ტექნოლოგიები

ვერა ქობალია ბლოგერებს შეხვდა

16 მარტი, 2011 • • 2975
ვერა ქობალია ბლოგერებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს ქართველ ბლოგერებთან განიხილა, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს სოციალურმა მედიამ ეკონომიკის განვითარებაში,  ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვაში. ასევე, ამ სფეროში ძირითადად რა პრობლემები არსებობს, რომლის მოგვარებაც ხელისუფლებას შეუძლია.

შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ორმხირივი დისკუსიის რეიმში მიმდინარეობდა. მინისტრს სოციალური მედიის ოცამდე ქართველი წარმომადგენელი შეხვდა.

ბლოგერებმა ვერა ქობალიას გააცნეს პრობლემები და ის საკითხები, რომელთა მოგვარება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და სოციალური მედიაში მეტი ჩართულობით  შეიძლება. ბლოგერების აზრით, ტურიზმის განსავითარებლად მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი ვებგვერდი, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია საქართველოს ფარგლებში არსებული იაფფასიანი  და საოჯახო სასტუმროების შესახებ. ამჟამად ასეთი რესურსი არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ ცალკეულ ქალაქებს მოიცავს. მაგალითად, pliaj.ge, სადაც ინფორმაცია მხოლოდ აჭარის რეგიონში მდებარე გასაქირავებელი სახლების შესახებ არის მოცემული.

მსგავსი მონაცემთა ბაზის არარსებობის გამო უცხო ადამიანისთვის შეუძლებელია ღამის გასათევი ადგილის პოვნა, თუნდაც ჭიათურაში, ან ოზურგეთში, რადგან იქ მხოლოდ ერთი ან ორი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და დიდი სასტუმრო საერთოდ არ არის. მსგავსი სიტუაციაა საქართველოს სხვა მცირე ზომის ქალაქებშიც.

ვერა ქობალიას თქმით, აუცილებლად უნდა დაიხვეწოს საქართველოს შიგნით ტრანსპორტის გადაადგილების სისტემა, რადგან საქართველოში ახლადჩამოსული ადამიანისთვის შიდასაქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ერთიანი გამართული სისტემა.

ბლოგერებმა მინისტრს ასევე უთხრეს, რომ საჭიროა ისეთი ინტერნეტ რესურსის შექმნა, სადაც ბლოგერები პოპულარულ ენაზე, საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულებით აღწერენ სხვადასხვა ისტორიულ ღირსშესანიშნაობას. სოციალური მედიის აქტივისტების აზრით, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უცხოელი ტურისტები უფრო ხშირად ინტერესდებიან ბლოგერთა მიმოხილვებით, ვიდრე სხვადასხვა მონაცემთა ბაზებში განთავსებული ოფიციალური ინფორმაციებით.  მათი აზრით, მსგავსი მიმოხილვების დასაწერად რამდენიმეკაციანი ჯგუფი უნდა შეირჩეს, რომლებიც იმოგზაურებენ საქართველოს გარშემო, შეაგროვებენ ინფორმაციას ცნობილი თუ უცნობი საინტერესო ადგილების შესახებ და სხვადასხვა უცხოურ ენაზე დაწერილ პოსტებს, ვიდეოებსა და ფოტოებს  ინტერნეტში განათავსებენ.

შეხვედრისას გაჩნდა იდეა, რომ კონკრეტულ საინტერესო ადგილს მოუფიქრონ რამე ისტორია, რომელიც ამ ადგილის სავიზიტო ბარათად იქცევა. ბლოგერების აზრით, ხალხში ძალიან ბევრი ლეგენდა და ისტორია არსებობს, რომლის გაცოცხლება და ბრენდად ქცევა შეიძლება.

შეხვედრისას ერთ-ერთმა ქართველმა ბლოგერმა ზურაბ ალხანიშვილმა ვერა ქობალიას საკუთარი იდეა გააცნო, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ამუშავება რეალური იქნება. ბლოგერის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი სამკურნალო კურორტია, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია არათუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქვეყნის შიგნითაც კი არ არსებობს. ზურაბ ალხანიშვილის თქმით, ამჟამად საქართველოში მხოლოდ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მუშაობს, სადაც ინფრასტრუქტურა გაუმართავია.

ზურაბ ალხანიშვილს მიაჩნია, რომ სხვადასხვა რეკრეაციული ზონების პოპულარიზების მიზნით უნდა მოეწყოს საერთაშორისო კონგრესი, სადაც მოწვეულნი იქნებიან სტუმრები სხვადახვა ქვეყნებიდან და მოხსენებებს სწორედ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტებზე გააკეთებენ. მისი აზით, მსგავსი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად.

ვერა ქობალია ბლოგერს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მართლაც ბევრი პრობლემა არსებობს. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა მოშლილია, არ არსებობს სრულოყოფილი ინფორმაცია ამა თუ იმ კურორტის სამკურნალო თვისებების შესახებ. მისი აზრით, ამ ინფორმაციის მოგროვებაში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა ბლოგერებმაც უნდა მიიღონ და მეცნიერების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინტერნეტში პოპულარული ენით გააავრცელონ.

სოციალური მედიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს გუგლის რუკებში საქართველოს რუკის არარსებობაზეც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები გუგლთან უკვე დასრულებულია, მონაცემებიც გაგზავნილია და გუგლის რუკაზე საქართველოს დეტალური რუკა უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

შეხვედრის დასრულებისას ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ  ეკონომიკის სამინისტროში სპეციალისტებთან ერთად დაამუშავებს მოწოდებულ იდეებს და შესაძლოა, რომ ამ პროექტებზე მუშაობა უახლოეს მომაავლში რეალურად დაიწყოს. მან ასევე თქვა, რომ სოციალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ის მომავალშიც გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი