კომპანია Apple-მა LGTB აქტივისტების მოთხოვნის შემდგე iTunes-დან ამოიღო პროგრამა „ჰომოსექსუალობისგან განკურნება.“ ამის შესახებ რელიგიური ორგანიზაცია Exodus International თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს. პროგრამა მომხმარებელს „ჰომოსექსუალობისგან განკურნებას“ იესო ქრისტეს სწავლების მიხედვით სთავაზობდა.
პროგრამა iPhone-სა და iPad-თვის იყო განკუთვნილი და ის iTunes-დან ათასობით მომხმარებელმა ჩამოტვირთა. iTunes არის კომპანია Apple-ის რესურსი, სადაც ათასობით პროგრამა, ფილმი, მუსიკა და თამაში ლეგალურად არის განთავსებული. Exodus International-ის ვებგევრდზე წერია, რომ ორგანიზაცია არის „გლობალური ქრისტიანული სამინისტრო, რომელიც აერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც არასასურველ, ერთსქესიან ურთიერთიობებს ბიბლიური სწავლებებით ებრძვიან.“
რელიგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ ვებდეველოპერს დაუკავშირდა კომპანია Apple-ს წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ პროგრამა „ჰომოსექსუალობისგან განკურნება“ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა დიდ ჯგუფს, ამის გამო კი მას iTunes-დან წაშლიდნენ. Exodus-მა ხალხს მოუწოდა, Apple-ს მოსთხოვონ საკუთარი მომხმარებლების რწმენის მრავალფეროვნების აღიარება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კომპანია საკუთარი მომხარებლების ინტერესებს ღალატობს, რადგან წაშლილ პროგრამას iTunes-ზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
რელიგიური ორგანიზაციის მტკიცებით, Apple-მა iTunes-დან გასული წლის ნოემბერში ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი პროგრამა The Manhattan Declaration წაშალა. ეს პროგრამა მომხმარებელს ბიბლიური სწავლების მიხედვით ოჯახის შექმნის წესებს აცნობდა. Exodus-ში მიიჩნევენ, რომ ორივე შემთხვევაში კორპორაციაზე ზეწოლა იმ გეიაქტივისტებმა მოახდინეს, რომლებმაც „ჰომოსექსუალობისგან განკურნების“ iTunes-დან წაშლის მოთხოვნით პეტიციაზე 100 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვეს.
„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულნი ვართ Apple-ის გადაწყვეტილებით, რომელიც უარყოფს თანაბარ წარმომადგენლობას საჯარო სივრცეში. აზრისა და რწმენის თავისუფლების დისკრიმინაცია ხელს უშლის დიალოგსა და ბუნებრივ მრავალფეროვნებას,“-მიაჩნია Exodus-ის პრეზიდენტ ალან ჩემბერს. მისივე თქმით, ქრისტიანული შინაარსის პროგრამების დაბლოკვის პარალელურად Apple iTunes-ს საშუალებით მომხმარებელს LGTB შინაარსის ასობით აპლიკაციას სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანიამ iTunes-ში გასულ წელს Gay Christian Network-ის პოდკასტები გახადა ხელმისაწვდომი.
ალან ჩემბერი იმედოვნებს, რომ Apple გადაწყვეტილებას შეცვლის.