ტექნოლოგიები

ასანჟი “ფეისბუქის” წინააღმდეგ

4 მაისი, 2011 • • 1198
ასანჟი “ფეისბუქის” წინააღმდეგ

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა „ფეისბუქს“ „შპიონაჟის იარაღი უწოდა.“ ის მიიჩნევს, რომ ფეისბუქი დარეგისტრირებული მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებს და ავტომატურად გადასცემს აშშ-ს სპეცსამსახურებს.

„ფეისბუქი არის უდიდესი ჯაშუშური მექანიზმი, რაც კი ადამიანებს შეუქმნიათ,“-თქვა ჟულიან ასანჟმა „Russia Today“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. „აქ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთა შესახებ ყველაზე სრულყოფილ მონაცემთა ბაზასთან, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მათი ურთიერთობების, საცხოვრებელი ადგილის, ვინაობის, პირადი კავშირებისა და ნათესავების შესახებ,“ -განაცხადა ასანჟმა. მისივე აზრით, მსგავს ფუნქციას ასრულებენ Google და Yahoo.

„Facebook, Google და Yahoo – ყველა ამ ამერიკული კომპანიას აქვს ინტეგრირებული ინტერფეისი, რომელიც ხელმისაწვდომია აშშ-ს დაზვერვისთვის. ყველა მსგავს პროგრამას აქვს ინტერფეისი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ადამიანს საკუთარი მიზნებისთვის შეუძლია. ასევე ყველა მათგანს სპეციალურად აქვს შექმნილი ინტერფეისი, რომელსაც აშშ-ს დაზვერვა ადამიანთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებს,“-მიიჩნევს „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი.

ჟულიან ასანჟი ამ დროისათვის შინაპატიმრობაშია და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება შვედეთში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით. შედეთში „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს გაუპატიურების ბრალდების გამო გასამართლება ელოდება. ასანჟის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ შვედეთის მთავრობა ჟულიან ასანჟს აშშ-ს გადასცემს, ამიტომ მის ექსტრადირებას ეწინააღმდეგებიან.  აშშ-ში ამ დრომდე ვერ მოაგროვეს საკმარისი მტკიცებულებები, ჟულიან ასანჟს ჯაშუშობის ბრალდება რომ წაუყენონ. ეს ბრალდება აშშ-ს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ასანჟის ბრალდებებს „ფეისბუქთან“ დაკავშირებით  გამოცემა „ფორბსის“ საშუალებით აღნიშნული სოციალური ქსელის წარმომადგენელი გამოეხმაურა.

თავად „ფორბსი“ წერს, რომ  „შესაძლოა ასანჟმა დიდხნას უყურა Onion News Network-ს (იუმორისტული დეზნიფორმაციული საინფორმაციო სააგენტო).“  სტატიის ავტორი დეზინფორმაციული სააგენტოს მიერ მომზადებულ ცრუ ახალ ამბავს იხსენებს,  სადაც ნათქვამია, რომ „CIA-ის მიერ „ფეისბუქის“ გამოგონებამ აშშ-ს მილიონობით დოლარი მოუტანა.“ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ასანჟის განცხადება ამ სატირული ახალი ამბისგან არაფრით განსხვავდება.

თავად „ფეისბუქის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასანჟის შეფასებები სოციალური ქსელის მიერ აშშ-ს სპეცსამსახურებისთვის ადამიანთა პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ გაზვიადებულია და ეს მონაცემები სპეცსამსახურებს ავტომატურ რეჟიმში არ გადაეცემა. „ფეისბუქს“ ჰყავს სამართლის სფეროში სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანთა შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში პასუხისმგებელნი არიან, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ და მოთხოვნის კანონიერება დაადგინონ.

„ჩვენ არ ვპასუხობთ ზეწოლას, ჩვენ ვრეაგირებთ სამართლებრივ პროცესზე“, -განუცხადა „ფორბსს“ „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა, „ – ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით ჩვენზე აქამდე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ ვნახავთ, რომ ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საკამრისი არ არის. კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემა სამართალდამცავთა სტრუქტურისთვის აშშ-ს კანონმდებლობით არის განსაზღვრული და ჩვენ პატივს ვცემთ ამ კანონს.“

იმ ადამიანებს, რომლებიც „ფეისბუქის“ მიერ მათ შესახებ პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო შესაძლო გართულებებზე დარდობენ, „ფორბსი“ ურჩევს, რომ სოციალურ ქსელში კრიმინალური შინაარსის სტატუსები და ფოტოები არ გამოაქვეყნონ. გარდა ამისა, არ დაუმეგობრდნენ „კრიმინალურ ადამიანებს“ და უფრო მკაცრად აკონტროლონ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი