ფეისბუქმა ჟურნალისტებს მცირე სიურპრიზი მოუმზადა. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებისთვის სპეციალური გვერდი შექმნა, რომლის მიზანიც რედაქციის საქმიანობაში ფეიბუქის გამოყენების პოპულარიზებაა.
Journalists on Facebook-ის მიზანია, ჟურნალისტებს გააცნოს ფეისბუქის ის შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებით ახალი ამბების მომზადება და გავრცელება უფრო მოქნილად და სწრაფად მოხდება.
პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ Facebook ჟურნალისტებისთვის არის ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესანიშნავი გზა, რადგან ფეისბუქს მსოფლიოში 500 მილიონზე ადამიანი იყენებს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ჟურნალისტთა მიერ ფეისბუქის ნაყოფიერად გამოყენების საილუსტრაციოდ Journalists on Facebook-ის ავტორები იხსენებენ „ნიუ-იორკ ტაიმსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და სხვა მედიასაშუალებების მიერ ფეისბუქის აქტიურად გამოყენების ფაქტებს.
მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი ნიკოლას კრისტოფი ეგვიპტის რევოლუციის შესახებ ქაიროდან უწყვეტ რეჟიმში აქვეყნებდა ახალ ამბებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
Journalists on Facebook-ს ჯერჯერობით 3 700 მომხმარებელი ჰყავს და ეს რაოდენობა ყოველ საათში ასეულობით იზრდება. აქ განთავსებულია გაკვეთილები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენო ფეისბუქის სხვადასხვა ფუნქცია უკეთესი შედეგის მისაღებად.
Facebook არნიშნული გვერდის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის სემინარებისა და ტრენინგების მოწყობას აპირებს. პირველი მსგავსი სემინარი 27 აპრილს Facebook-ის სათაო ოფისში, კალიფორნიაში გაიმართება.