ხელოვნება

ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა საქართველოში

28 მარტი, 2013 • • 3050
ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა საქართველოში

თანამედროვე ხელოვნება სირთულეების წინაშე


წელს სოთბის ცნობილ აუქციონზე ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოფინეს.  სოთბი- ხელოვნების ნიმუშების ყველაზე პრესტიჟული აუქციონი- ითხოვს, წარდგენილი ნიმუშები დაზღვეული იყოს.

 

ბაია გალერეის დირექტორი, ბაია წიქორიძე, რომელიც ქართველი მხატვრების (მერაბ აბრამიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, კოტე სულაბერიძის) ნამუშევრების სოთბის აუქციონზე წარდგენას კურირებდა, ხელოვნების ამ ნიმუშების, როგორც განსაკუთრებულად ძვირფასი ტვირთის გადაზიდვისას პრობლემები შეექმნა.


იმის გამო, რომ საქართველოში ხელოვნების ნიმუშების  დაზღვევა არ ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ბაია წიქორიძეს პრობლემები შეექმნა საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებთან. ეს კომპანიები ხელოვნების ნიმუშებს საქართველოდან არ აღრიცხავენ, როგორც განსაკუთრებულად ძვირფასს, სწორედ დაზღვევის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო.


ბაია წიქორიძე, რომელიც “ბაია გალერეის” მეპატრონეა საქართველოში, ამ ვითარებით არსებულ მდგომარეობას “ძალიან ცუდს” უწოდებს:


“საქართველოში არ არის ხელოვნების ნიმუშების ტექნოლოგიური ექსპერტიზის შესაძლებლობა. არ არის სერტიფიცირებული ექსპერტი, არც ტექნოლოგიური ბაზა, რომელიც ამ ნამუშევრების ორიგინალობას დაადგენს. არ არსებობს არც მონაცემთა ბაზა, მხატვრების რეიტინგით, მათი ნამუშევრების აღწერითა და ფასის დადგენილი კოეფიციენტებით”.

 

ამის გამო სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, დაზღვევას გალერეიდან შეფასების საფუძველზე აკეთებენ:


“სადაზღვევო კომპანია სვამს კითხვას, თუ რა ღირს ეს სურათები, რადგან საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ექსპერტი და შესაბამისი ინსტიტუცია ჩვენთან არ არსებობს, სადაზღვევო კომპანიები ეყრდნობიან გალერეისა და არტისტის შეთანხმებით დადგენილ ღირებულებას. მაგრამ ხომ არ შეიძლება სადაზღვევო კომპანია უბრალოდ გალერეას ეთანხმებოდეს?”- კითხულობს წიქორიძე.


გალერისტების შეფასებას ზოგჯერ ეყრდნობა “ჯიპიაი ჰოლდინგი”, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომლის PR–მენეჯერი თინა სტამბოლიშვილი ამ სადაზღვევო პროდუქტის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად საქართველოში ხელოვნების თანამედროვე ნიმუშის შეფასების სირთულეებს ასახელებს:


“ცალკეულ შემთვევებში გალერისტის შეფასების საფუძველზე რაღაცას ვახერხებთ ხოლმე, მაგრამ ეს არ არის სისტემა”…


ბაია წიქორიძის განმარტებით, განვითარებულ ქვეყნებში ხელოვნების ნიმუშების შეფასებას სხვადასხვა ინსტიტუციები ახორციელებენ, ძირითადად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები და ექსპერტები, სპეციალური ან გალერეებთან თანაარსებული კვლევითი ინსტიტუტები. დაზღვევის საკითხი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ინსტიტუციების შექმნასთან, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ნიმუშის შეფასება და, საბოლოო ჯამში, სადაზღვევო ღირებულების დადგენა.


საქართველოში ლიცენზირებული ექსპერტიზის გარეშე, მხოლოდ გალერისტის ცნობის საფუძველზე დაზღვეულ ნამუშევრებს საერთაშორისო გადამზიდავები მაინც ისე აღიქვამენ, როგორც ჩვეულებრივ ტვირთს.


მაგრამ რა მოხდება, თუ არაძვირფასი ტვირთის სტატუსით გადაზიდული ხელოვნების ნიმუში ტრანსპორტირებისას დაზიანდება, ან დაიკარგება? როგორ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან?

 

“ჯიპიაი ჰოლდინგის” განცხადებით, ისინი შეასრულებენ ვალდებულებას – აანაზღაურონ დაზღვევის საფასური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვეულებრივი ტვირთის სტატუსით გადაზიდული ხელოვნების ნიმუში დაიკარგება, ან დაზიანდება. “თუმცა დაზიანების ხარისხისა და ფასის დადგენაც საქართველოში არ ხდება,” – ამატებს “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენელი თინა სტამბოლიშვილი.


კითხვაზე, თუ რა არის საჭირო, რათა საქართველომ ხელოვნების დაზღვევის საერთაშორისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ბაია წიქორიძე გვპასუხობს:


“ამას სჭირდება ტექნოლოგიური ბაზა, ქაღალდის ტილოს გამოკვლევისა და რენტგენოგრამის საშუალება, კომპიუტერული სკანირება, ქიმიური ექსპერტიზა. საქართველოში მხოლოდ ვიზუალური ექსპერტიზაა შესაძლებელი, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელოვნების ნიმუშების ორიგინალობის დადგენა, ტექნოლოგირი საშუალებებით, რაც აუცილებელია დაზღვევისთვის საქართველოში შეუძლებელია”.


ამ პრობლემების გამო დაუზღვევლები არა მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოების შეძენის პოტენციური მსურველები არიან, რომლებიც თეორიულად შეიძლება ყალბი ნამუშევრის მფლობელი გახდნენ, არამედ სადაზღვევო კომპანიებიც, რომლებსაც  ყალბი ნამუშევრის არაადეკვატურად დაზღვევისგან ვერავინ დააზღვევს.


დაუზღვეველი საგანძური


ევროპის  ქვეყნებში იმაზე მსჯელობენ, ღირს თუ არა კოლოსალური თანხების გადახდა ხელოვნების ნიმუშებისა თუ შედევრების დაზღვევაში, თუმცა საქართველოში ეს განხილვის თემა არც არის.


ძვ. წ. II საუკუნით დათარიღებული ჭაბუკის ტორსი (ვანის საგანძური)
ძვ. წ. II საუკუნით დათარიღებული ჭაბუკის ტორსი (ვანის საგანძური)

დღესდღეობით დაზღვეული არ არის საქართველოს  ეროვნული მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია, ოქროს ფონდის, არქეოლოგიური საგანძურისა და ფერწერული საგანძურის ჩათვლით. მუზეუმის კოლექციების მართვის სამსახურის უფროსის, ალისა დათუნაშვილის განმარტებით,  “ეროვნული მუზეუმის ბიუჯეტი კოლექციების დაზღვევისთვის ძალიან მწირია”.

 

მისივე განმარტებით, – “სპონსორების ან საელჩოების მონაწილეობის გარეშე ძვირდღირებული კოლექციების დაზღვევის საშუალება მუზეუმებს არც ევროპაში აქვთ”.

 

მართლაც, ძარცვისაგან დაზღვეული არ იყო ოსლოს მუნკის სახელმწიფო მუზეუმიც, საიდანაც 2004 წლის აგვისტოში მძარცველებმა მხატვრის ცნობილი ტილოები – “კივილი” და “მადონა” მოიპარეს.  “ოსლოს მუნიციპალიტეტმა მუნკის ნამუშევრების დაზღვევა ზედმეტად ძვირად მიიჩნია – კოლექციას უზარმაზარი ფასი აქვს,” – განაცხადა მუზეუმის ხელმძღვანელობამ.



მძარცველებს მუნკის ორი ტილო მუზეუმიდან გააქვთ. 2004 წლის აგვისტო
მძარცველებს მუნკის ორი ტილო მუზეუმიდან გააქვთ. 2004 წლის აგვისტო

საქართველოს  ეროვნული მუზეუმი, მსგავსად ევროპული პრაქტიკისა, კოლექციებს მაშინ აზღვევს, როცა ისინი მუზეუმის კედლებს ტოვებენ.

 

ეროვნული საგანძურის ქვეყნიდან გატანისას კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მკაცრი მოთხოვნები და უცვლელი პირობები აქვს:


“ეროვნული მუზეუმის უცვლელი პირობაა ე.წ. დაზღვევა “კედლიდან კედლამდე”, რაც გულისხმობს დაზღვევას ექსპონატების მუზეუმის კედლიდან მოხსნიდან, მისი ტრანსპორტირების, სხვა საგამოფენო სიცრცეში ყოფნისა და უკან დაბრუნების ჩათვლით, “ – ამბობს ეროვნული მუზეუმის იურისტი მაია მგელაძე – “ამასთან, ის სადაზღვეო კომპანია, რომელნიც სახელმწიფო საკუთრების დაზღვევასა და უსაფრთხოებას აიღებს საკუთარ თავზე, აუცილებელია იყოს გაერთიანებული ლოიდის ან ბენის ჯგუფებში, რომელნიც სადაზღვეო ორგანიზაციებისა და კომპანიების მსოფლიოს უმსხვილეს გაერთიანებებს წარმოადგენენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი