“შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არდაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება.”
სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა სასწრაფოდ გამოსაძიებელია.
“მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრა – ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები. ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს უსაფრთხოების საერთო სიტუაციას. ამას ისიც მალაპარაკებს, რომ ამას წინათ თბილისში, საბურთალოზე, ჩემ გვერდზე სადარბაზოში მცხოვრები უწესიერესი 21 წლის ახალგაზრდა ვიღაც ნაძირალამ გამოასალმა სიცოცხლეს. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ჩვენს შვილებს საფრთხე მომავალში მაინც აღარ დაემუქროს,”- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ბათუმის ახალ ბულვარში 16 წლის გოგონა მოკლეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე გოგონას ცხედარი პოლიციამ გვიან ღამით აღმოაჩინა.
პრესსამსახურის განცხადებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. საქმეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.
ბათუმელი მარიამ კოჩალიძე შაჰინის ლიცეუმის წარმატებული მოსწავლე და “სამოქალაქო კლუბის” აქტიური წევრი იყო.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი, მარიკა იობიძე ამბობს, ცხედარი მშობლება დაახლოებით ღამის პირველ საათზე აღმოაჩინეს. გოგონა ხშირად სეირნობდა ახალ ბულვარში მარტო და ჩანაწერებს აკეთებდა. “რვა საათისთვის, როცა ნათლიამ მესიჯი გაუგზავნა, არ გამოხმაურებია და მერე შეშფოთდნენ, რადგან ნათლიას ყოველთვის პასუხობდა.”
გარდაცვლილის მეგობრის თქმით, საღამოს ათი საათისთვის მშობლებმა პოლიციას მიმართეს, სადაც მათ განუცხადეს, რომ ძებნის დაწყებსითვის რამდენიმე საათი უნდა გასულიყო, ამიტომ მშობლებმა ღამით ფარნებით დაიწყეს ძებნა და გარდაცვლილი აღმოაჩინეს. გოგონას ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა და თავზე ქვა ჰქონდა დადებული. ადგილიდან დაკარგულია ველოსიპედი და აიფონი.
