ტექნოლოგიები

თამაში წითელი კვერცხებით

19 აპრილი, 2011 • • 1249
თამაში წითელი კვერცხებით

„საქართველოს ბანკმა“ ფეისბუქის მომხმარებლებს სააღდგომოდ წითელი კვერცხებით თამაში შესთავაზა. კონკურსს „ჩემი თუ შენი?“ ჰქვია და გამარჯვებულიც ის იქნება, ვინც 1 მაისამდე ყველაზე მეტ გატეხილ კვერცხს დააგროვებს. გამარჯვებულები შესაბამისად დაჯილდოვდებიან კომპანია „ეფლის“ პროდუქციით –  iPad 2, iPod Touch და iPod nano.

თამაშის წესებში წერია, რომ წითელი კვერცხებით თამაში ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე აგროვებ კვერცხებს, ხოლო მეორე ეტაპზე მათ იყენებ მეგობრებთან შეჯიბრისთვის, რაც შეიძლება მეტი გატეხილი კვერცხი რომ დააგროვო. იმისათვის, რომ თამაშის მოგების შანსი გაგეზარდოს, პირველ ეტაპზე უნდა დააგროვო ყველაზე მეტი კვერცხი. კვერცხები მეგობრების მოწვევისას მოგემატება. იმისათვის, რომ მოწვევა ჩაგეთვალოს, მეგობარი უნდა შემოუერთდეს თამაშს.  ყოველ მოწვეულ 5 მეგობარზე მოთამაშის კალათს ერთი კვერცხი მიემატება. გარდა ამისა, თამაშის დაწყებისთანავე მომხმარებელს გარკვეული რაოდენობის კვერცხი ეძლევა. თუ თამაშს პირველივე დღეს შეუერთდებით, თქვენ 10 წითელი კვერცხით დაჯილდოვდებით, თუ მომდევნო დღეს-საჩუქარი ერთით შემცირდება და ა.შ.

„საქართველოს ბანკის“ მიერ შექმნილ აპლიკაციაში თამაშის წესები და პრინციპები უფრო დეტალურად არის ახსნილი. მაგალითად, თამაშის განმავლობაში შეგროვებულ კვერცხებს მიღების მომენტში ენიჭება გამძლეობა 1–დან 10–მდე. შეჯიბრებისას სწორედ ის კვერცხი ტყდება, რომელსაც ნაკლები გამძლეობა აქვს. თუ შეჯიბრებისას ორი კვერცხის გამძლეობა ერთმანეთს დაემთხვა, ორივე კვერცხი ტყდება და ორივე მოთამაშეს თითო გატეხილი კვერცხი ემატება. შეჯიბრებისას გამარჯვებულ კვერცხს აკლდება გამძლეობის 0.5%, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 გამძლეობის მქონე კვერცხი თუ 20–ჯერ მოიგებს შეჯიბრს, დაახლოებით 9 გამძლეობა შერჩება. ყოველი კვერცხის გამძლეობა თავიდანვე გასაიდუმლოებულია. როგორც წესებში წერია, თამაშში სულ ექვსი სხვადასხვა ხარისხის კვერცხი არსებობს. თამაშის დაწყებისას მიღებული კვერცხები ყველაზე დაბალი, ანუ პირველი ხარისხისაა. მიღებული კვერცხების რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი ხარისხიც იზრდება.

თამაშის მკაცრი მოთხოვნაა, რომ მოთამაშეთა ასაკი 13 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასევე აკრძალულია ყალბი პროფაილების შექმნა. ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში უფლებას იტოვებს, კვერცხებით მოთამაშე თამაშიდან ახსნა-განმარტებების გარეშე მოხსნას.

“ნეტგაზეთის” მკითხველს შევახსენებთ, რომ ფეისბუქზე ნებისმიერი თამაშის დაწყების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები აპლიკაციის შემქმნელი კომპანიისთვის  ხელმისაწვდომი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი