ახალი ამბები

რისი ეშინიათ საზღვრისპირა მცხოვრებლებს– რეპორტაჟი ყაზბეგიდან

1 მარტი, 2010 • 1340
რისი ეშინიათ საზღვრისპირა მცხოვრებლებს– რეპორტაჟი ყაზბეგიდან

სტეფანწმინდის მოსახლეობა შიშით უყურებს ყაზბეგი ზემო ლარსის საზღვარს, რომელიც სამი წლიანი პაუზის  შემდეგ, დღეს გაიხსნა.

შიშის მიზეზი კი, მათი თქმით, რუსეთია.

სტეფანწმინდის მკვიდრი, ვაჟა ჩქარეული, როცა ამ შიშის მიზეზებზე ვეკითხები, აგვისტოს ომს იხსენებს, როცა მისი თქმით რეგიონში ტანკები შევიდნენ: “აქ ტყვია არ გავარდნილა”, თუმცა ის შიში აქაურ მაცხოვრებლებს დღემდე ახსოვთ.

 პოლიტიკოსების ნაწილის ეჭვი, რომ რუსეთი იქნება მაპროვოცირებელი ეთნიკურ ოსებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის კონფლიქტის გაჩენის, სტეფანწმინდის მცხოვრებლები საფრთხედ არ აღიქვამენ, რადგან აქ ამბობენ, რომ ოსები მათი ნათესავები არიან და რომ მათთან ”ძალიან კარგი” ურთიერთობა  აქვთ.

 ეთერ დვალიშვილი ამბობს, რომ საზღვრის იქით აქ ხალხს ოჯახის წევრები ჰყავს ”აქ ბევრია შერეული ოჯახი”, –ამბობს სტეფანწმინდის რაიონის მკვიდრი.

 თუმცა ნათესავებს, რომლებიც ეთნიკურად ოსები არიან და რომლებიც მათგან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ, საზღვრის გახსნის შემდეგაც ვერ ნახავენ.

”ჩვენთვის საზღვის გახსნას აზრი არ აქვს” – ამბობს მალხაზ კობიაშვილი. მიზეზი კი ის არის, რომ ისინი ფეხით საზღვარს ვერ გადაკვეთენ.  

150 კილომეტრი თბილისამდე, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ვიზის მიღება, უკან დაბრუნება და სტეფანწმინდიდან ლარსის გამშვებ პუნქტამდე  12 კილომეტრის გავლა –  ეს ის გზაა, რომელიც სტეფანწმინდელებმა უნდა გაირონ, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში. თუმცა საზღვარზე  ფეხით მაინც ვერ გადავლენ, რადგან მიმოსვლა საზღვარზე მხოლოდ ტვირთისთვის არის ნებადართული.

ზამთარში ვითარება კიდევ უფრო რთულდება, რადგან გზა თბილისამდე თოვლის გამო იკეტება, აქაურები კი თოვლიან სოფლებში გარემოს მოწყვეტილები რჩებიან.

საზღვრის გახსნა, აქაურების აზრით სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის. რადგან საზღვარზე სულ 15 კაცი მუშაობს – მესაზღვრეები, რომლებიც ყაზბეგი ზემო ლარსის საბაჟო-გამსვლელ პუნქტს იცავენ.

საზღვარი, რომელიც დღეს სამი წლის შემდეგ, დილის 6 საათზე გაიხსნა, ამ დრომდე არავის გადაუკვეთია, ამბობენ მესაზღრეები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი