ტექნოლოგიები

ინტერნეტ რესურსი ქუჩების შესაკეთებლად

21 მარტი, 2011 • • 1408
ინტერნეტ რესურსი ქუჩების შესაკეთებლად

chemikucha.ge ახლადშექმინილი ვებგევრდია, სადაც თბილისის მცხოვრებლებს ქალაქის ქუჩებში არსებული პრობლემების შესახებ მოკლე შეტყობინების გაგზავნა შეუძლიათ. პროექტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახორციელებს, მიზანი კი ქუჩაში  არსებული პრობლემის მოგვარებაა.

„თუკი შენიშნავ ქუჩაში წყლის მილს, რომელიც ჟონავს; საშიშ ჭას, რომელიც დაფარვას საჭიროებს; ვანდალიზმს ან სხვა სახის პრობლემას, ახლა უკვე მარტივად შეგიძლია ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე განათავსო“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

პრობლემის მოკლე აღწერა, ვებ–გვერდზე განთავსება და რუკაზე აღნიშვნა  რთული არ არის. ასევე შესაძლებელია ფოტომასალის ატვირთვა.  პროექტის ავტორთა თქმით, პრობლემის ვებგვერდზე ატვირთვის შემდეგ, თბილისის მერია  ამის შესახებ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის  საშუალებით ავტომატურად მიიღებს და მათ მოგვარებას შეეცდება.

გარდა პრობლემებისა, chemikucha.ge-ზე შესაძლებელია უკვე მოგვარებული პრობლემის შესახებ ინფორმაციის ატვირთვაც. ამ წუთისათვის ვებგევრდზე სულ 11 შეტყობინებაა განთავსებული.

ამჟამად პროექტი მხოლოდ თბილისს მოიცავს, რადგან ავტორებს ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდებათ საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების დეტალურ ელექტრონულ რუკებზე და იმ საკონტაქტო პირებზე, რომლებიც სოფლის ქუჩების კეთილმოწყობაზე არიან პასუხისმგებელნი.

chemikucha.ge ემყარება FixMyStreet–ის კონცეფციას, რომელიც წარმატებულად მოქმედებს  დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ამგვარი ვებ–გვერდების მეშვეობით ათასობით პრობლემაა  მოგვარებული. Chemikucha.ge პირველი ასეთი სახის პლატფორმაა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში შეიქმნა.

FixMyStreet Georgia – Chemikucha.ge პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი