ტექნოლოგიები

სოციალური მედია დევნილების მხარდასაჭერად

27 იანვარი, 2011 • • 1421
სოციალური მედია დევნილების მხარდასაჭერად

ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან
ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან

სოციალური მედიის აქტივისტები და ბლოგერები 29 იავრიდან დევნილთა მხარდამჭერ კამპანიას იწყებენ. ისინი ღამის გათენებას მორიგეობით აპირებენ  იმ დევნილებთან, რომლებიც ლტოლოვილთა და განსახლების სამინისტროს წინ გაშლილ კარვებში, თბილისში, უკვე 4 თვეზე მეტია ცხოვრობენ. ეს დევნილები საქართველოს ხელისუფლებამ დედაქალაქში არსებული კომპაქტური ჩასახლებებიდან 2010 წლის ზაფხულში გამოასახლა. მათ ალტერნატიული ფართები საქართველოს რეგიონებში შესთავაზეს, თუმცა იქ არსებული საცხოვრებელი პირობები და გარემო დევნილთათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ერთმა დევნილმა, ნანა ფიფიამ, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ადეკვატურ საცხოვრებელ ფართს ითხოვდა, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ფეისბუქზე უკვე გახსნილია ჯგუფი ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან. ჯგუფის გახსნიდან რამდენიმე წუთში იქ უკვე გაწევრიანდა 60-მდე ადამიანი. რამდენიმე მათგანმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და კარავში ღამის გასათევად მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

„რამდენიმე თვეა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან 18 დევნილი ღამეს კარვებში ათევს. სამინისტრო კი ყურსაც არ იბერტყავს, რომ მათ პრობლემებს მიხედონ. ჩვენ ვართ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ეზარებათ და შეუძლიათ, რომ ირგვლივ არსებული პრობლემები გადახარშონ და იბრძოლონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მე მაქვს იდეა, რომ ჩვენ დავრჩეთ ხოლმე ამ დევნილებთან მინიმუმ 2-3 კაცი ღამეში და აქედან ერთი ადამიანი ან ბლოგზე პოსტს დაწერს ღამის შესახებ, ან კიდევ ფეისბუქზე ჩანაწერს გააკეთებს,“-წერს ფეისბუქზე ინიციატივის ავტორი ბესიკ ლიპარტელიანი.

ინიციატივის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ბლოგერმა დავით ჩიხლაძემ  ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დევნილებთან ერთად კარავში ღამის გათენება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ პირველ რიგში მხარი დაუჭირონ მათ და მათი გასაჭირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ  ხელი.

„ღამის გათევა ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი წამოწყებისა. მთავარია, რომ ადამიანებმა ვინც იქ დარჩებიან, უნდა აღწერონ სიტუაცია, რადგან ტელევიზია და პრესა დუმს, ხალხს კი საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. მოქალაქე ჟურნალისტები ამ დროს სოციალური მედიის საშუალებით ვაპირებთ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს. მიგვაჩნია, რომ მათ უნდა იცოდნენ საკუთარი თანამოქალაქეების გასაჭირის შესახებ. ღამის გათევა დაგვეხმარება, რომ მათთან(დევნილებთან) ერთად გავიზიაროთ ის ყველაფერი, რის გამოც ეს ადამიანები ამდენი ხანია გარეთ დგანან. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით შემდგარი ჯგუფი. ჩვენ ვართ უბრალოდ მოქალაქეები, რომლებსაც სხვა თანამოქალაქეების ბედი აწუხებთ და მხოლოდ სოლიდარობის გრძნობა ამოძრავებთ,“-გვითხრა დავით ჩიხლაძემ.

დევნილთა მასობრივი გამოსახლება თბილისში 2011 წლის 19 იანავრს დაიწყო. ხელისუფლების ინფორამაციით, მიმდინარე წელს დევნილებს 25 კომპაქტური დასახლებიდან გამოასახლებენ. მათ ალტერნატიულ ფართებს რეგიონებში სთავაზობენ. იძულებით გადაადგილებული პირები შეთავაზებით უკმაყოფილონი არიან.  

მასალების გადაბეჭდვის წესი