სოციალური მედიის მარკეტინგისა და ბრენდინგის კომპანია ლივინგსტონმა ონლაინ რესურსი შექმნა, რომელიც ფეისბუქის ქართული კონტენტის შესახებ სტატისტიკას ამუშავებს.
LeavingStone ინტერნეტში ჯერჯერობით ერთადერთი ვებგვერდია, სადაც ფეისბუქში დარეგისტრირებული ქართული გვერდების შესახებ რეიტინგისა და სხვა ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. LeavingStone-ის რეიტინგში დღეისათვის მხოლოდ ფეისბუქის 200 ქართული გვერდია შეყვანილი.
კომპანიის წარმომადგენელმა ვახო ვახტანგიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პირველ ჯერზე სპეციალურმა პროგრამამ ავტომატურად მოძებნა ფეისბუქზე დარეგისტრირებული ქართული გვერდები, თუმცა ეს სია სრულყოფილი არ არის.
LeavingStone-ის სისტემის დახვეწისა და მომხმარებელეთა პრეტენზიების მიღების შემდეგ ფეისბუქის გვერდების რეიტინგში დასამატებლად უკვე მზად არის კიდევ 400 ქართული გვერდი. ამ გვერდების დამატება უახლოეს დღეებში მოხდება და ეს ფეისბუქის ქართული გვერდების რეიტინგს რეალობასთან უფრო მიახლოებულს გახდის.
ამჟამად LeavingStone-ის რეიტინგი ზუსტი და სრულყოფილი არ არის, რადგან ასეულში შესული არ არის ბევრი ქართული გვერდი, რომელიც სპეციალურად შექმნილმა პროგრამამ პირველ ჯერზე ვერ აღმოაჩინა.
LeavingStone-ის წარმომადგენლის თქმით, რეიტინგის განახლების შემდეგ ფეისბუქის ყველა ქართული გვერდი დალაგდება კატეგორიისა და შინაარსის მიხედვით. გარდა ამისა, იგეგმება ფეისბუქის ქართული კონტენტის დეტალური ანალიზი. შეისწავლიან ფეისბუქის ქართველი მომხმარებლის ქცევებს, რა ასაკის ადამიანები აქტიურობენ, დროის რა მონაკვეთში უფრო აქტიურობენ, რა იწვევს მათ გააქტიურებას ან აქტივობის შენელებას. ასევე, რამ გამოიწვია ამა თუ იმ გვერდის რეიტინგის ზრდა და ა.შ.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის სისტემის სრულყოფაზე მუშაობენ და აღნიშნული საქმისგან შემოსავლის მიღებაზე ჯერ არ ფიქრობენ. კომპანია ამჟამად სხვადასხვა ფირმების ბრენდინგით და ინტერნეტ მარკეტინგით არის დაკავებული.