ტექნოლოგიები

საქართველო Map maker-სა და openstreetmap-ში

14 აპრილი, 2011 • • 1489
საქართველო Map maker-სა და openstreetmap-ში

თუკი ერთი თვის წინ „გუგლის მეფ მეიქერსა“ და „ოფენსთრითმეფში“ საქართველოს რუკა მხოლოდ რამდენიმე ქალაქის დასახელებით შემოიფარგლებოდა, უფრო ადრე კი ქალაქების სახელები  არაბულად ეწერა, დღეს ქუჩების, ტბების, დაცული ტერიტორიების, ქალაქებისა და სოფლების გზების მოძებნაა შესაძლებელი.

OMC–მ (Open maps Caucasus) რამდენიმე დღის წინ „გუგლისგან“ წერილი მიიღო, რომელიც იტყობინებოდა, რომ საქართველოს გეომონაცემების ნახვა „გუგლის მეფ მეიქერზე“  უკვე ხელმისაწვდომია.

„our data is live on map maker“ – ამ შინაარსის წერილი მიიღო ორი დღის წინ  OMC-ის პროექტის მენეჯერმა და GIS ანალიტიკოსმა, დავით გოგიშვილმა მეგან ლატიმერისგან.

მეგან ლატიმერი JumpStart-ის დირექტორია. „ჯამფსტარტი“ კი დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში რუკების შექმნის ერთწლიანი პროექტი დააფინანსა.

დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ათას მოხალისესთან ერთად OMC–ი საქართველოს ელექტრონული რუკის შექმნას ახორციელებდა.  რამდენიმე თვის წინ ორგანიზაციამ მონაცემების ნაწილი „გუგლსა“ და „ოფენსთრითმეფს“ შესაფასებლად გაუგზავნა.

მონაცემების „მეფ მეიქერში“ იმპორტირებასთან დაკავშირებით პასუხი ახლახანს მიიღეს. OMC-ის მონაცემების იმპორტირება თბილისს გარეთ „ოფენსთრითმეფზეც“ მოხდა.

Openstreetmap–ი მსოფლიო მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ რუკაა. მისი მთავარი პრიორიტეტია, რომ საიტზე ხალხმა თავად განახორციელოს მეპინგი. მთავარი მიზეზი, თუ რატომ მოხდა მონაცემების იმპორტირება, როგორც დავით გოგიშვილი ამბობს, ის არის, რომ OMC-ის მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობა სწორედ მოხალისეებმა მიიღეს.

„გზები ყველა სოფლამდე და ქალაქამდე, თბილისის, ბათუმის და ნაწილობრივ ქუთაისის შიდა გზები, ყველა სოფელი, თავიანთი საზღვრებით (თუმცა ეს ადმინისტრაციული საზღვარი არ არის, პირობითია), ქუჩის დასახელებები, თუმცა ნაწილი არ არის გასწორებული, ასევე, ველოდებით, რომ დაამატებენ შიდა გზებს (სოფლების და პატარა ქალაქების) და სხვადასხვა წერტილებს, მაგალითად, მაღაზიებსა და ა.შ. ამავე რუკებზეა ტბები, მდინარეები და დაცული ტერიტორიები“,–ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში დავით გოგიშვილი.

პროექტის ფარგლებში OMC–ი მოლაპარაკებებს google.org–თან აწარმოებდა. Google.org–ი „გუგლის“ ერთ–ერთი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც ამ დრომდე 100 მილიონის ოდენობით გრანტი აქვს გაცემული და არაკომერციულ საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა სფეროში.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება გუგლის რუკაზე საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი