ტექნოლოგიები

ამერიკის პრეზიდენტის სარეზერვო სტრატეგია – IT კომპანიები

19 თებერვალი, 2011 • • 1207
ამერიკის პრეზიდენტის სარეზერვო სტრატეგია – IT კომპანიები

Facebook, Apple, Google და სხვა IT კომპანიებს ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას სთავაზობს. ობამა ნიადაგს იმზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ კი მის მიერ შეთავაზებული სოციალური პაკეტებისთვის თანხის გამოყოფაზე კონგრესი უარს იტყვის.

ობამა IT კომპანიების თავკაცებს კალიფორნიის შტატში, ერთ-ერთი ბიზნესმენის კრძო სახლში, შეხვდა. პრივატულ აუდიენციაზე მედია არ დაუშვიათ. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განმარტა, დახურულ კარს მიღმა კომპანიების მიერ პრეზიდენტის ინიცირებული პროექტების თანადაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს.

შეერთებული შტატების პირველი პირის გეგმაში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტირებაა განათლებაში, განახლებადი ენერგიის სფეროს განვითარებაში, მაღალსიჩქარიან ინტერნეტში. ასევე სურს  უახლოეს 5 წელიწადში ექსპორტის გაორმაგება და რამდენიმე მილიონი ამერიკელისთვის სამუშაო ადგილის შექმნა. სხვათა შორის, შტატებში უმუშევრობის დონე 9 პროცენტს აღწევს.

ზემოაღნიშნული შეხვედრის დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია იმ ადამიანთა სია, რომლებსაც  ამერიკის პრეზიდენტი ფინანსებს სთხოვს. მათ შორის არიან: Facebook-ის შემქმნელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკენბერგი, Google-ს აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი, Apple-ს შემქმნელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი, Yahoo-ს შეფი ქეროლ ბარტზი, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი დიკ კოსტოლო და იყო ასევე სტენფორდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯონ ჰენსონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი