ტექნოლოგიები

კომპიუტერულ თამაშებში ჟურნალისტებს შორის პირველი ტურნირი ჩატარდა

26 იანვარი, 2011 • • 2258
კომპიუტერულ თამაშებში ჟურნალისტებს შორის პირველი ტურნირი ჩატარდა
PES 2011-ის გამარჯვებული საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი გახდა. რატი ხვისტანმა ფინალურ ორთაბრძოლაში იმედის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ლაშა ხარაზიშვილს მოუგო. „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალმა“ კატალონიური „ბარსელონა“ 3–2 დაამარცხა. მესამე ადგილოსანი „რადიოქალაქის“ სპორტული გამოშვების წამყვანი ბექა ბაციკაძე გახდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან ტელეიმედის წრამომადგენელი ზურა ხვისტანი დაამარცხა. ორივენი „რეალით“ ასპარეზობდნენ.
ტურნირში, სადაც 9 ჟურნალისტი მონაწილეობდა, ძმები ხვისტანები გამორჩეულნი იყვნენ. როგორც გაირკვა, ისინი ერთმანეთთან თამაშით ძალიან გაწაფულან. „გეიმერ“ ძმასთან ხშირმა შეჯიბრმა დადებითი „დაღი“ დაასვა ბექა ბაციკაძესაც – A ქვეჯგუფი ისე გაირა, რომ ყველა მატჩი მოიგო. ის და ტურნირის გამარჯვებული ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. მათთან ერთად ასპარეზობდნენ საზოგადოებრივი არხის წარმომადგენელი მერაბ სიმონიშვილი, ტელე „იმედიდან“ ირაკლი გვარამაძე და  გივი კაშია.
B ჯგუფი:
ზურა ხვისტანი, ლაშა ხარაზიშვილი – ორივე ტელე „იმედი“, ზაზა ჭითანავა რადიო „იმედი“ და საზოგადოებრივი არხიდან აკაკი რეხვიაშვილი.
კომპიუტერულ თამაშში – PES 2011 პირველი მედია ტურნირის ორგანიზატორი ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი და netgazeti.ge-ს სპეციალური ჩანართია. ტურნირის ოფიციალური პარტნიორი იტალიური რესტორანი PIANO იყო. მასპინძელ, სათამაშო კლუბ „ციტადელისთვის“ კი შეჯიბრი პირველი არ ყოფილა. როგორც კლუბის მფლობელი რეზო მოციქულაშვილი აღნიშნავს, „ციტადელში“, PES 2011–ის გარდა, ხშირად იმართება ტურნირები სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებში.
რაც შეხება პრიზებს – პირველ ადგილოსანს, მეგობართან ერთად, იტალიური რესტორანი PIANO უმასპინძლებს. სათამაშო კლუბმა „ციტადელმა“ კი გამარჯვებულს PES 2011–ის მოთამაშესათვის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი – ჯოისტიკი უსახსოვრა. მეორე პოზიციაზე გასულს ეგრეთ წოდებული „გეიმერის“ კლავიატურა გადაეცა. მესამე ადგილოსანმა კი ამ სათამაშო კლუბის VIP ოთხში ხუთი საათი უფასოდ თამაშის უფლება მოიპოვა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი