია ნახოთ მიქაბერიძის გადაღებული ფილმების ყველა შემორჩენილი და ხელმისაწვდომი ასლი – „ჩემი ბებია“ (1929), „ჰასანი“ (1932), „ქაჯეთი“ (1936), „ფორპოსტი“ (1941), „ალბანეთის დელეგაცია საქართველოში“ (1952). გამოფენა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი