ახალი ამბები

ინციდენტი სიღნაღის რესტორანში და პოლიციის რეაქცია

5 ოქტომბერი, 2013 • • 3389
ინციდენტი სიღნაღის რესტორანში და პოლიციის რეაქცია

კახეთის რეგიონულმა ტელეკომპანია “გურჯაანმა” მოამზადა სიუჟეტი, სადაც საუბარია, რომ 3 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, სიღნაღის პოლიციის უფროსის მამის დაკრძალვიდან მომავალი რამდენიმე მამაკაცი საქეიფოდ გაჩერდა სიღნაღში მდებარე რესტორან “ნიკალაში”. როგორც რესტორნის პერსონალი აცხადებს, აღნიშნულმა პირებმა რესტორან “ნიკალაში” მყოფ ტურისტ ქალებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ძალადობა სცადეს. ხოლო მოგვიანებით თავად რესტორნის პერსონალიც შეურაცხყვეს.

 

“მოითხოვეს თავიდან შამპანიური, ვუთხარით, რომ არა გვაქვს, მერე მოითხოვეს “დაჭრილი ძუძუ” და მე ვუთხარი, რომ ასეთი რაღაცები აქ არ მოითხოვოთ- მეთქი. პოლიცია მოვიდა, მაგრამ პოლიცია აშკარად უძლური აღმოჩნდა ამათ წინაშე, იმიტომ, რომ არ ვიცი, ვინ იყო ეს ხალხი, რას წარმოადგენდნენ, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, პოლიციის უფროსის მამის დაკრძალვაზე ყოფილან და პოლიცია იმიტომ აღმოჩნდა უძლური ამათ წინაშე,” – აცხადებს რესტორნის თანამშრომელი ლიკა ბოსტოღანაშვილი.

 

“უზრდელურად მოგვიხსენიებდნენ ჩვენ ყველას და გვლანძღავდნენ, გვაგინებდნენ ოჯახს. მთელი დარბაზი ხალხით იყო სავსე, რესტორანი დაიცალა, “მაფიაო”- ტურისტები ყვიროდნენ. პოლიცია გახდა მათ მიმართ უძლური, ვერაფერი ვერ უთხრეს, კვადროციკლებით იდგნენ გვერდით, გვიყურებდნენ და ჩვენამდე საერთოდ არ მოსულან ამ დრომდე, არ მოვუკითხივართ, გუშინ საერთოდ რა მოხდა. ჩვენო, იცითო, ვინ ვართო? ჯერ მანქანებს შეხედეთო, რასაც მოგთხოვთ, ყველაფერი შეგვისრულეთო,”– ამბობს რესტორნის კიდევ ერთი თანამშრომელი ია ბოსტოღანაშვილმი. 


რესტორნის თანამშრომლები ასახელებენ ავტომანქანის ნომრებსა და იმ პირებს, რომლებიც ამოიცნეს: ორი ჯიპი, ნომრებით- OUO 002 და EKU 004 და პირები – ოლეგი ჯავაშვილი, პაატა და მამუკა გიორგაძეები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ინფორმაცია პოლიციის უმოქმედობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“გუშინ, როდესაც 2 პიროვნება შევიდა რესტორანში და სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს და მათ ინციდენტი გაანეიტრალეს. როდესაც უკვე პოლიცია მივიდა ადგილზე და რესტორნის მეპატრონეს კითხა, ჰქონდა თუ არა ვინმესთან პრეტენზია, მან განაცხადა, რომ არავისთან პრეტენზია არ ჰქონდა და რესტორანს ზარალი არ განუცდია. შესაბამისად, საქმის აღძვრის საფუძველი არ იყო, რადგან ოქმში დაფიქსირებულია, რომ პრეტენზია ამ ქალბატონს არავისთან არ ჰქონდა.  დღეს როდესაც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული ორი პირი უმსგავსოდ იქცეოდა, ეს ორი პიროვნება დაიბარეს სიღნაღის რაიონულ სამართველოში და მისცეს გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით. კიდევ ერთხელ გაესაუბრნენ რესტორნის ადმინისტრაციას. მათ დღესაც განაცხადეს, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ”, – განაცხადა გიორგობიანმა. 

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდესაც დაცვის პოლიციამ სიტყვიერი შეურაცხყოფის ინციდენტი გაანეიტრალა, იყო თუ არა ეს პირების დაკავების საფუძველი, შსს–ს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ დაცვის პოლიციის უფლებებში არ შედის საქმის აღძვრა:

 

“დაცვის პოლიციის უფლება არ არის, რომ საქმე აღძრას, მას შუძლია, როცა რაღაც ხდება, სიტუაცია გაანეიტრალოს. შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია, როგორც არის წესით და კანონით, როდესაც გამოკითხა იქ მყოფი ადამიანები, ასევე, რესტორნის ადმინისტრაცია, მათ განაცხადეს და ოქმიც არსებობს ამის, რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ,”– განაცხადა გიორგობიანმა. 

 

მისივე თქმით, აღნიშნული ორი პირი არ არიან პოლიციის თანამშრომლები და  პოლიციასთან დაკავშირებული.


 

ტელეკომპანია “გურჯაანის” მიერ მომზადებულ სატელევიო სიუჟეტში სიღნაღის პოლიციის უფროსი ჯონი ჯოხაძე აცხადებს, რომ აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით მათთან არავითარი შეტყობინება არ შესულა, რესტორნის თანამშრომლების თქმით კი, სიტუაციის განეიტრალება მხოლოდ რესტორნის დაცვის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი