ტექნოლოგიები

პირველი ქართული კომპიუტერი-GeoBook და GeoPC

21 მარტი, 2011 •
პირველი ქართული კომპიუტერი-GeoBook და GeoPC

 

პირველკლასელები  პირველი სექტემბრიდან სკოლაში ქართული ნეტბუქებით – GeoBook-ით ისწავლიან.  კომპანია „ალგორითმმა“ უკვე დაიწყო ქარხნის მშენებლობა, სადაც სასწავლო წლის დაწყებამდე 50 ათასი  GeoBook უნდა დამზადდეს. GeoBook-ს კომპანია „Intel-ის“ ტექნოლოგიებითა და ნაწილებით ააწყობენ.

შეთანხმება კომპანია  „Intel-თან“ 2011 წლის იანვარში შედგა. მაშინ საქართველოში „ინტელის“ გლობალური განათლების პროექტის დირექტორი ბრაიან გონსალესიც იმყოფებოდა. „ალგორითმმა“ ამერიკული კომპანიისგან ქარხნის ასაშენებლად საჭირო ყველა სერთიფიკატი და დოკუმენტი მიიღო. ქარხნის შენობა, რომლის შეკეთებაც უკვე დაწყებულია, მოსკოვის გამზირზე მდებარეობს. მისი დიზაინი „ინტელის“ მოთხოვნის საფუძველზე კეთდება.

„ალგორითმის“ გენერალურმა დირექტორმა გიზო ფხოველიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ კომპიუტერების ქარხანაში ზაფხულიდან 50-60 ადამიანი დასაქმდება.

„ინტელის“ სპეციალისტები დაახლოებით 2-3 კვირაში ჩამოიტანენ აპარატურას, თავად დააყენებენ და ქართველ ინჟინრებთან ერთად GeoBook-ების შექმნას შეუდგებიან. კომპიუტერების ასაწყობი ნაწილებიც „ინტელიდან“ ჩამოვა. ქარხანა სრულად მიმდინარე წლის ივნისში ამუშავდება.

„ალგორითმის“ კომპიუტერების ქარხანა, GeoBook -ის გარდა, პერსონალურ კომპიტერებსაც დაამზადებს, რომელსაც GeoBook PC ერქმევა.  პირველკლასელთათვის განკუთვნილი GeoBook-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 300$ იქნება.

„ალგორითმის“  გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია იმპორტირებულ კომპიუტერებს კონკურენციას მაღალი ხარისხითა და შედარებით ნაკლები ფასით გაუწევს.

„ჩვენი ტექნელოგიები სხვა ქვეყნის ტექნოლოგიებთან შედარებით არანაკლებ ხარისხიანია, პირიქით, ბევრს ვჯობნით კიდეც, რადგან ჩვენ გვაქვს ახლადშეძენილი თანამედროვე ტექნოლოგიები,“ – ამბობს გიზო ფხოველიშვილი.

პირველკლასელთათვის განკუთვნილ ნეტბუქებში ჩატვირთული იქნება „ინტელის“ სასწავლო პროგრამა, რომელიც „ინტელმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადასცა.

„ალგორითმში“ ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი, GeoBook-სა და GeoBook PC-ებს გაიტანენ თუ არა გასაყიდად მეზობელ ქვეყნებში. კომპანიაში ამობებნ, რომ ეს კომპიუტერული ქარხნის წარმატებასა და ბაზრის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი